ახალი ამბები

C ჰეპატიტის ელიმინაციის ხუთწლიანი სტრატეგია დამტკიცდა

16 აგვისტო, 2016 • 2772
C ჰეპატიტის ელიმინაციის ხუთწლიანი სტრატეგია დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ დღეს, 16 აგვისტოს, გამართულ სხდომაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის მიზანი 2020 წლისთვის C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევა და დაავადებულთა 95%-ის განკურნებაა.

ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან  57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს  – ჰარვონსა” ან “სოვალდს” (სოფოსბუვირი), რომელსაც საქართველოს მათი მწარმოებელი კომპანია, “გილეადი” აწვდის.

C ჰეპატიტის ეროვნული პროგრამა 2015 წლის მაისიდან მოქმედებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7500-ზე მეტმა პაციენტმა კურსი უკვე დაასრულა და მათმა 92%-მა ვირუსის დათრგუნვა მოახერხა, ხოლო დანარჩენ 8 %-ს პროგრამაში ხელმეორედ ჩართვის შესაძლებლობა და განსხვავებული კურსით მკურნალობის საშუალება აქვთ განახლებული პრეპარატით, რომელიც საქართველოში შემოდგომიდან შემოვა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბიუჯეტმა 2015 წელს შეადგინა 8 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს 22 მილიონამდე გაიზარდა.

ელიმინაციის პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება, დაავადების პრევენცია, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ეტაპობობრივი უზრუნველყოფის გზით.

გაეცანით “ნეგტაზეთის” სტატიას ამავე თემაზე –  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის რისკები.

მასალების გადაბეჭდვის წესი