ახალი ამბები

პოლიციამ ჩხრეკის შედეგად დიაკვნის სახლიდან ორი ძირი მარიხუანა ამოიღო

19 იანვარი, 2017 • 7917
პოლიციამ ჩხრეკის შედეგად დიაკვნის სახლიდან ორი ძირი მარიხუანა ამოიღო

ქუთაისში, დიაკვან გიორგი ჯახუას სახლიდან პოლიციამ ორი ძირი მარიხუანა ამოიღო. გიორგი ჯახუა ორი წელია მძიმედ არის ავად და, როგორც თვითონ ამბობს, მარიხუანას ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა. ამის შესახებ მან დღეს, 19 იანვარს პარტია “გირჩის” ოფისში ისაუბრა.

დიაკვანის განცხადებით, პოლიცია მის სახლში 18 იანვარს, 00:05 წუთზე მივიდა და სასამართლოს განჩინების გარეშე გაჩხრიკეს ბინა:

“ჩვენ პოლიციიდან ვართ, უნდა გაგჩხრიკოთო. ორდერი თუ გაქვთ-თქო, ვკითხე. ორდერი არაფერში გვჭირდება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაა და სახლი უნდა გავჩხრიკოთო. დაახლოეიბთ 7-8 ადამიანი შემოვიდა, სახლში ჩემს მოხუც დედას და მეუღლეს ეეძინათ. გააღვიძეს და დაიწყეს სახლის ჩხრეკა. ორი ძირი კულტივირებული მცენარე მქონდა.”

გიორგი ჯახუა ამბობს, რომ მძიმე ავადმყოფია და მარიხუანას ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა:

“მე ავად ვარ და ორი წელია სახლში ვწევარ, C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და პანკრიატიტი მაქვს. თავის მკურნალობა რითაც შემეძლო და ჩემი ჯიბე რასაც სწვდებოდა, ეს იყო კანაფი. ამას ორი წელიწადია ვხმარობ, ყველას უკვირს, როგორ ვარ ცოცხალი ამდენი ხანი, თვითონ ექიმსაც. ტკივილების გასაყუჩებლად ვიყენებ. მე ახლაც დიაკვანი ვარ. ჩემთვის არავის აუკრძალია დიაკვნობა”.

როგორც ჯახუა აცხადებს, მარიხუანის აღმოჩენის შემდეგ პოლიცია მას დამცინავად ეპყრობოდა:

“დაიწყეს ქილიკით ლაპარაკი, გარდერობის ნივთების მორგება დაიწყეს, გამომძიებელმა შლაპა დაიხურა, “მევასებაო”. განყოფილებაში წაყვანამდე მცენარეებთან სურათების გადაღება დაიწყეს, მერე მეც დამიძახეს, ჩემთან მოდიო, ხელი გადამხვიეს კანაფის ფონზე და “სელფები” გადაიღეს,” – აღნიშნავს ჯახუა.

“გირჩის” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, დიაკვანს იურიდიულ დახმარებას პარტია გაუწევს:

“ღამის პირველ საათზე, ყოველგვარი საბუთის გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა. კანაფი ექსპერტიზისთვის წაიღეს და დიაკვანი ელოდება, როდის გამოიძახებენ პოლიციაში. ჩვენ გავუწევთ ადვოკატირებას და შესაბამის იურიდიულ ზომებს მივმართავთ. ”

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაცია ჰქონდათ და დაადგინეს, რომ ბრალდებული სასულიერო პირი არ არის. მათივე განცხადებით, საცხოვრებელი სახლიდან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე ამოიღეს, ხოლო  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი  ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ეხება, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ამ  დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აღარ გამოიყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი