ახალი ამბები

სააკაშვილი: არჩევნების გაყალბებაზე რეაგირება ენმ-ის ადგილზე მყოფი ლიდერების გადასაწყვეტია

20 ოქტომბერი, 2016 • 1364
სააკაშვილი: არჩევნების გაყალბებაზე რეაგირება ენმ-ის ადგილზე მყოფი ლიდერების გადასაწყვეტია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ შეეპუონ 8 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და ზეწოლას.

გარდა ამისა, სააკაშვილმა  განაცხადა,  თუ როგორი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” რეაგირება პირველი ტურის არჩევნების გაყალბებაზე, ეს ადგილობრივი ლიდერების გადასაწყვეტია.

მისივე თქმით, არასოდეს უთქვამს, რომ საქართველოში არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე ჩამოვიდოდა.

“მე არასდროს, წინასაარჩევნო გამოსვლებში, არ მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში. საქმე ის არის, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხი, ვინც მიკიჟინებს, თუ რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი, დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩემი მომხრეები სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაში. ჩემი პოზიცია იყო ყოველთვის ძალიან ნათელი: ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას და შემდეგ უკვე ვაპირებდი ჩამოსვლას მეორე ტურისთვის და ასევე, არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. უპრეცედენტო მასშტაბის გაყალბება პირველი ტურის, და რეაგირება ამაზე როგორი უნდა მოხდეს, ეს არის ადგილზე მყოფი ლიდერების და აქტივისტების გადასაწყვეტი, იმიტომ, რომ ისინი უკეთესად ხედავენ,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აზრი არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატების მეორე ტურებში მონაწილეობას. მისივე თქმით, თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას და მისცემდნენ თუ არა ლეგიტიმაციას დარღვევებით ჩატარებულ  არჩევნებს.

ამ განცხადებამ ნაციონალური მოძრაობის წევრებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაგალითად, ნუგზარ წიკლაურის თქმით, არჩევნების გაყალბების ხარისხი ისეთი იყო, რომ “ნაციონალურ მოძრაობამ” პარლამენტში მარტო უნდა დატოვოს ის პარტია, რომელმაც ეს არჩევნები გააყალბა. გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ  როგორც მეორე ტურში მონაწილეობის, ასევე  პარლამენტში შესვლის მომხრეა.

11 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ენმ მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს და პარლამენტშიც შევა.

რაც შეეხება 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სააკაშვილის ჩამოსვლას, ამის შეახებ თავად სააკაშვილმა 2016 წლის აპრილში განაცხადა:

“შემოდგომის არჩევნების პერიოდში დიდი ალბათობით ვიპოვი საშუალებას, რომ ჩავერთო არჩევნებში. არჩევნების შემდეგ  დარწმუნებილი ვარ, რომ ეგრევე ჩამოვალ საქართველოში,”- განაცხადა მან “რუსთავი 2”-ის ეთერით.

ცესკოს მონაცემებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში (გაუქმებული უბნების გამოკლებით, სადაც არჩევნები 22 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს) ნაციონალურმა მოძრაობამ პროორციულ არჩევნებში ხმათა 27.11% მიიღო. 48 ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი