ახალი ამბებიკომენტარი

ჯიხაშკარში საარჩევნო უბანზე თავდასხმის გამოძიება – პასუხგაუცემელი კითხვები

13 ოქტომბერი, 2017 • 3468
ჯიხაშკარში საარჩევნო უბანზე თავდასხმის გამოძიება – პასუხგაუცემელი კითხვები

ავტორები:

ოგე ბორჩგრევინკი – ნორვეგიის, ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი

სიმონ პაპუაშვილი – “საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” პროექტის მენეჯერი


2016 წლის 8 ოქტომბერს, შუაღამისას, საპარლამენტო არჩევნების დღეს დასავლეთ საქართველოს სოფელ ჯიხაშკარში შეიჭრა მამაკაცთა შეიარაღებული დაჯგუფება. ამ დროისთვის საარჩევნო უბანი უკვე დახურული იყო და მიმდინარეობდა ხმების დათვლის პროცესი. საარჩევნო უბანთან პატრულირებდა ოთხი პოლიციელი, ხოლო დანარჩენი პოლიციელები  მოშორებით იმყოფებოდნენ. მიუხედავად ამისა, პოლიციის გვერდის ავლით, თავდამსხმელებმა მაინც მოახერხეს საარჩევნო უბანზე შეჭრ.

თავდამსხმელებმა გადმოყარეს ყუთებიდან ბიულეტენები და ქაღალდები, დააზიანეს ბიულეტენები, რის გამოც არჩევნების შედეგები ამ უბანზე გაბათილდა. თავდამსხმელები დაემუქრნენ და დააშინეს საარჩევნო კომისიის რამოდენიმე წევრი, ხოლო შემდეგ, მათი ყურადღება სამმა საერთაშორისო დამკვირვებელმა მიიპყრო, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე.

ჩვენ, როგორც ადამიანთა უფლებების ჯგუფის მრჩევლებს, პატივი გვქონდა მჭიდროდ გვეთანამშრომლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენელ ორგანიზაციებთან ბოლო 15 წლის მანძილზე. ამასთან, მინდა დავძინო, რომ მიუხედავად მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორისა, რაც თან ახლდა ამ წლებს, მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომი,  საქართველომ განიცადა პროგრესი რიგ ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა აზრის გამოხატვის თავისუფლება და ეფექტური მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოსა და მის მეზობელ რუსეთს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბული რჩება, ევროკავშირთან თანამშრომლობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, რამაც საფუძველი დაუდო საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას შენგენის წევრ ქვეყნებთან.  ეს პოზიტიური განვითარება განაპირობა მრავალმა მიზეზმა, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს ქართველი ხალხის სურვილი იყოს მეტად ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში და, ამავდროულად, სურვილი დააფიქსიროს საკუთარი აზრი არჩევნების გზით, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში უფრო თავისუფალი და სამართლიანი გახდა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის რეგიონში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საკმაოდ რთულად მისაღწევია. ხმის უფლების დასაცავად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და  ადამიანის უფლებათა წამყვანი ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ პარლამენტთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და მედია საშუალებებთან.  ამაში მათ  მხარს უჭერდნენ არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლები.

ამის მაგალითია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის, “დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის“, “საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვისდა  “საერთაშორისო საარჩევნო კვლევების ცენტრისწარმომადგენლები ერთობლივად ახორციელებდნენ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისიას.

კერძოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ 66- საარჩევნო უბნის დაკვირვება, სადაც კენჭს იყრიდა მთავარი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ადგილობრივი წარმომადგენელი, ქალბატონი სანდრა რულოვსისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. მიხეილ სააკაშვილმა  დატოვა ქვეყანა მას შემდეგ რაც მას წარედგინა ბრალი კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში  მისი პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში.

ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება ძალზედ მნიშვნელოვანი იქნებოდა და ვვარაუდობდით, რომ  ადგილობრივი ხელისუფლება ეცდებოდა აერიდებინა არჩევნების მეორე ტური, რაც თავისთავად მიუთითებდა მასზედ, რომ ქალბატონ რულოვსს, ბატონ სააკაშვილს და ენმ კვლავ ყავს მხარდამჭერები საქართველოში. ჯიხაშკარში მოსალოდნელი გართულებების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ერთერთი ჩვენი ჯგუფი გაემგზავრა ჯიხაშკარში, რათა ადგილზე დაკვირვებოდა ხმის დათვლის პროცესს. ბიულეტენების დათვლის პროცესში, ბიულეტენების რაოდენობა ქალბატონი რულოვსის სასარგებლოდ  აშკარად მიუთითებდა მასზედ, რომ ამ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე მმართველი გუნდის წარმომადგენელი ვერ მოიპოვებდა ხმების უმრავლესობას არჩევნების პირველ ტურში.  ამის შემდეგ, საარჩევნო კომისიის რამოდენიმე წევრმა დატოვა საარჩევნო უბანი და შემოიჭრნენ თავდამსხმელები.

არჩევნებზე დაკვირვება წარმოადგენს დემოკრატიული ინსტიტუციის მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც დაცულია საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამ ორგანიზაციების წევრია საქართველოც. თუმცა, ჯიხაშკარის  პოლიცია არ ჩარეულა, როდესაც მოხდა თავდასხმა ჩვენს სამ დამკვირვებელზე. ორ მათგანს  ჩამოართვეს ტელეფონები (მათ მოახარხეს მობილურის ვიდეოკამერით საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების გადაღება), ორ დამკვირვებელს მიაყენეს ფიზიკური  შეურაცხყოფა, ხოლო ერთ  დამკვირვებელ ქალბატონს რუსეთიდან მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

აღნიშნული შემთხვევა გაშუქდა ქართულ მედია სივრცეში, პროტესტი მომხდარი ქმედებების მიმართ გამოხატა სხვადასხვა ქართულმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ. სამართალდამცავმა  ორგანოებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და დაიწყეს გამოძიება, დაიწო აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიციელების ქმედების მიმართ. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ყურადღებით აკვირდებოდა მიმდინარე პროცესებს, გაგზავნილ იქნა არაერთი წერილი, მოეწყო შეხვრდრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან. ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებდადავრწმუნებულიყავით, რომ საქმე იქნებოდა სრულად გამოძიებული.

ერთი წლის თავზე და 21 ოქტომრის მოახლოვებული ადგილობრივი არჩევნების წინ  მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შევაჯამოთ თუ როგორ წარიმართა მომხდარი ქმედების გამოძიება. ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად, რომელიც ინიცირებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, თანამდებობრივი გულგრილობის გამო საყვედური გამოეცხადა პოლიციის ორ თანამშრომელს. მაისისა და ივნისის ორ განცალკევებულ საქმეში, დამკვირვებლებზე თავდასხმის ბრალდებით ბრალი  წარედგინა ორ მამაკაცს და მიესაჯათ პირობითი მსჯავრი.

ერთი წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლად პასუხობდა ჩვენს ყველა შეკითხვას. მათ მტკიცედ განაცხადეს, რომ მსგავსი შემთხვევა არასდროს უნდა განმეორდეს და არჩევნებზე დამკვირვებლები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ საქართველოში. პოლიციის ორი თანამშრომლის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული სასჯელი, აგრეთვე ბრალდება, რომელიც წაეყენა ორ თავდამსხმელს ცხადყოფს, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა აღიარეს მომხდარი დანაშაულის ფაქტი და მიიღეს  ზომები  ზოგიერთი პასუხისმგებელი პირის დასასჯელად.

თუმცა, ჩვენ მაინც დაგვრჩა რამოდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა. მაგალითად, გაუგებარია რატომ არ იქნა დადგენილი სხვა თავდამსხმელების ვინაობა. ჯიხაშკარი პატარა სოფელია, თუმცაღა პოლიციელებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ თავდასხმის დროს დანაშაულის ადგილზე, ვერ შეძლეს  ვერც ერთი თავდამსხმელის იდენტიფიცირება. გაუგებარია აგრეთვე თუ რატომ ვერ შეძლო პოლიციამ სოფელთან განლაგებულ დამხმარე ქვედანაყოფებთან დაკავშირება. გამოძიების პროცესში არ დაკითხულან ეჭვმიტანილი პირები, რომლებიც თვითმხილველი მოწმეების ჩვენებაზე დაყრდნობით, თავდამსხმელთა დაჯგუფების წევრებს წარმოადგენდნენ.

ასევე, არ არის ნახსენები თავდასხმის მოტივი. ჩვენს მიერ გამოკითხული ადგილობრივი მოწმეები ჩვენთან საუბარში ამტკიცებდნენ, რომ კომისიის წევრები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი თავდასხმის შესახებ, თუმცა, კარების ჩაკეტვის ნაცვლად მათ დატოვეს შენობა. მათ მიაჩნიათ, რომ კომისიის წევრები და პოლიცია მოქმედებდნენ თავდამსხმელებთან შეთანხმებით, რაზეც მიანიშნებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ არ სცადეს  თავდასხმის შეჩერება. შესაძლოა მათ აგრეთვე ჰქონდათ მიღებული ბრძანება საარჩევნო ხმების დათვლის პროცესის ჩაშლისა და შესაბამისად შედეგების გაეუქმების შესახებ.  

79- საარჩევნო უბანზე მომხდარი შემთხვევა გამომძიებლების მიერ არ იქნა დაკავშირებული მსგავს თავდასხმასთან მომხდარ იმავე დროს იმავე სოფლის 108- საარჩევნო უბანზე, რომელიც სავარაუდოდ იმავე დამნაშავეთა ჯგუფის მიერ განხორციელდა. ფაქტობრივად, ის საქმეებიც, რომლებიც აღიძრა ორი მამაკაცის წინაარმდეგ, რომელთაც ბრალი ედებოდათ 79- საარჩევნო უბანსა და ჩვენს დამკვირვებლებზე თავდასხმაში, გამოძიებულ და  სასამართლოში განხილულ იქნა ცალცალკე.

ჩვენი აზრით, საქართველოს სამართალდამცავმა და სასამართლო ორგანოებმა თავი შეიკავეს თავდასხმის ორგანიზებისა და მიზნების სრულფასოვანი გამოძიებისაგან და ნაცვლად აირჩიეს კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც შემოიფარგლა რამოდენიმე პასუხისმგებელი პირის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით დასჯით. თუმცა, ჩვენთვის კვლავ გაურკვეველია: თუ ეს იყო წინასწარი განზრახვით განხორციელებული თავდასხმა, რაზედაც მიუთუთებს გარემოებები, მაშინ ვინ დაგეგმა და ვინ შეუკვეთა იგი?

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ არჩევნების დაკვირვებას რათა განვამტკიცოთ დემოკრატიული ინტიტუტები და ვითანამშრომლოთ საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების უსაფრთხოება  მომავალში. საქართველო მრავალი თვალსაზრისით წინ უსწრებს  მეზობელ ქვეყნებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სტანდარტების განმტკიცების სფეროში.

თუმცა, ჯიხაშკარში მომხდარი ფაქტი მეტყველებს  იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი მიღწევებისა,  საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია წინა რეჯიმებში არსებული პრაქტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი