რეგისტრაციის გარეშე მოქმედ სილამაზის სალონებს დააჯარიმებენ

პირველი ოქტომბრიდან სილამაზის სალონები, რომლებიც რეგისტრაციის გარეშე იფუნქციონირებენ – 1000 ლარით დაჯარიმდებიან. ცვლილება კანონში C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციას ისახავს მიზნად.

ამ დრომდე სილამაზის სალონის გასახსნელად ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირება საჭირო არ იყო, შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთვის მათ შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილის თქმით, სააერთო ბაზის შექმნის შემდეგ აღნიშნული დაწესებულებების რევიზია დაიწყება:

“ამ კანონით ასევე განისაზღვრა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ასევე უპირობოდ ევალებათ დაიცვან. პირველი ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებს, რომლებიც რაიონებსა და თბილისში გვაქვს, შეუძლიათ მათი დაჯარიმება” – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ დღეს, 27 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე.

დაჯარიმების საბაბი შეიძლება გახდეს სანიტარული ნორმების დარღვევა და ხელსაწყოების სტერილიზაციისთვის საჭირო პროცედურების არასათანადოდ ჩატარება.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებები სამინისტროს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საწყის ეტაპზე დაჯარიმდებიან. საჯარიმო საქციები 50-დან 100 ლარამდე ვარირებს ფიზიკური პირის შემთხვევაში. ხოლო იურიდიული პირისთვის პირველი ჯარიმა 200 ლარიდან იქნება განსაზღვრული. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება პრობლემას არ აღმოფხვრის, ჯარიმა ორმაგდება. სამჯერ ერთი და იმავე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი შესაძლოა დაწესებულება დაიხუროს:

“ეს არის აღსრულების მექანიზმი იმისთვის, ვისაც თავისი ნებით არ უნდა ამა თუ იმ დარღვევის აღმოფხვრა” – ამბობს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე.

ეკონომიკურ რეესტრში უკვე დარეგისტრდა სილამაზის სალონი “ლონდონი”. დაწესებულების მენეჯერის, ლიკა კერესელიძის თქმით, რეგისტრაცია უფასოა და პროცედურას 10 წუთი სჭირდება.

ცვლილებების შესახებ აგვისტოში შეიტყვეს სილამაზის სალონ G&L-შიც, თუმცა რეგისტრაცია ჯერ არ გუავლიათ. სალონის მენეჯერის, სოფო კახნიაშვილის თქმით, იუსტიციის სახლში მისვლას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

მსგავსი ცვლილებები შეეხო სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც. ვალერი კვარაცხელიას თქმით, მას შემდეგ, რაც დაინერგა ლიცენზირების სისტემა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ვალდებულება დაეკისრათ, საკუთარი საქმიანობის შესახებ სამინისტროს აცნობონ, ჯანდაცვის უწყება სრულად ფლობს ინფორმაციას, თუ რამდენი მსგავსი ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებს და მათი მონიტორინგიც გამარტივდა.

ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლიდან ამოქმედდა და მისი მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება, დაავადების პრევენცია, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ეტაპობობრივი უზრუნველყოფის გზით.

გაეცანით “ნეგტაზეთის” სტატიას ამავე თემაზე –  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის რისკები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.