ახალი ამბები

მარიხუანის დათესვისთვის ქუთაისელ დიაკვანს 2000 ლარი გირაო შეეფარდა

2 თებერვალი, 2017 • 10895
მარიხუანის დათესვისთვის ქუთაისელ დიაკვანს 2000 ლარი გირაო შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართომ მარიხუანის დათესვისთვის დიაკვან გიორგი ჯახუას 2000 ლარი გირაო შეეფარდა, ხოლო შემდეგი სხდომა 2 მარტს ჩაინიშნა.

გიორგი ჯახუამ გუშინ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისი სახლიდან ამოღებული კანაფი 400 გრამს იწონიდა. დიაკვანის თქმით, დიდი ოდენობა იმიტომაა, რომ მცენარე თავის ფესვებიანად და ტოტებიანად აწონეს: “ფოთოლი რომ ჩამოეკრიბათ, გამომშრალი 50 გრამამდე იქნებოდა”.

ჯახუა მიიჩნევს, რომ კანაფის დათესვა კი არა, კანაფის აკრძალვაა დანაშაული:

“მძიმედ ავად ვარ. ექიმთან მისვლის საშუალებაც არ მქონდა ბევრჯერ. ისეთ ძვირიან წამლებს მინიშნავდნენ, რომ წამლის ფული კი არა, საჭმლის ფული მიჭირს ზოგჯერ. სამედიცინო განათლება მაქვს და სამკურნალო ბალახებთან მქონდა შეხება. რაც ჩემს დაავადებას ერგებოდა და რაც ხელმისაწვდომი იყო, იმას ვიყენებდი,” – ამბობს დიაკვანი.

გიორგი ჯახუა ამბობს, რომ C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და პანკრიატიტი აქვს. შესაბამისად, თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და დიაკვანი შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ მძიმედ ავადაა,  შესაძლოა, სასჯელი ან გადაუვადდეს, ან საერთოდ მოეხსნას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ გიორგი ჯახუას საქმე საბოლოოდ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირდა, ხოლო ამ მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ექვსიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება.


ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანის კულტივირებისთვის განსაზღვრული სასჯელის არაკონსტიტუციურობაზე სარჩელს განიხილავს.  “თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ საკონსტიტუციოს სასამართლოში შეიტანა სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კერძოდ, მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის დაწესებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კონსტიტუციასთან შეუსაბამობამობისთვის.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა სადავოდ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მცენარე კანაფის უკანონო დათესვისა და მოყვანისთვის. კერძოდ, 265-ე მუხლი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის, მე-2 ნაწილთან მიმართებაში – (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება),”- აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი