ახალი ამბებიეკონომიკა

2 სცენარი საქართველოს ეკონომიკისთვის | კორონავირუსი

21 მარტი, 2020 • 5274
2 სცენარი საქართველოს ეკონომიკისთვის | კორონავირუსი

რა ცვლილებები შეინიშნება ქვეყნის ეკონომიკაში ვირუსის გავრცელების შემდეგ? შევა თუ არა ეკონომიკა რეცესიაში და რას ნიშნავს ეს? როგორ აისახება შექმნილი ვითარება მოქალაქეებზე? როგორ შეიძლება ვითარების გამოსწორება/მასთან გამკლავება და რა გეგმა არსებობს საამისოდ?


24 წლის კახა გელაშვილმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო მუშაობა ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიაში, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ ფირმებს სოციალური მედიის არხების მართვას სთავაზობს.

წინა კვირას, კორონავირუსის გავრცელების რისკის ზრდის ფონზე, დისტანციურად მუშაობაზე გადავიდა, თუმცა რამდენიმე დღეში აცნობეს, რომ უწევდათ, უხელფასო შვებულებაში გაეშვათ:

„ის კომპანია, რომლის სოციალური მედიაც უნდა მემართა და რომლისგან მიღებული შემოსავლებითაც ჩემს დამსაქმებელს უნდა აენაზღაურებინა ხელფასი, მანქანების იმპორტის ბიზნესშია. ამ და სხვა არაერთ კლიენტს, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, გაჩერება მოუწიათ. ამის გამო ჩემი დამსაქმებელიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და ვერ ახერხებს ხელფასის გადახდას“, — უამბობს ის „ნეტგაზეთს“.

შვებულებაში გაუშვეს კახას მამაც, რომელიც სავაჭრო კომპანიაშია დასაქმებული — ეს უკანასკნელი, მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, დროებით დაიხურა. ეს ახალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების მხოლოდ ერთი მაგალითია.

კახა გელაშვილი ამბობს, რომ მას, სხვა ბევრი თანამოქალაქისგან განსხვავებით, ასე თუ ისე, გაუმართლა, რადგან მისი ოჯახის სხვა წევრები თავიანთი დანაზოგებით მოახერხებენ კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდას, თუმცა სხვები, შესაძლოა, უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში?

COVID-19-ის პანდემია დიდ დარტყმას აყენებს გლობალურ ეკონომიკას და გამონაკლისი არც საქართველოა. ქვეყანა ბოლო პერიოდში პანდემიით გამოწვეულ არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებასთან გამკლავებას ცდილობს, მათ შორის:

  • ლარის კურსი ეცემა: ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ორიოდე კვირაში ლარის ღირებულება დოლართან და ევროსთან მიმართებაში თითქმის 25-40 თეთრით შემცირდა: 1 დოლარი 3.19 ლარი ღირს, 1 ევრო — 3.40 ლარი;
  • ტურიზმის ინდუსტრია შემცირებულ ვიზიტებზე და შესაბამისად, საგრძნობლად ნაკლებ შემოსავალზე რამდენიმე კვირის წინ უკვე საუბრობდა, რაც მომიჯნავე ბიზნესებსაც შეეხო;
    • ბოლო დღეებში პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა: უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტა. იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც;
    • სოციალური იზოლაციის პოლიტიკის და ტურისტების ნაკადის გაქრობის პირობებში, შემცირებულია კაფეებსა და რესტორნებში მოსიარულეთა რიცხვიც;
    • ეს იმ ფონზე, რომ 2019 წელს ტურიზმის შემოსავლების ფარდობამ მშპ-სთან საქართველოში 21%-ს მიაღწია, რაც, როგორც „თიბისის“ საკონსულტაციო ფირმის სპეციალისტებიც წერენ, სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია;
  • 20 მარტიდან დაიხურა სავაჭრო ობიექტები (აფთიაქების, ბანკების, საწვავის სადგურების და სასურსათო მაღაზიების გარდა) — იმ ფონზე, როცა, საქსტატი ბოლო მონაცემებით, საბითუმო ვაჭრობას (მათ შორის ავტომობილებით ვაჭრობას) მშპ-ში უდიდესი, 14.4%-იანი წილი უჭირავს;
  • ჩამოთვლილი და სხვა ინდუსტრიების მუშაობის შეფერხება დასაქმების შემცირების და შემოსავლების შემცირების/გაქრობის რისკებს აჩენს არაერთი მოქალაქისათვის, რომელიც რაიმენაირად არის დამოკიდებული რაიმე სახის იმპორტსა თუ ექსპორტზე.

ეკონომიკის სექტორებზე ზეგავლენის შეფასება. მარცხენა მხარეს პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად მოწყვლადი სფეროებია, მარჯვნივ – უფრო მეტად მდგრადი. ილუსტრაცია/წყარო: „თიბისი კაპიტალი“, 19 მარტი.

რას ნიშნავს რეცესია?

ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი სარეიტინგო სააგენტო S&P-ის თანახმად, მსოფლიოს ეკონომიკა უკვე შევიდა გლობალურ რეცესიაში. რეცესია ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან კლებას ნიშნავს: ამ დროს იკლებს მთლიანი შიდა პროდუქტი, შემოსავლები, დასაქმება, წარმოება და საცალო გაყიდვები.

უკანასკნელი მონაცემების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 50 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც, წინა წელთან შედარებით, რეალური 5.1%-იანი ზრდა იყო. შევა თუ არა ადგილობრივი ეკონომიკა რეცესიაში?

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი, ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე გვეუბნება, ჯერჯერობით ამის ზუსტად პროგნოზირება ნაადრევია და ეს უფრო ზუსტად რამდენიმე თვეში ოფიციალურ რიცხვებზე დაყრდნობით იქნება შესაძლებელი — იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება კვარტალური ეკონომიკური ზრდა (იგივე მშპ-ის ზრდა).

„ამასთან, შესაძლოა, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული ასობით მილიონი ლარის ხარჯზე გვქონდეს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ რეცესიის თანმდევი უარყოფითი შედეგები მაინც დადგეს, მაგალითად, დასაქმება შემცირდეს, ბევრ ადამიანს შეუმცირდეს ან შეუწყდეს ხელფასი“, – ამბობს იგი.

როგორია პროგნოზები?

„თიბისი ბანკის“ საკონსულტაციო ფირმამ, „თიბისი კაპიტალმა“ 19 მარტს გამოაქვეყნა დოკუმენტი – „Covid-19-ის გავლენა ბიზნესგარემოზე“, სადაც მოვლენების განვითარების ორი შესაძლო სცენარია გაწერილი, რაც რამდენიმე ცვლადზეა დამოკიდებული.

პირველი, საბაზო სცენარი ასეთია — თუკი საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი ზომიერად გააგრძელებს ზრდას და სიტუაცია დაახლოებით ივნისიდან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, გაუმჯობესდება; თუკი ნავთობის ფასი შემდეგ თვეებში დაახლოებით დღევანდელ დონეზე იქნება, ზრდის შემდეგ კი წლის ბოლოსკენ 45-50 დოლარს მიაღწევს, ასეთ შემთხვევაში მოვლენები, სავარაუდოდ, ასე განვითარდება:

  • II კვარტალში მაქსიმალური ვარდნის და შემდეგ ეტაპობრივი გაუმჯობესების შედეგად, ტურიზმის შემოსავლების დანაკარგი აშშ დოლარში დაახლოებით 25% იქნება;
  • ტურიზმის, საქონლის ექსპორტის, გზავნილების, FDI-სა [პირდაპირი უცხოური ინვესტიციების] და იმპორტის ჯამური წმინდა დანაკარგი დაახლოებით 450 მლნ აშშ დოლარი იქნება;
  • გაიზრდება ეკონომიკის სახელმწიფო სტიმულირება, როგორც გადასახადების შემცირება/გადავადების, ასევე ხარჯვის ზრდის შედეგად;
  • ამ სცენარში 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 1.7-2.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, მე-2 კვარტალში მკვეთრი ვარდნით. უფრო ვრცლად და დეტალურად:

წყარო: „თიბისი კაპიტალი“

რას ველოდოთ უარეს შემთხვევაში?

„თიბისი კაპიტალის“ დასახული სტრესული სცენარი ასეთია: თუკი ვირუსის შეკავება მეტ დროს მოითხოვს და ვითარების გაუმჯობესება მესამე კვარტლის ბოლომდე არ დაიწყება; თუკი ნავთობსა და სხვა სასაქონლო პროდუქტებზე ფასების აღდგენა მხოლოდ 2020 წლის მე-4 კვარტლიდან იწყება, მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაში იქნება და ა.შ., სცენარი სავარაუდოდ ასე განვითარდება:

  • ზაფხულის სეზონის მნიშვნელოვანწილად დაკარგვა ტურიზმის შემოსავლების აშშ დოლარში დაახლოებით 50%-იან დანაკარგს გამოიწვევს;
  • საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორ, განსაკუთრებით კი ნავთობდამოკიდებულ ქვეყნებში რეცესია საქართველოს წმინდა შემოსავლებს დამატებით შეამცირებს;
  • სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობები მხოლოდ მე-3 კვარტლის ბოლოდან გაუმჯობესდება ეტაპობრივად;
  • ლარის კურსის მერყეობა მკვეთრად გაიზრდება, რაც მნიშვნელოვან გაუფასურებაში და შემდგომ ეტაპობრივ გამყარებაში აისახება;
  • ამ სცენარით, მშპ-ს ზრდა დადებით მაჩვენებელს მხოლოდ მე-4 კვარტალში დაუბრუნდება და ჯამში 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა რეცესიაში იქნება. უფრო ვრცლად და დეტალურად:

წყარო: თიბისი კაპიტალი

მთავრობის პასუხი შექმნილ ვითარებას

საქართველოს მთავრობამ 13 მარტს წარმოადგინა პირველადი გეგმა კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად, რომელიც რამდენიმე ნაბიჯს ითვალისწინებს, მათ შორის ტურიზმის სფეროს და მომიჯნავე ბიზნესების სესხების რესტრუქტურიზაციას. გეგმის თანახმად:

  • ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა, ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას:
  • იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს (სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვა) საქართველოს მთავრობა გადაუვადებს მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელ ქონების და საშემოსავლო გადასახადებს (1 ნოემბრამდე;
  • კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად ფინანსთა სამინისტრო, კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს);
  • გაკეთდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშულებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას. ეს პროექტი შეეხება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 სასტუმროს, რომელმაც პანდემიის შედეგად შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.

მოგვიანებით, ვითარების გამწვავების ფონზე, მთავრობაში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს:

19 მარტს, ლარის გაუფასურების პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა საკუთარი რეზერვებიდან 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ამის შემდეგ დოლარის ფასი 2.3 თეთრით შემცირდა, მაგრამ მეორე დღეს ისევ მოიმატა — 3.1 თეთრით; ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეცვალა და 9%-ზე დატოვა.

მთავრობის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ [თავდაპირველად 7, შემდეგ კი] 9 ძირითად პროდუქტზე ფასების გაძვირებას არ დაუშვებენ. ამასთან, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დროებით შეაჩერა გამოსახლებების პროცესი, რითაც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს დამატებითი რისკები თავიდან ააცილა.

[გირჩევთ წაიკითხოთ: კორონავირუსის ფონზე მთავრობას უსახლკაროების დაცვისკენ მოუწოდებენ]

კიდევ რა არის საჭირო?

TI-ს ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე ვარაუდობს, რომ მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადავადება და შემცირება, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ვერ მოხსნის არსებულ რისკებს — იმ მარტივი მიზეზის გამო, ეს გადასახადები ნავაჭრზეა დამოკიდებული, ხოლო თუკი ნავაჭრი, შესაბამისად, შემოსავალი არ იარსებებს, კომპანიები დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ დასაქმებულებს და სოციალური პრობლემები მწვავედ გამოიჩენს თავს:

„ერთი სიტყვით, რთულ მდგომარეობაში ვართ. თავდაპირველად მათ, ვისაც მცირე დანაზოგი აქვს, შეიძლება თავის გატანა მოახერხონ, ზოგიერთს შეიძლება ახლობლები დაეხმარონ, მაგრამ თანდათან სოციალური ფონი გახდება ძალიან დიდი პრობლემა. მთავრობას მოუწევს, იმაზე კი არ იყოს ორიენტირებული, როგორი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, არამედ პირდაპირ ბიუჯეტიდან დაეხმაროს მოქალაქეებს. მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ არაერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ფულის დარიგება მოსახლეობისთვის“.

17 მარტს, აშშ-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ გეგმავენ, მოქალაქეებს პირდაპირ ფინანსურად დაეხმარონ ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად; დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, შემდეგი 3 თვის განმავლობაში იმ დასაქმებულებს, რომლებიც იძულებულები არიან, შექმნილ სიტუაციაში მუშაობაზე უარი თქვან, ხელფასების 80%-ს დაუფარავენ (2500-მდე გირვანქა სტერლინგამდე ოდენობით).

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ კრიზისის დასაძლევად ბიზნესს შეღავათებს სთავაზობს: დროებით შეუჩერებს იჯარის და კრედიტის გადასახადებს. მაკრონმა პირობა მისცა ყველა მასშტაბის ფრანგულ ბიზნესკომპანიებს, რომ სახელმწიფო იქნება გარანტი და შუამავალი ბანკებთან მათი კრედიტების შესაჩერებლადაც, რაც ჯამში 300 მილიარდ ევროს მოიცავს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის — მცირე ბიზნესს სახელმწიფო შეუჩერებს არამხოლოდ იჯარის, არამედ შუქის, გაზისა და წყლის კომუნალურ გადასახადებსაც;

მოხდება თუ არა მსგავსი რამ საქართველოში? ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ბიზნესისთვის კომუნალურების გადავადების/გადაუხდელობის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება;

რაც შეეხება ერთჯერად დახმარებებს: მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებიდან ჩანს, რომ ამას არ გამორიცხავენ. 21 მარტს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა:

„უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი — რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“.

ბესო ნამჩავაძე შიშობს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ „2020 წლის ბიუჯეტი არჩევნების მოსაგებად იყო გათვლილი“, საამისოდ საამისოდ თანხების მოძიება გაჭირდება, თუმცა ფაქტია, რომ „არიან ადამიანები, ვინც პირისპირ დარჩნენ უფულობასთან და მთავრობას მოუწევს ბიუჯეტიდან რაღაცების კეთება“.

ადგილობრივი წარმოება

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ამბობს, რომ „ჩვენი ეკონომიკა ვერ იქნება ისეთი, როგორც აქამდე იყო“. მისი თქმით, იმისთვის, რომ ეკონომიკა რეცესიაში არ შევიდეს, დაახლოებით ორჯერ მეტად უნდა განვითარდეს. რაღაც დონეზე მიდგომების ცვლილება მთავრობაშიც შეინიშნება:

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თქვა, მივესალმები, ეკონომიკის ნაცვლად, ტურიზმის სამინისტრო ვიყოთო, ახლა  აცხადებს, რომ „მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზება და განვავითაროთ საკუთარი წარმოება“.

ქვეყანაში უკვე დაიწყო სამედიცინო პირბადეების წარმოება: თურნავამ განაცხადა, რომ 10-მდე საწარმო ჩაერთო ამ საქმეში. არის საუბარი სადეზინფექციო ხსნარების წარმოებაზეც.

ნათია თურნავამ 18 მარტს განაცხადა, რომ მან და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალება, წარმოების პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ „გადააწყონ“ იმგვარად, რომ კვების დეფიციტურ თუ სხვა სახის პროდუქტების ადგილობრივ წარმოებებს შეუწყონ ხელი.

გრძელვადიანი გეგმა

თუმცა, როგორც ბესო ნამჩავაძე ამბობს, იმპორტის ჩანაცვლება ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით ტექნიკის სფეროში. ამიტომ ის გრძელვადიანი გეგმისა და ხედვის საჭიროებაზე საუბრობს:

„მთავრობის თავდაპირველი გეგმა საკმაოდ დეტალური იყო, თუმცა მაშინ უფრო იოლად ჩანდა სიტუაცია, — რომ სასტუმროებს ექნებოდა პრობლემები. მაგრამ ახლა ეს უკვე ყველას პრობლემაა. ახლა საჭიროა, გრძელვადიანი გეგმის ხედვა გაჩნდეს. მთავრობა ჯერჯერობით ფაქტობრივად ჩუმად არის ამ მიმართულებით“, – ამბობს იგი.

ბესო ნამჩავაძე საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსური დახმარების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს: „საგარეო დახმარების გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ამ პერიოდის „გადაგორება“. რაც უფრო რთულად ჩაივლის ეს პერიოდი, ეს ნიშნავს უფრო მეტად გაღარიბებას. ამიტომ ამაზე ვართ დამოკიდებული“, – ამბობს იგი. 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ მიდის მოლაპარაკებები „მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების გამოყოფის შესახებ“ საერთაშორისო დონორებისგან, მათ შორის მსოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარების ბანკისგან (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და ა.შ. მას თანხის ოდენობა არ დაუზუსტებია.

20 მარტს გამართულ ბრიფინგზე პრემიერის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დაავალა, „უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა“.

ნახეთ ასევე:

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად

მასალების გადაბეჭდვის წესი