ახალი ამბები

B, C ჰეპატიტებისა და კორონავირუსის გავრცელების დასადგენად კვლევას ჩაატარებენ

21 ივნისი, 2021 • 1341
B, C ჰეპატიტებისა და კორონავირუსის გავრცელების დასადგენად კვლევას ჩაატარებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული (NCDC) ცენტრის განცხადებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაფინანსებით, ორგანიზაცია ჩაატარებს საქართველოში SARS-CoV-2-ისა და ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციურ კვლევას.

NCDC-ის განცხადებით, კვლევა დაიწყება 2021 წლის ივნისის ბოლოს და გაგრძელდება ორი თვის განმავლობაში.

კვლევის ფარგლებში 16-20 ივნისს დაგეგმილია CDC-სა და NCDC-ის თანამშრომლების მიერ საველე და ლაბორატორიული ჯგუფებისათვის კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის შესახებ ხუთდღიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება, ასევე, საცდელი საველე სამუშაო:

“აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში შემთხვევითობის მეთოდით შერჩეულ მისამართებზე მცხოვრები 5-17 წლის ბავშვები და 18 წლის ან მეტი ასაკის მოზრდილი მოსახლეობა. ეპიდემიოლოგები კვლევაში შერჩეულ პირებთან ჩაატარებენ ინტერვიუს კითხვარის მეშვეობით. იმავე პირებს ჩაუტარდებათ სისხლის ლაბორატორიული ტესტირება სამ ვირუსულ ინფექციაზე (SARS-CoV-2, ვირუსული B და C ჰეპატიტები). აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება გადატანილი და/ან მიმდინარე ინფექციების არსებობა”, — აცხადებენ NCDC-ში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ 2015 წელს, ქვეყნის მასშტაბით, B და C ჰეპატიტების გავრცელების ტვირთის დასადგენად საქართველოში პირველად ჩატარდა ეროვნული სეროპრევალენტობის კვლევა მოზრდილ მოსახლეობაში.

აღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში 150 000 ადამიანს (მოზრდილი მოსახლეობის 5,4%) აქვს აქტიური C ჰეპატიტი და საჭიროებს მკურნალობას.

“კვლევის შედეგების საფუძველზე, 2015 წელს შემუშავდა 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგია და ეროვნული პროგრამა, რომლის მიზნად 2020 წლისთვის C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის 90%-ით შემცირება იქნა დასახული. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია C ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით. უახლესი მონაცემებით, C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარებული აქვს საქართველოს 2.5 მილიონ მოქალაქეს.

ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 115 000-მდე პირს. მათგან C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 74 000-ზე მეტი. განკურნების მაჩვენებელმა 99%-ს მიაღწია. 2019 წელს ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) მიერ საქართველოს მიენიჭა ვირუსულ ჰეპატიტებთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის საპატიო ტიტული”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

NCDC-ს თქმით, ფართომასშტაბიან სკრინინგს, ტესტირებას და ხელმისაწვდომ მკურნალობას მნიშვნელოვნად უნდა შეემცირებინა ქრონიკული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში, რისი დადასტურებაც სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგებით გახდება შესაძლებელი:

“კვლევა საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამის პროგრესი. კვლევის მიზანია აგრეთვე გამოავლინოს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ B ჰეპატიტის იმუნიზაციის ჯანმოს მიერ დადგენილ სამიზნეებს და შეაფასოს B ჰეპატიტის ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში.

საქართველოში SARS-CoV-2-ის პირველი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ქვეყანა ინტენსიურად ახორციელებს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო და საკონტროლო ღონისძიებებს, აფართოებს ტესტირების ფარგლებს, უზრუნველყოფს ტესტების ხარისხის მონიტორინგს და იკვლევს ყველა დადასტურებულ შემთხვევას. სეროპრევალენტობის კვლევის მიზანია, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით” ,- აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

მასალების გადაბეჭდვის წესი