ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, 73-დან 50 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

9 ოქტომბერი, 2016 • 1554
წინასწარი მონაცემებით, 73-დან 50 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, როდესაც დათვლილია უბნების 82.55%, 73 მაჟორიტარული ოლქიდან 50-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

დედაქალაქში არსებული 22 ოლქიდან 18-ში მეორე ტური გამოავლენს გამარჯვებულს. რაც შეეხება რეგიონებს, იქ ასეთი ვითარებაა:

მეორე ტურით გამოვლინდებიან ქუთაისის სამივე ოლქში მაჟორიტარები. მთლიანობაში კი, იმერეთში არსებული 11 ოლქიდან 6-ში გაიმართება მეორე ტური.

კახეთის რეგიონში ექვსი ოლქიდან ხუთში გაიმართება მეორე ტური. ქვემო ქართლში არსებული 8 ოლქიდან ხუთში მოიგო პირველსავე ტურში მთავრობამ, ხოლო სამში – მეორე ტური გაიმართება.

მცხეთა-მთიანეთში არსებული ორი ოლქიდან ერთში მეორე ტური გამოავლენს გამარჯვებულ დეპუტატს, შიდა ქართლში არსებული ხუთი ოლქიდან ოთხში მეორე ტური გაიმართება.

სამცხე-ჯავახეთში სამიდან ორ ოლქში გამოვლენილია გამარჯვებული კანდიდატი, ხოლო ერთში მეორე ტური გაიმართება. სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ოლქში. გურიის ორი ოლქიდან ერთში გაიმართება მეორე ტური. სამეგრელოში შვიდიდან ექვს ოლქში გაიმართება მეორე ტური, აჭარაში კი, ექვსიდან ხუთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი