ახალი ამბები

რატომ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში ოქუაშვილი თარხან-მოურავის ნაცვლად

25 ოქტომბერი, 2016 • 2015
რატომ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში ოქუაშვილი თარხან-მოურავის ნაცვლად

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” უნდობლობას უცხადებს 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, თუმცა პარტიის წევრები შედეგებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებენ და მაინც შედიან პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. თუმცა ამას არ აპირებს პარტიის ლიდერი. დავით თარხან-მოურავის ნაცვლად აჭარის უმაღლეს საბჭოში “პატრიოტების” სიის მეორე ნომერი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი შედის.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 5.01% მიიღო (88 097 ხმა), რაც არსებული კანონმდებლობით ნიშნავს, რომ ისინი პროპორციული სიით 6 დეპუტატს შეიყვანენ საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს – აქ “პატრიოტებმა” 5.7% (8980 ხმა) მიიღეს — ერთი მანდატი.

პარტიის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებს. მის ნაცვლად საბჭოში პატრიოტთა ალიანსის სიის მეორე ნომერი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი შევა. ნეტგაზეთის კითხვაზე, თუკი უნდობლობას უცხადებს არჩევნების შედეგს, რატომ შედის ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში, პარტიის ლიდერმა გვიპასუხა:

“როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე, ღიად ვთქვი — მხოლოდ იმიტომ ვიყრი აჭარაში კენჭს, რომ გავიყვანოთ ისეთი უმრავლესობა (8 ადამიანი), რომ მთავრობის ფორმირების საშუალება გვქონდეს და მე ჩავუდგე სათავეში. ახლა ნათელია, რომ მთავრობას ვერ ჩავუდგები სათავეში… ჩემთვის, ჩემი შრომისთვის, პირადად მე რომ მარტო ვიყო, ვერაფერს გავაკეთებდი. პარტიის თავმდჯომარემ დაანებოს ყველაფერს თავი? აჭარის მთავრობას თავში ვერ ვუდგები, ჩვენით ვერაფერს გავაკეთებთ, — მაშ, არც ოქუაშვილი შევიდეს, არავინ შევიდეს? დავტოვოთ საერთოდ აჭარა? ვიღაცა ხომ შევიდეს უნდა, არა?” – გვპასუხობს თარხან-მოურავი.

“მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივიღებ იმ შედეგს, რომ მხოლოდ ერთი კაცი შევიყვანეთ უმაღლეს საბჭოში, ვერ მივიღებ იმ შედეგს, რომ მხოლოდ 8500-მა კაცმა მომცა აჭარაში ხმა”, – ამბობს დავით თარხან-მოურავი. 

კითხვაზე, თუკი მთლიანად პარტია არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს, მაშინ რატომ შედის პარლამენტში, ამავე რიტორიკით, უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, ბოიკოტი გამოეცხადებინა შედეგებისათვის? — დავით თარხან-მოურავი გვპასუხობს: “აბა, არ შევიდეთ? ჩვენ უნდა შევიდეთ, გამოვიყენოთ ეს ტრიბუნა. 5% ავიღეთ თუ 25%, ბარიერი ხომ გადავლახეთ? პარლამენტში შევდივართ”, – ასე გვიპასუხა “პატრიოტების” ლიდერმა.

წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: რას ნიშნავს “პატრიოტთა ალიანსის” შესვლა პარლამენტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი