ახალი ამბები

ნარკოპოლიტიკის გამკაცრება არ მიმაჩნია სწორად – გომელაური

5 თებერვალი, 2024 • 1183
ნარკოპოლიტიკის გამკაცრება არ მიმაჩნია სწორად – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ეხმაურება, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით ზედოზირების შედეგად ახალგაზრდის გარდაცვალებას და ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მომხრე არ არის, პრობლემა საერთაშორისო მასშტაბისაა და კომპლექსური ღონისძიებების გატარებას საჭიროებს, არამხოლოდ შსს-ს მხრიდან.

“ძალიან ცუდი ფაქტია. არ არის ეს იშვიათი, 30-40-ის ფარგლებში მერყეობს [საქართველოში] ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრობლემა აღმოვფხვრათ. ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები ძალიან მაღალი გვქონდა. 2023-ში 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე. 70, 20, 30 დაკავება იყო წინა წლებში. მარტო 2022-ში იყო 202 და 2023-ში – უკვე 284. ამდენი ნარკომოვაჭრე არასდროს დაკავებულა საქართველოში, არცერთ წელიწადს. მესმის, რომ კიდევ ბევრი რაღაცა, სხვა ღონისძიებებია გასატარებელი”, – ამბობს გომელაური.

მინისტრობის კანდიდატის თქმით ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ის შტატებში, საქართველოზე 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება და ეს რეალური რიცხვებია.

“თუმცა ისე არ არის, რომ რახან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს. ერთობლივი, კომპლექსური სამუშაო იქნება საჭირო და არამარტო შსს-ს მხრიდან. ტრანზიტული ქვეყანა ვართ და შემოდის. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკონტროლებთ საბაჟოსთან ერთად, თუმცა 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ ვერანაირად”, – განაცხადა გომელაურმა და დაამატა, რომ არასწორად მიაჩნია ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბარი.

“ჩემი მხრიდან შეიძლება უფრო სწორი იყოს, რომ ვთქვა, უნდა გავამკაცროთ [ნარკოპოლიტიკა].. თუმცა ხშირად, რიგ შემთხვევებში, ეს არ მუშაობს. გავამკაცრებთ და დამთავრდება ეს პრობლემა? მე ასე არ ვთვლი. არ მიმაჩნია სწორად”, – განაცხადა გომელაურმა.

ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ ისაუბრა დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე,  სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი