აფხაზური მედია “არუაას” წარმომადგენლებზე დაყრნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის შესაბამისად, აფხაზეთში სახალხო კრების დახურულ სხდომაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ისაუბრა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტის შესახებ.
“არუაას” წარმომადგენლის ცნობით, ბჟანიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მზადაა თანამშრომლობისთვის და შემდეგ აფხაზეთის აღიარებისთვის, თუმცა, ამის მიუხედავად, ბჟანიამ შეხვედრაზე მისი და თავისი გუნდის “შეცდომა” უწოდა ქართველი დეპუტატების ვიზიტს აფხაზეთში.
ამასთან, “დახურულ სხდომაზე, ბჟანიამ განაცხადა, რომ იქამდე მოსკოვში შეხვედრები და მოლაპარაკებები ჰქონდა აღნიშნულ საკითხზე, მოლაპარაკებებისთვის კი მისი თანაშემწე, ლაშა საკანია შეარჩია”.
გარდა ამისა, დახურულ შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო სამინისტროს დაევალა, “საკუთარი ხედვა წარმოადგინოს აღნიშნულ სიტუაციაზე და მეზობელ რესპუბლიკასთან ურთიერთობების შესახებ აზრი გამოთქვას”.
ცალკე იყო განხილული ქართული მხარის მიერ ილორის ტაძრისთვის ხატის გადაცემის საკითხი. როგორც გამოცემის წყარო იუწყება, ბჟანიამ განაცხადა, რომ “ეს ნაბიჯი არავისთან ყოფილა შეთანხმებული”.
იქამდე “აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ” გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უარს ამბობს, მიიღოს ხატი, რომელიც “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” აფხაზეთში, ილორის ტაძარს რამდენიმე დღის წინ გადასცა.
“პატრიოტთა ალიანსის” პოზიცია
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, გოჩა თევდორაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება აფხაზურ მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ “პატრიოტთა ალიანსი” თითქოს აფხაზეთის აღიარებას გეგმავს.
“მსგავსი განცხადება არ გაგვიკეთებია ამაზე. მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეს ორივე მხარეს მტრები ჰყავს”, – აცხადებს გოჩა თევდორაძე.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ მათ მიერ ილორის ტაძრისთვის ნაჩუქარი ხატის დაბრუნებაზეც გავრცელდა ინფორმაცია, ასეთი ფაქტი არ მომხდარა: – “ეს ხატი ილორში დარჩება”.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ვიზიტის გამო აფხაზეთის ტერიტორიაზე, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შტატგარეშე თანამშრომელი, თანაშემწე, თანამდებობიდან გადადგა.
ასლან ბჟანიას შტატგარეშე მრჩევლის, პარტია „სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის, ლაშა საკანიასა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ქართული მედიით გავრცელდა. თავიდან ლაშა საკანიამ ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებზე ინფორმაცია უარყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აღიარა, რომ საქართველოს “პატრიოტებთან” შეხვედრა მართლაც გაიმართა, თუმცა, მისი განმარტებით, “ეს იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია”, რომლის ორგანიზებაც მოხდა მისი მოსკოველი მეგობრების თხოვნით.
“არუაა”, როგორც დე ფაქტო ახალი ხელისუფლების ოპოზიციური ძალა, აცხადებდა, რომ დაუშვებელია საიდუმლო, თუნდაც ჰუმანიტარული სახის, შეხვედრების მოწყობა.