მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ

საქართელოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთრ ფეისბუკ გვერდზე ვიდეოგანცხადებას ავრცელებს. სააკაშვილმა არჩევნების შედეგებზე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გეგმებზე ისაუბრა. ექსპრეზიდენტის თქმით, მისი აზრით, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ:

“ამ სიტუაციაში, საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში ეს რამე შეიცვლება, სანამ მთავარი ფაქტორები არის იქ, რა თქმა უნდა, უაზრობაა. მეორე ტურის წინ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ ის მის კანდიდატებს გაამარჯვებს ყველა ოლქებში და, რა თქმა უნდა, დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში ასეც იქნება. ამიტომ, პირდაპირ მინდა გითხრათ – მე ვერ ვხედავ აზრს. რა თქმა უნდა, ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, მეორე ტურში მონაწილეობის და ამითი პრაქტიკულად ლეგიტიმაციის ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარებული არჩევნების” – ამბობს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არსებობს არგუმენტები იმის თაობაზე, უნდა შევიდნენ ნაციონალური მოძრაობის არჩეული დეპუტატები პარლამენტში, თუ უარი განაცხადონ მანდატებზე:

“რაც შეეხება ამ მძიმე დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტში მონაწილეობის მიღებაში ერთადერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან,  ამ საკითხზე არსებობს სხვადასხვა აზრები: მე ვფიქრობ, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის არჩეული დეპუტატების და პარლამენტში დაშვებული დეპუტატების, როგორც მინიმუმ, ვალდებულებაა შეხვდნენ საქართველოს ყველა რეგიონში იმ ხალხს, ვინც მხარი დაგვიჭირა ჩვენს აქტივისტებს; ვის მხრებზეც გადაიარა ამ არჩევნებმა და მანამ, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ თემაზე და ვიმეორებ, რომ არსებობს არგუმენტები, აქვს ორივე მხარეს მონაწილეობასაც და არმონაწილეობასაც, მაინც იკითხონ ჩვენი აქტივის ჩვენი მხარდამჭერების აზრი,” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისათვის უბნების 99.92%-ის დათვლილია. აქედან ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 27.14% მიიღო. 75 მაჟორიტარული ოლქიდან კი 50 ოლქში კენჭისყრის მეორე ტურები ჩატარდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი