Interviewsახალი ამბებიკომენტარი

რას ნიშნავს “პატრიოტთა ალიანსის” შესვლა პარლამენტში – ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

20 ოქტომბერი, 2016 • 2955
რას ნიშნავს “პატრიოტთა ალიანსის” შესვლა პარლამენტში – ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

არსებობს თუ არა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” (სპა) ელექტორატის გაზრდის პერსპექტივა მომავალ წლებში – პარტიისა, რომელმაც მოახერხა და “ქართულ ოცნებასა” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” (ენმ) ერთად შეაღწია პარლამენტში. აქვთ თუ არა რაიმე საერთო “პატრიოტებს” ევროპელ ნაციონალისტებთან? როგორ იმოქმედებს მათი წარმატება ქართულ ნაციონალისტურ ჯგუფებზე? – ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” ესაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პროფესორს, ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს:

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” შესვლა პარლამენტში უსიამოვნო ფაქტია, — ასეთი ტიპის პოლიტიკური გაერთიანება არასდროს უქადის ქვეყანას განვითარებასა და წინსვლას. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ მათი იდეოლოგია მოძველებულია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ევროპაში ამ მიმართულებით ახალი ტენდენციები გაჩნდა. მიუხედავად ამისა, მათ – ევროპულ მემარჯვენე-პოპულისტურ პარტიებს, მაგალითად, გერმანულ პარტიას, “ალტერნატივა გერმანიისათვის”, გარდა ლოზუნგებისა და წამქეზებლობისა, არანაირი პოლიტიკური პროგრამა არ გააჩნიათ ისევე, როგორც ქართულ “პატრიოტთა ალიანსს”.

-თქვენი დაკვირვებით, თუ არსებობს “პატრიოტთა ალიანსის” ელექტორატის გაზრდის პერსპექტივა? რის ხარჯზე შეიძლება ეს მოხდეს?

ზოგადად, “როგორი გაუნათლებელია ის, ვინც მისცა ხმა “პატრიოტთა ალიანსს” – ასეთი დამოკიდებულების წინააღმდეგი ვარ. მე ვიტყოდი, რომ პრობლემა ისაა, რომ “პატრიოტთა ალიანსმა”, კერძოდ, მისმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა, სხვა პოლიტიკოსებისგან (რომლებიც ტრიუმფალური მსვლელობებითა და თეატრალური სანახაობებით გამოირჩეოდნენ) განსხვავებით, მოახერხა მისულიყო ხალხთან და დალაპარაკებოდა ადამიანებს იმ ენაზე, რომელზეც ისინი მეტყველებენ, მოახერხა, დალაპარაკებოდა იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. “პატრიოტებმა”, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, იპოვეს ხალხთან ურთიერთობის ენა. ლიბერალური პარტიები – მაგალითად,“რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები”-ხალხისგან იმდენად გაუცხოებული არიან, იმდენად განსხვავებულ რეალობაში იმყოფებიან, ისეთ გაუგებარ ენაზე გაუგებარი ფორმულებით მეტყველებენ, რომ ბუნებრივი იყო, ეს უკურეაქციას გამოიწვევდა ამომრჩეველში. ეს შედეგებმაც გვაჩვენა [რესპუბლიკურმა პარტიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 1.55% მიიღო, თავისუფალმა დემოკრატებმა კი – 4.63%].

-როგორ ფიქრობთ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” შესვლა პარლამენტში რამდენად ლოგიკური იყო იმ განწყობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში არსებობს? ვგულისხმობ ეროვნულ მოძრაობასთან, ზვიად გამსახურდიასთან და, ზოგადად, ამ პერიოდთან დაკავშირებულ ნოსტალგიას.

მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ნოსტალგია რეალურად არსებობდეს. ეს, ისევ და ისევ, შედეგია იმ გულაცრუებისა, რაც მოქმედი პოლიტიკოსებისა და ძირითადი ორი პარტიის მიმართ არსებობს. უბრალოდ, ამ გულაცრუებას თან ახლავს ხოლმე გარკვეული მითოლოგიური, ნოსტალგიური ფორმები.

ერთია, პარლამენტში არსებობდეს ძალა, რომელიც ელექტორატის გარკვეულ ნაწილს წარმოადგენს, და მეორეა, რომ მათ ნარატივსაც სჭირდება კრიტიკა. თქვენი აზრით, როგორ მოახერხებენ სხვა პარტიები (ენმ და “ქართული ოცნება”, ასევე, არასაპარლამენტო პარტიები) მათთან ამ კუთხით დაპირისპირებას?

თუ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, მაშინ მას შეუძლია, საერთოდ არ დაამყაროს კონტაქტი “პატრიოტთა ალიანსთან”, მით უმეტეს, რომ ექვსი წარმომადგენლით “პატრიოტთა ალიანსი” არანაირ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში არ წარმოადგენს.

"საქართვლოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები. შუაში - დავით თარხან-მოურავი, მისგან მარჯვნივ - ირმა ინაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

“საქართვლოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები. შუაში – დავით თარხან-მოურავი, მისგან მარჯვნივ – ირმა ინაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, სავარაუდოდ, მათთან ვერასოდეს ვერ შეძლებს საერთო ენის გამონახვას და რომც გამონახოს, თუკი “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, ამასაც აზრი არ ექნება. ამდენად, არა მგონია, რომ “ალიანსი” ვინმემ სერიოზულად აღიქვას. სპა, ალბათ, იქნება იმ თეატრალური სანახაობის ნაწილი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ჰქვია. ამდენად, არა მგონია, რომ მათ რამე ფუნქცია ჰქონდეთ ახალ პარლამენტში, ან ვინმე დაინტერესდეს მათი კრიტიკით.

აქ სხვა საფრთხე ჩნდება: თუ მმართველმა პარტიებმა დაინახეს, რომ ეს [ნაციონალისტური ნარატივი] მომგებიანი ტენდენციაა და მოეჩვენათ, რომ კარგად იყიდება, შეიძლება, მათ გააძლიერონ ეს რიტორიკა. მაგრამ მეორე მომენტია, რეალურად, რა იმალება ამ ნაციონალისტური სენტიმენტების უკან – “თურქები შემოვიდნენ და დაიპყრეს აჭარა”, “თურქეთი იპყრობს საქართველოს” და ა.შ. რეალურად კი, სწორედ ქართველი მეწარმეები არიან ისინი, ვინც ხელს ითბობენ ამ უცხოელი პარტნიორების ჩამოყვანით და ა.შ. თუ მოსახლეობას რეალურად ვინმე ჩაგრავს, თუ ვინმე ყველაზე დაუცველი სოციალური ფენების ექსპლუატაციას ეწევა, ეს ქართველი მეწარმეები არიან და ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საქართველოში გვაქვს.

ამის გადატანა ძალიან მარტივია “უცხოელზე”, “არაქართველზე”, თუმცა ეს მუშაობს. ჩვენ გვახსოვს ჩინელების ამბავი ენმ-ის მმართველობის დროს – “უცხოელი” ყოველთვის თვალში უფრო ადვილად გხვდება და მარტივია, ყველაფერი მას გადააბრალო,  თქვა, რომ ისაა მჩაგვრელი. სინამდვილეში, სოციალური უთანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქართველი მეწარმისგან და იმ არასოციალური ეკონომიკური პოლიტიკისგან მოდის, რომელსაც საქართველოს მთავრობები ეწევიან.

-რამდენიმე კვირის წინ, 27 სექტემბერს, როდესაც თბილისში სოხუმის დაცემის დღეს იხსენებდნენ, ქალაქში მოეწყო სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფის ერთობლივი მსვლელობა, რამაც ბოლოს აგრესიული სახე მიიღო. ამ ჯგუფებს, როგორც თავადაც ამბობენ, სწორედ ნაციონალისტური იდეოლოგია აერთიანებთ და, როგორც ვხედავთ, ყოველ შემდეგ გამოსვლაზე/მსვლელობაზე უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ. ხომ არ წაახალისებს და გააძლიერებს ასეთ ჯგუფებს მათთან იდეოლოგიურად, ასე თუ ისე, ახლობელი ძალის გამოჩენა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში?

ვერ ვიტყოდი, რომ დარმწუნებული ვარ, რადგან ჩვენ გაცილებით რადიკალურ ჯგუფებზე ვსაუბრობთ. ზოგადად, ქსენოფობიური განწყობა საქართველოში ყველა დონეზე შეინიშნება, ეს რიტორიკა არაა რომელიმე ცალკეული პარტიის საკუთრებაა, ეს შეიძლება წამოსული იყოს მმართველი პარტიისაგან, წინა მმართველი კოალიციის ზოგიერთი წევრისგან. ასევე, იგივე განწყობები ტრიალებს საზოგადოებაში, მოდის ეკლესიიდან და ა.შ.

27 სექტემბერს ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეები თამარ მეფის ხიდზე ანთებული მაშხალებითა და საქართველოს დროშებით. 27.09.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

27 სექტემბერს ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეები თამარ მეფის ხიდზე ანთებული მაშხალებითა და საქართველოს დროშებით. 27.09.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ეს ყველაფერი, როგორც ყოველთვის, ხდება მძიმე სოციალურ ფონზე. შესაბამისად, გარკვეული ძალები გამოსავალს, ისევ და ისევ, ყველაფრის უცხოელზე გადატანაში, განსხვავებულზე გადატანაში ხედავენ – ნეოფაშისტური შინაარსის ჯგუფები არა მხოლოდ არაქართველების წინააღმდეგ არიან მიმართულნი, არამედ თვითონ ქართველების, რომლებიც, მათი წარმოდგენით, არ შეესაბამებიან “ქართველის” რომელიმე სტერეოტიპს.

ჩვენ გვახსოვს ვეგანური კაფე “კივის” დარბევა მათ მხრიდან. ზოგადად, ეს ჯგუფები, რაც 27-ში დავინახეთ, უფრო გამოკვეთილად ნეოფაშისტური ტენდენციების მატარებელნი არიან, ვიდრე “პატრიოტთა ალიანსი”. ეს ჩვეულებრივი პოპულისტური ნაციონალისტური პარტიაა. თქვენი მიერ ნახსენები ჯგუფები კი იყენებენ აშკარად ნეოფაშისტურ ენას. ფაშიზმი ყოველთვის ადვილია, მარტივად მისაბაძი და მარტივად მისაღები, დიდი სიღრმეები მას არ სჭირდება, ამიტომ მარტივად ითრევს ადამიანებს. ეს ყველაფერი კი მძიმე სოციალურ ფონზე ხდება. ასევე, ყურადსაღებია ძალის კულტიც – თუ ამ კუთხით შევხედავთ, თანამედროვე ქართულ კულტურაში ძალიან ღრმად არის დარჩენილი იმგვარი სტერეოტიპები, რაც ძალას და ძალადობრიობის კულტივაციას ეწევა — ფიზიკური ძალის პროპაგანდაც კი ხდება. ეს ყველაფერი ჩვენში მტკიცედაა გამჯდარი,  ქუჩაში გავიხედავთ თუ არა, დავინახავთ პლასტიკატში, ფორმებში და ა.შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აძლიერებს ნაციონალისტურ განწყობას.  

-ჰგავს თუ არა ქართული ნაციონალიზმი და “პატრიოტების” პოლიტიკა თანამედროვე ევროპულ ნაციონალიზმს, ან თუნდაც “რადიკალი მემარჯვენეების აღზევებას”?

ევროპა აღმოჩნდა ლტოლვილების ახალი ტალღის წინაშე. ნაციონალისტურ ტენდენციებსა და ულტრანაციონალიზმს ეს პრობლემა აძლიერებს ხოლმე – ნარატივი, რომ “უცხოები მოდიან და წაგვლეკავენ”. ამის შემდეგ ავტომატურად იქმნება მითოლოგია, თითქოს ისინი არიან მოძალადეები, გვინგრევენ მოწესრიგებულ ცხოვრებას, აუპატიურებენ ქალებს, და ა.შ. მიგრანტთა ტალღებმა, რა თქმა უნდა, გააძლიერა ასეთი განწყობები. ამას ხელი შეუწყვეს პოლიტიკოსებმაც, მედიამაც, გარკვეულწილად.  ასეთი ტენდენციები გაჩნდა იმ პარტიებშიც კი, რომლებიც უფრო ლიბერალურ პარტიებად ითვლებიან, და რამაც ხელი შეუწყო მემარჯვენე-რადიკალურო ფრთების გაძლიერებას.

მიგრანტები მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე. 15.08.2015 © EPA/ GEORGI LICOVSKI

მიგრანტები მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე. 15.08.2015 © EPA/ GEORGI LICOVSKI

მაგალითად, საფრანგეთში “ნაციონალური ფრონტი” დიდი ხანია ძლიერდება და ესეც გამოწვეულია გულაცრუებით დიდი პარტიების მიმართ, იქნება ეს მემარჯვენე-ლიბერალური ალიანსი თუ სოციალისტური პარტიები. ეს პროცესები პირდაპირ კავშირშია სირიის,  ახლო აღმოსავლეთის კრიზისებთან, რომლებიც სწორედ დასავლური ქვეყნების დიდი დამსახურებით არის გამოწვეული. ყველაფერი იწყება, საბოლოო ჯამში, ერაყში ამერიკისა და ბრიტანეთის ინტერვენციით 2003 წელს და იქიდან წამოწყებული პროცესებით. რეალურად, დასავლეთმა გამოიწვია ეს ტალღა და, შესაბამისად, უკვე ლტოლვილები რომ დაინახეს, მერე უკვე აღიქვეს, რომ “ისინი მოდიან, რათა წაგვართვან ჩვენი მოწესრიგებული ცხოვრება”. ეს არის ზოგადი ტენდენცია.

ამ თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავდება ეს ტენდენციები ევროპასა და საქართველოში. “პატრიოტების” რიტორიკა, რითაც შეუძლიათ მათ მოსახლეობის აყოლიება, არის ის, რომ საქართველოში შემოდის თურქი მეწარმე და ეკონომიკურად გვიპყრობს – ისინი ფლობენ მაღაზიებს, სასტუმროებს და ადგილობრივი მოსახლეობის ექსპლუატაციას ეწევიან. ამისგან განსხვავებით, ევროპული ნაციონალისტური რიტორიკით, მოდის არა დიდი მეწარმე, არამედ უსახლკაროები (ყველაზე დაუცველი ჯგუფი), რომლებიც ჩვენს სახლებს იკავებენ. იქ ლტოლვილები ჩვენს კეთილდღეობას უქმნიან საფრთხეს. აქ პირიქითაა სიტუაცია – აქ “თურქი ბიზნესმენია” “დამპყრობელი” და, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება პოლიტიკური დაპყრობის ფანტაზიებიც – იქეთ ტაო-კლარჯეთი გვაქვს დასაბრუნებელი. 

-“პატრიოტთა ალიანსს”, რომელიც საკუთარ თავს “პროდასავლურ ძალად” ასახელებს, ხშირად უწოდებენ პრორუსულ ძალას.  “პრორუსულობაში” დადანაშაულების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის ხოლმე, რომ “პატრიოტები” თურქეთის პოლიტიკას აკრიტიკებენ, თუმცა შემჩნეული არიან ანტითურქული განწყობების ტირაჟირებაში. ამ საკითხზეც გვაინტერესებს თქვენი აზრი: ერთია, რომ ვემიჯნებით თურქოფობიას და იმ რიტორიკას, რასაც “პატრიოტთა ალიანსი” გვთავაზობს (და რასაც ცალკე კრიტიკა სჭირდება), თუმცა აქვე ჩნდება კითხვა: ხომ არ გვაკლია, ასევე, თურქეთის (საშინაო და საგარეო) პოლიტიკის კონსტრუქციული კრიტიკა?

დიახ. თურქეთის და რუსეთის, ან, ზოგადად, გლობალიზაციის პროცესების, კრიტიკაზე მონოპოლია არ უნდა ჰქონდეთ მხოლოდ მემარჯვენე-ექსტრემისტულ ძალებს. მემარცხენე თუ ლიბერალური ძალებიც უნდა დაინტერესდნენ ამ თემატიკით, იქნება ეს ოკუპაციის თემა თუ რაიმე სხვა. ზოგადად, ყველაფრის გადაბრალება — ვიღაცა ანტიდასავლურია, ე.ი პრორუსულია — არასწორია. ამას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ თვითონ შევყავართ შეცდომაში. თუ აშშ-ს და დასავლეთს აკრიტიკებ, არ ნიშნავს, რომ ხარ პრორუსული. როდესაც ასეთი პროექცია ხდება, არასწორია და პოლიტიკური დალტონიზმიც კი არის. უკვე აღარც მუშაობს ენმ-ის დამკვიდრებული რიტორიკა, რომ ყველაფერი, რაც მათ წინააღმდეგაა, არის რუსეთი. ყველგან რუსეთის დანახვას, საბოლოო ჯამში, უკვე პოპულისტური ეფექტიც აღარ აქვს და პირიქით, ამით რუსეთის რეკლამირება ხდება.

პლუს, შეცდომაში შევდივართ ჩვენ თვითონ და იმის ნაცვლად, რომ სხვაგან ვეძებოთ პრობლემა, სულ სხვა მხარეს ვეძებთ. პრობლემა ისაა, რომ ირმა ინაშვილმა (მე მას ცალკე გამოვყოფდი, თარხან-მოურავის გენეალოგიური ზღაპრები და მითები ნებისმიერ ადამიანში იწვევს იუმორს) მოახერხა, ჩასულიყო ადამიანებთან და დალაპარაკებოდა მათ საკუთარ ენაზე. “ქეისებსა” და “დისკურსებზე” კი არ დაიწყო ლაპარაკი და გაუგებარ ტერმინებს კი არ იყენებდა, ან კი არ მოუწოდა ადამიანებს, რომლებსაც საარსებო პრობლემები აქვთ, “გავთავისუფლდეთო” [ეს რესპუბლიკური პარტიის სლოგანი იყო წლევანდელ არჩევნებზე],  არამედ დაელაპარაკა მათ საკუთარ ენაზე მათსავე პრობლემებზე. ესაა რადიკალური განსხვავება. თუ ლიბერალური პარტიები ამას არ ისწავლიან და ამ აროგანტულობას არ დათმობენ, მაშინ ვერასდროს მიაღწევენ წარმატებას ვერც ერთ არჩევნებში.

-ბოლოსკენ, გვინდა გკითხოთ, – ის პოლიტიკური კომპოზიცია, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბოლოოდ შეიქმნება, რა ალტერნატივას უტოვებს სხვა, მაგალითად, ცალსახად მემარცხენე იდეოლოგიის, პოლიტიკური პლატფორმის გაჩენას?

ძალიან დიდი ხანია, საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ნეოლიბერალური ორიენტაციის პარტიები დომინირებს, იქნება ეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თუ “ქართული ოცნება”. რეალურად, ორივე მათგანი ნეოლიბერალური პოლიტიკის გამტარებელია. მათ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში არ არის დიდი სხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მართლაც შემოიტანა უფრო მეტად სოციალური ორიენტაციის პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, თუ მემარცხენე ალტერნატივა უნდა შექმნილიყო, ამისათვის პოლიტიკური ფონი და ეკონომიკურ-სოციალური ფონი უკვე დიდი ხანია არსებობს. უბრალოდ, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ამ თემის გაცნობიერება პოლიტიკურ ძალებში. ამჟამად ჰორიზონტზე არაფერი არ ჩანს. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში უფრო მძაფრად გაჩნდება ამისი საჭიროება.

1 მაისი - შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სტუდენტური მემარცხენე ჯგუფების მსვლელობა 1 მაისს – შრომის საერთაშორისო დღეს თბილისში. რამდენიმე წელია, მშრომელთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ სტუდენტები აღნიშნავენ პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან ერთად. აქციებზე არასოდეს ჩნდებიან ცნობილი პოლიტიკოსები. 2015 წელი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მომძლავრებული მემარჯვენე პოპულიზმისა და მემარჯვენე რადიკალიზმის შეჩერების საუკეთესო საშუალება დღეს სწორედ მემარცხენე ალტერნატივის გაჩენა იქნებოდა, მაგრამ პოლიტიკოსთა ამ თაობებში ვერ ვხედავთ ვერც ერთ დაჯგუფებას ან თუნდაც მცირერიცხოვან პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც მემარცხენე ალტერნატივას შექმნიდა. ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში მემარჯვენე პოპულიზმი ოდესმე გაქრება, მაგრამ ის აუცილებლად უნდა დაბალანსდეს – სერიოზული ალტერნატივა გაუჩნდეს, რომელიც შეაჩერებს მათ უწინააღმდეგო სწრაფვას მეტი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისაკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი