საზოგადოება

თანამედროვეობისთვის შეუსაბამო ნარკოპოლიტიკა მეტ სიკვდილს მოიტანს – ნარკოლოგები

8 თებერვალი, 2024 • 1666
თანამედროვეობისთვის შეუსაბამო ნარკოპოლიტიკა მეტ სიკვდილს მოიტანს – ნარკოლოგები

ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ცნობებმა, რომ  კლუბური ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ახალგაზრდები დაიღუპნენ, გააძლიერა საზოგადოებრივი დისკუსია კლუბების ბრალეულობაზე. თუმცა ნარკოლოგები, მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციები და კლუბების წარმომადგენლები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ერთხმად ამბობენ, რომ საუბარი კლუბების მხრიდან ბრალეულობაზე რეალობას არის აცდენილი.

რა მოხდა 

28 იანვრიდან ზედიზედ ორი კვირის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ახალგაზრდები დაიღუპნენ თბილისში. 27 იანვრის ღამეს გარდაცვლილი 19 წლის ელენეს საქმეზე საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს. არ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია მომდევნო კვირას კიდევ ერთი ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ. 

თუმცა, როგორც დადასტურებული ინფორმაცია, ისე დაუდასტურებელი ჭორი გარდაცვალებისა და რამდენიმე ახალგაზრდის რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრის შესახეb საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი გახდა.

“ნამდვილი ჯოჯოხეთია ეს კლუბები, უნდა დაიხუროს”

“კლუბებში ახალგაზრდებს კლავენ და ამაზე არავინ ხმას არ იღებს”

“წახდა ქართველი ახალგაზრდობა!”

მსგავსი შინაარსის რეპლიკებს ხშირად მოისმენთ და ხშირად წაიკითხავთ. სასულიერო პირები კლუბ “ბასიანთან” შეკრებას და პარაკლისის გადახდას აანონსებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას კლუბების დახურვისკენ.

რა და რატომ  ხდება სინამდვილეში? რამდენად სწორადაა შერჩეული მიმდინარე დისკუსიებში ადრესატები? არის თუ არა  მზად ქართული სახელმწიფო და საზოგადოება იმ მზარდი რისკებისთვის, რაც პროფესიონალების შეფასებით, წინ ელის საქართველოს? როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რა პასუხისმგებლობა შეიძლება აიღონ კლუბებმა? ამ კითხვებით ნარკოლოგებს, მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციებისა და კლუბების წარმომადგენლებს მივმართეთ. 

ყველა ჩვენი რესპონდენტი ერთსულოვნად თანხმდება, რომ საუბარი კლუბების მხრიდან ბრალეულობაზე რეალობას არის აცდენილი. მათი შეფასებით, მთავარი პრობლემა არასწორი, თანამედროვეობისთვის და არსებული გამოწვევებისთვის შეუსაბამო ნარკოპოლიტიკაა და, შესაბამისად, გამოსავალიც ადეკვატური ნარკოპოლიტიკის წარმოებაშია.

“დახურავ კლუბს და შეიკრიბებიან სადმე სხვაგან”

“დახურავ კლუბს და შეიკრიბებიან სადმე სხვაგან, კერძო ბინაში, მაგალითად, იქირავებენ სახლს, რამე ფართს და ეს ყველაფერი იქ მოხდება. ამ ნივთიერებების მოხმარება მხოლოდ კლუბურ და საფესტივალო გარემოში არ ხდება”, – გვეუბნება საქართველოს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრი, ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი.

ნარკოლოგები ამბობენ, რომ ძალიან მწირი, ფრაგმენტული ინფორმაცია გვაქვს, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებას, რა ტიპის და რა ნივთიერებები ტრიალებს ქვეყანაში. სრულიად შეუსწავლელია შავი ბაზარი, სადაც ხალხი ნარკოტიკულ საშუალებებს იძენს.  ცალკეული კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებელს ნარკოტიკული საშუალება უკვე ნაყიდი აქვს, შესაძლოა უკვე მიღებულიც და ისე შედის კლუბის ტერიტორიაზე. ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტესტირებებით კი დასტურდება, რომ ე.წ. კლუბური ნარკოტიკები ბოლო დროს ხშირადაა დაბინძურებული, შეიცავს დანამატებს, მათ შორის ფენტანილს.

“ამას აკეთებენ იმიტომ, რომ გააძლიერონ ნარკოტიკის ეფექტი და შემდეგ მომხმარებელმა კვლავ მიმართოს იმავე დილერს ნარკოტიკის შესაძენად. პირდაპირი კომერციული ინტერესი აქვს იმას, ვინც ფენტანილს უმატებს. როგორც წესი, თავად მომხმარებელს არ აქვს ინფორმაცია, რომ ნივთიერებას, რომელსაც მოიხმარს, ფენტანილი აქვს დამატებული. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დოზის გადაჭარბება ხდება”, – გვეუბნება დავით ოთიაშვილი.

ფენტანილი დღეს არსებული და ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სინთეტიკური ოპიოიდია, რომლის გამოყენების შემთხვევაში ძალიან მაღალია სიკვდილის დადგომის რისკი. ის 50-100-ჯერ უფრო ძლიერი მოქმედებისაა, ვიდრე იმავე მასის მორფინი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძირითადად ფენტანილმა და მასთან ერთად სხვა ოპიოიდებმა ქვეყნის ისტორიის მანძილზე ყველაზე მწვავე კრიზისი შექმნა, რაც ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. ფენტანილის მთავარ “საბადოდ” და გავრცელების წყაროდ ჩინეთი და მექსიკა ითვლება.

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საუბრობს იმის შესახებ, რომ მსგავს ვითარებაში სრულიად უმოქმედო და უუნაროა მოქმედი ნარკოპოლიტიკა.

“სისტემატიზაციის არავითარი ნიშანი ჩვენთან არ შეინიშნება, არც შავი ბაზრის შესწავლა ხდება, რა ნარკოტიკია, რა მოთხოვნაა, რა მიწოდებაა, რა რაოდენობა ტრიალებს. ბევრი უცნობი ნარკოტიკია შავ ბაზარზე, უცნობი შემადგენლობით. არ გვაქვს სპეციალიზებული განყოფილებები, სადაც შესაძლებელი იქნება ამ პაციენტების მოთავსება და კვლევა, რა ტიპის ნარკოტიკთან გვაქვს საქმე. პრობლემა ფაქტობრივად შიშველია. გარდაცვალების შემთხვევაშიც კი არ ვიცით ხშირად, რა ნარკოტიკითა და რა შემადგენლობით გარდაიცვალა ადამიანი, რადგან რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ოჯახს ურჩევნია, რომ მიზეზები საჯარო არ გახდეს. ეს ყველაფერი ჭორების, მითქმა-მოთქმის საგანი ხდება. აი, იქ, კლუბში რაღაცა მიიღო და გარდაიცვალა. ჩვენ არ ვიცით, იყო კი გარდაცვალების მიზეზი ცალსახად ნარკოტიკი? ექსპერტიზის დასკვნა იქნება ორი თვის შემდეგ და ორი თვის მერე ეს ამბავი აღარც არავის ემახსოვრება”, – ეუბნება ნეტგაზეთს ზურა სიხარულიძე.

ნარკოლოგები საუბრობენ იმის შესახებ, რომ სწორად წარმართული ნარკოპოლიტიკა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია, ქვეყნის კეთილდღეობის, კრიმინალის ნაკლებობის, სწორად წარმართულ ნარკოპოლიტიკას ეს მოაქვს.

“ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე რომ საუბრობს ვიღაც, ეს არის სრული მოწყვეტა რეალობისგან. რა უნდა გამკაცრდეს მეტი? ამაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა რაღა უნდა გვქონდეს, ახლა რომ გვაქვს. ოღონდ ეს სიმკაცრე რეალურად მომხმარებელს ატყდება თავს”, – ამბობს ზურა სიხარულიძე.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა 5 თებერვალს, პარლამენტში მოსმენებისას აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მომხრე არ არის, პრობლემა საერთაშორისო მასშტაბისაა და კომპლექსური ღონისძიებების გატარებას საჭიროებს არამხოლოდ შსს-ს მხრიდან.

ნარკოპოლიტიკის გამოწვევები

არაადეკვატურ ნარკოპოლიტიკაზე საუბრით იწყებს ჩვენთან მსჯელობას თემო ხატიაშვილი, სათემო ორგანიზაცია “მანდალას” ხელმძღვანელი.

“მიზეზი, რატომაც მსგავსი შემთხვევები ხდება ქვეყანაში, ისაა, რომ ნარკოპოლიტიკა მომხმარებლის დასჯაზეა ორიენტირებული და მსგავსი ნარკოპოლიტიკის პირობებში არ კონტროლდება შავი ბაზარი”, – ამბობს ხატიაშვილი.

“მანდალა” აერთიანებს ნარკოტიკების მოხმარების გამოცდილების მქონე ადამიანებს. ორგანიზაციის მიზანია  შეცვალონ მომხმარებელი ადამიანების ყოველდღიურობა ზიანის შემცირების სერვისების განვითარების, სტიგმის დაძლევისა და სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ცვლილების გზით.

“მანდალა” უფასოდ და ანონიმურად უწევს მომსახურებას მსურველებს. აკეთებს ნარკოტიკული საშუალებების სწრაფ ტესტირებას, რამაც მასში დაბინძურების კვალი უნდა შენიშნოს. გასცემს ზედოზირების მართვის ნაკრებს, ნალოქსონის (ნარკანის) სახით, რომელიც მყისიერი ანტიდოტია ოპიოიდებით, მათ შორის, ფენტანილით ზედოზირების შემთხვევაში და, როგორც ხატიაშვილი გვეუბნება, ფაქტობრივად 100-დან 100 შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა დროული ჩარევისას. თუმცა ორგანიზაციის რესურსი შეზღუდულია.

“მოდის ხოლმე ჩემს ყურამდე, რომ არაერთი ადამიანი შეიწირა ფენტანილმა და ბევრი კიდევ გადაურჩა. მოიმატებს ეს შემთხვევები. ჯერ ისეთი მასშტაბით მართლა არ არის, როგორც სხვა ქვეყნებში. რამდენს გასწვდება ჩვენი ორგანიზაცია და რომც გავწვდეთ, ჩვენი პასუხი ვერ იქნება ისეთი სრული, საფუძვლიანი, ოპერატიული და ეფექტური, როგორიც საჭიროა, როცა არ გვაქვს არც საკანონმდებლო ხელშეწყობა და არც გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან არის სათანადო მზაობა. არ შეიძლება, რომ მომხმარებელი ორი და ხუთი დოზის გამო ციხეში ხვდებოდეს. ერთი კონკრეტული მოსამართლე ერთ საქმეზე მიიღებს რბილ გადაწყვეტილებას, მეორე მოსამართლე სხვა საქმეზე ისევ რეპრესიულ ზომებს მიმართავს. ვიღაცის გემოვნებაზე დადის საკითხი. მინიმუმ, ჩემთან მომავალ ადამიანს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოაქვს გასატესტად, არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ გზაში პოლიცია დაიჭერს. სანამ ასეთ გარემოში ვცხოვრობთ, სანამ მომხმარებელი დევნის ობიექტია, ყოველთვის იქნება ეს ფატალური შემთხვევები”, – გვეუბნება ხატიაშვილი.

ნარკოლოგ ზურა სიხარულიძის აზრით, აკრძალვა და დახურვა პრობლემას ვერ აგვარებს და ვერც მოაგვარებს, რადგანაც ისევ შიშველი და ხელშეუხებელი რჩება პრობლემა, მოთხოვნა.

“ნებისმიერი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა იწვევს უარეს შედეგს და შავი ბაზრის გააქტიურებას. ნარკოტიკის მიწოდება გახდა ბევრად ადვილი, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ. გაჩნდა ინტერნეტი, გაჩნდა გადარიცხვა კრიპტოვალუტით, გაჩნდა ადგილმდებარეობები, რომლებიც გაურკვეველ ადგილზეა და ვერავინ მიაგნებს მის გარდა, ვინც დადო და ვისაც გაუგზავნა. შეიძლება შემოვიდეს ჩვეულებრივი ნივთიერებები ძალიან დიდი რაოდენობით და აქვე დამზადდეს ნარკოტიკი. ჩვენ ამ მომენტში დავდევთ მცირე რაოდენობით დილერებს. შსს-ს ხელში ხვდებიან ის გამსაღებლები, რომლებიც უბრალოდ ავრცელებენ, მაგრამ სად არის ამათი თავი და ვინ არის, არავინ იცის. თავად შავი ბაზრის სტრუქტურა, სქემა შეიცვალა და ამას აყოლა სჭირდება, ყველა მხრივ, საბაჟოზე კონტროლის, მკურნალობის. რამდენად მზად ვართ ამისთვის?” – ამბობს ზურა სიხარულიძე.

როგორც ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი გვეუბნება, როდესაც წამალმოხმარების პრობლემაზე ვსაუბრობთ, კლუბურ გარემოში თუ მის მიღმა, საპასუხო ზომებიდან პრევენცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია.

“მოკლედ რომ ვთქვათ, არ კეთდება არაფერი. ახალგაზრდა, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, მაინც აღმოჩნდება რაღაც ისეთ გარემოებაში, სადაც გადაწყვეტს, რომ გასინჯოს ნარკოტიკული საშუალება. მას არ აქვს არანაირი ინფორმაცია, რა რისკებთან შეიძლება იყოს ეს მოხმარება დაკავშირებული. არ ვგულისხმობ აქ ისეთ კამპანიებსა და მესიჯებს, რომელიც ჟღერს, როგორც “არ გასინჯო, თორემ მოკვდები”. ნაკლებად მუშაობს ეს. საუბარი არის ობიექტურ ინფორმაციაზე ყველა ნივთიერების  რისკებთან და განსაკუთრებით იმ ეფექტებთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე ნივთიერების ერთად მოხმარებას მოჰყვება. აქ სახელმწიფოს როლი უნდა იყოს გადამწყვეტი. მე ვერ შევალ 2500 საჯარო სკოლაში და ვერ დავიწყებ სისტემურ განათლებას – ეს უნდა იყოს ინსტიტუციონალიზებული, უნდა იჯდეს სასწავლო პროგრამაში ცოდნა და მიდგომა, რომლის ეფექტურობა და შედეგიანობა იქნება დადასტურებული სანდო კვლევებით. ეს სისტემა არის განუვითარებელი და ეს არის სახელმწიფოს დანაშაული”, – ამბობს ოთიაშვილი.

ნარკოლოგები ნეტგაზეთს უყვებიან, რომ მრავალი წელია, ცდილობენ სახელმწიფოს წახალისებას პრევენციული პროგრამების დასანერგად, მაგრამ აქამდე არაფერი გამოსდით. სახელმწიფოსგან, სადაც ამ მიმართულებით წამყვანი პოზიცია შსს-სა და პროკურატურას უკავიათ, პასუხად იღებენ, რომ კანონმდებლობის შემსუბუქება ნარკოტიკის მოხმარების აფეთქებას გამოიწვევს. 

 “ეს არის დაუსაბუთებელი ფსევდოარგუმენტები და ატრიალებენ ყველა ხელისუფლების პირობებში. არცერთ ქვეყანაში, სადაც რეფორმები გატარდა ადეკვატურად, კომპლექსურად, ეს არ მომხდარა. ცხადია, არც არავინ ითხოვს მხოლოდ კანონმდებლობის შემსუბუქებას. ამასთან ერთად, იმ ადამიანებს, ვისაც აღარ დავიჭერთ, უნდა შევთავაზოთ სხვა სერვისები და ზრუნვა. ის ადამიანები პრობლემებით არიან დახუნძლული და მათი გამოკეტვის ნაცვლად, უნდა ვიზრუნოთ მხარდაჭერაზე. მაგრამ სახელმწიფო უწყებებში ადამიანები იცვლებიან, ვიღაცა მოდის, ვიღაცა მიდის, ერთთან რომ რამეს მიაღწევ, მოდის მეორე და გიწევს ყველაფრის თავიდან ახსნა. როგორც ჩანს, ვურღვევთ კომფორტულ რუტინას, რომელსაც მიეჩვივნენ და თავის ტკივილი ვართ ერთგვარი. არავინ ჩქარობს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და რადიკალური ცვლილებების ინიცირება მოახდინოს თავის უწყებაში. მე ჯერ არ მინახავს გუნდი, რომელიც ამას მართლა გააცნობიერებდა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა”, – ამბობს ოთიაშვილი.

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საუბრობს ასევე იმის შესახებ, რომ გარდაუვალი მნიშვნელობა აქვს ფსიქიატრებისა და ნარკოლოგების ერთობლივ მუშაობას.

“ზედოზირების გარდა, ამ პრეპარატებს ახასიათებს მძიმე ფსიქიკური აშლილობები, რაც არ არის მხოლოდ ფსიქიატრების კომპეტენცია. ნარკოლოგები ვერ ხედავენ ფსიქიატრების პაციენტებს და ფსიქიატრები ნარკოლოგების პაციენტებს. უნდა კომბინირდეს ეს ორი დარგი ამ პრობლემასთან მიმართებით. უნდა გადამზადდნენ სპეციალისტები. ყველა დიდ კლინიკაში უნდა იყოს ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიები, სადაც დადგინდება, რა ნივთიერებებს შეიცავს ესა თუ ის ნარკოტიკი”, – ამბობს სიხარულიძე.

როგორ უნდა იმოქმედონ კლუბებმა და საზოგადოების რიგითმა წევრებმა?

როგორც ნარკოლოგები, ისე სათემო ორგანიზაციებისა და კლუბების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ყველაზე რთული კატეგორია, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც სწორედაც რომ არ არიან ნარკოტიკზე დამოკიდებული. მათ არ გააჩნიათ ნივთიერებებისადმი ტოლერანტობა. ნარკოტიკული საშუალებების ერთჯერადი, შემთხვევითი შეძენისას აქვთ რწმენა, რომ ნივთიერება, რასაც ყიდულობენ და იღებენ, სუფთაა და უსაფრთხო. არ აქვთ ინფორმაცია და წვდომა სათემო სერვისებზე.

“მეტნაკლებად უსაფრთხო ნარკოტიკზე იმ შემთხვევაში შეიძლება საუბარი, როცა დილერი, რომელიც მას ყიდის, პატიოსანია, ნარკოტიკს ტესტირება აქვს გავლილი და ზუსტად ვიცით, რომ არ არის დაბინძურებული და არ არის მასში დანამატები”, – გვეუბნება ზურა სიხარულიძე.

ამ მოსაზრებას იზიარებს ქეთა გაბუნიაც, “მტკვარზე” კლუბის დამფუძნებელი.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, კლუბებმა, გავითვალისწინოთ ერთი რამ: პანდემიის მერე, რაც დიდი წყვეტა იყო საკლუბო ცხოვრებისთვის, გამოვიდა ახალი თაობა. მაშინდელი თინეიჯერები უკვე სრულწლოვანები არიან, იზოლაციიდან გამოსულმა ამ ახალგაზრდებმა არ იციან ბევრი რამ, მათთვის თავიდან არის ის ინფორმაციაც მისაწოდებელი, რაც მანამდე და მათზე უფროსებმა ვიცოდით”, – გვეუბნება ქეთა გაბუნია.

“ბასიანმა” 27 იანვარს გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, 50-ზე მეტი წევრისგან შემდგარი გუნდი ჰყავთ, რომელიც ფლობს პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის, სარისკო ქცევების პრევენციისთვის საჭირო უნარებს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ადგილზევე გაეწია ახალგაზრდას პირველადი დახმარება და სასწრაფომაც მოკლე დროში გადაიყვანა იგი კლინიკაში, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნარკოლოგები ამბობენ, რომ ადამიანები კლუბებს არ სტუმრობენ ნარკოტიკების იქ შეძენის იმედით და, როგორც წესი, ამ ნივთიერებებს უკვე ფლობენ. თუმცა კლუბებს შეუძლიათ და უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მათი გარემო მეტად უსაფრთხო გახდეს კლუბის სტუმრებისთვის. პერსონალმა უნდა შეძლოს პრობლემების ამოცნობა, პირველადი დახმარების გაწევა შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე. სასურველია კლუბების ტერიტორიაზევე არსებობდეს კუთხე, სადაც შესაძლებელი იქნება ნარკოტიკული საშუალების მიღებამდე მისი სწრაფი ტესტირება და დადგენა, რამდენად შეიცავს განსაკუთრებით სახიფათო ნივთიერებების კვალს. კლუბები ასევე უნდა ფლობდნენ ნალოქსონის (ნარკანი) მარაგს, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, უსწრაფესი საშუალებაა ოპიოიდებით ზედოზირების შემთხვევებთან გასამკლავებლად.

ბევრი წელი ვცდილობდით და ვარწმუნებდით ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ნარკანი ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ბოლოს მხოლოდ შუალედურ გამოსავალს მივაღწიეთ, რომ მისაწვდომია იმ პროგრამებში, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლებს ემსახურება. მაგრამ ახალგაზრდა, რომელიც არ არის რეგულარული მომხმარებელი და არ აქვს შეხება ამ სერვისებთან, აფთიაქში მას ვერ იყიდის.  ამ სპეციალურ პროგრამებზე ინფორმაცია არც ექნება, იმიტომ, რომ არ სჭირდება. ვსაუბრობთ ჩვეულებრივ, სოციალურად ადაპტირებულ ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე”, – გვეუბნება დავით ოთიაშვილი.

თემო ხატიაშვილი, რომლის ორგანიზაცია “მანდალა” გასცემს ნარკანს, ამბობს, რომ კლუბებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. მათი მხრიდან მზაობა თანამშრომლობისთვის და სამომავლოდ განსაკუთრებული ზომების მისაღებად ყოველთვის არის, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ერთიანი სტრატეგიის, სახელმწიფოს დახმარების და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით ერთიანი სტანდარტის შემუშავების გარეშე, მზარდი რისკების პირობებში, პრობლემასთან ბრძოლა მეტად გაჭირდება.

ქეთა გაბუნია, “მტკვარზე” კლუბის დამფუძნებელი გვიყვება, რომ კლუბი სისტემატურად თანამშრომლობს “მანდალასთან” და ჰყავს რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ამონიტორინგებს კლუბის ტერიტორიას, რათა დროულად აღმოაჩინონ ადამიანი, რომელიც შესაძლოა, ამა თუ იმ მიზეზით, თავს ცუდად გრძნობდეს. მისი თქმით, ყოველთვის ცდილობენ, რომ მათთან მისულ სტუმრებს შორისაც ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ. გაბუნია ამბობს, რომ რამდენადაც მათი კლუბი მცირე ზომისაა, ამის მოხერხება შედარებით უფრო იოლია. კლუბს თავადვე აქვს ნარკანის მარაგიც. გაბუნია ამბობს, რომ საბედნიეროდ, მისი გამოყენება აქამდე ჯერ არ დასჭირვებიათ.

“ზოგადად ფონია ქვეყანაში ძალიან შეცვლილი. ყველგან ტრიალებს არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის თემა. თბილისიდან 20 კილომეტრში ვცხოვრობ. საღამო რომ მოვა, ახალგაზრდების ერთადერთი გასართობი ლუდის მაღაზიები, გაუგებარი წარმოშობის მოსაწევისა და სხვა საშუალებების მოხმარებაა. ეს არ არის მხოლოდ თბილისის პრობლემა საქართველოში, მხოლოდ პრივილეგირებული ახალგაზრდობის, რომელთაც გართობა უნდათ და რაღაცას ვერ ზომავენ. ეს ძალიან დიდი სოციალური პრობლემაა. ჩემი მხრივ ვგეგმავ, რომ სასწრაფოდ გავაკეთოთ ტრენინგი თანამშრომლებისთვის, რომელშიც “მანდალა” იქნება ჩართული. სრული პერსონალი, მოლარიდან დაწყებული ბარმენით დამთავრებული, სრულად გადამზადდება, ეცოდინებათ, როგორ ამოიცნონ პრობლემა და როგორ იმოქმედონ შესაბამისად. სასწრაფოს დაუყოვნებლივ ვიძახებთ, არასდროს ყოფილა, შეგვეკავებინა თავი და იმის შეგვშინებოდა, რომ პატრული მოჰყვებოდა. გამოუძახებლობას შეიძლება უარესი მოჰყვეს და როცა ადამიანის სიცოცხლე შეიძლება საფრთხეში იყოს, მანდ პოლიციის შიშის დრო არ არის. მით უმეტეს, რომ დღეს ასე აღარ ხდება”, – გვეუბნება ქეთა გაბუნია.

უახლოეს დღეებში კლუბი  “მტკვარზე” დამატებით გეგმავს, რომ როგორც სოციალურ ქსელებში, ისე კლუბის ტერიტორიაზე სრული სამოქმედო გეგმა შესთავაზოს ადამიანებს, როგორ მოიქცნენ საკუთარი და გვერდით მყოფი ადამიანის უსაფრთხოებისთვის.

“უნდა მივიტანოთ ინფორმაცია ადამიანებამდე, ჩვენთან მოსვლამდეც კი როგორ მოიქცნენ, რა ვიტამინები მიიღონ, რა ჭამონ, თუნდაც მხოლოდ ალკოჰოლის მოხმარების გამო რომ არ ჰქონდეთ ინტოქსიკაცია, დეჰიდრატაცია და ის პრობლემები, რასაც ცალკე ალკოჰოლიც იწვევს ნარკოტიკების თანხლების გარეშე. არ იციან ხშირად ადამიანებმა საკუთარი ანამნეზი. ზოგჯერ აქვთ ისეთი მდგომარეობა, რომლის ფონზეც რაღაცების გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება. ვფიქრობ “მანდალასთან” თანამშრომლობას იმ თვალსაზრისითაც, რომ მეტად ხდებოდეს ნარკოტიკული ნივთიერებების ტესტირება. ზიანის შემცირება ამის გარეშე შეუძლებელია”, – გვეუბნება ქეთა გაბუნია.

ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ამოვიცნოთ ზედოზირება და როგორი რეაგირება გვქონდეს, იხილეთ აქ:

ზედოზირება: ამოცნობა და რეაგირება

მასალების გადაბეჭდვის წესი