ახალი ამბები

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის რისკები

4 აგვისტო, 2016 • 6383
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის რისკები

რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს იმისთვის, რომ ძვირადღირებული მედიკამენტები, რომლებითაც კომპანია “გილეადი” უსასყიდლოდ ამარაგებს საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის, მესამე პირის ხელში ან “შავ ბაზარზე” არ აღმოჩნდეს?

მექანიზმი წამლის გადაყიდვის წინააღმდეგ

იმის გამო, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო წამლები – ჰარვონი” ან “სოვალდი” (სოფოსბუვირი), რომლებსაც “გილეადი” ჩუქნის საქართველოს, ძალიან ძვირი (ერთი აბი დაახლოებით 1000 აშშ დოლარი, ხოლო ერთი კოლოფი დაახლოებით 28 ათასი აშშ დოლარი) ღირს, დიდია იმის რისკი, რომ ის გადამყოდველების ხელში აღმოჩნდეს, ან უშუალოდ პროგრამაში ჩართულმა ბენეფიციარმა გამოიყენოს ის არა დანიშნულების, არამედ კომერციული ინტერესებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პაციენტი, რომელიც ერთვება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში (ეს პროგრამა საქართველოში 2015 წლის მაისიდან მოქმედებს), პრეპარატს არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად იღებს.

პროგრამაში ჩართული ბენეფიციარი, როდესაც მას გადაეცემა წამალი, კოლოფს ვიდეოკამერის წინ ხსნის და პირველ აბს სტაციონარშივე სვამს. ამის შემდეგ ის ვალდებულია ყოველ მეთოთხმეტე დღეს გამოცხადდეს სტაციონარში, სადაც ხდება დარჩენილი აბების ხელთავიდან გადათვლა, ასევე, კამერის წინ.

თვის ბოლოს კი პაციენტი კვლავაც უნდა მივიდეს კლინიკაში, რათა ჩააბაროს ანალიზები, უკვე ცარიელი კოლოფი და ამის შემდეგ იგივე პროცედურით ის ახალ კოლოფს მიიღებს.

“იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცედურებიდან რომელიმე დაირღვა, ან გაჩნდა ეჭვი, რომ პაციენტი პრეპარატს არ იღებს, კლინიკას შეუძლია ეს პაციენტი ე.წ. “დოტ” პრინციპზე გადაიყვანოს,” – განმარტავს  ეკა ადამია ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელი.

“დოტ” პრინციპი გულისხმობს პრეპარატის მისაღებად პაციენტის სტაციონარში მისვლას ყოველდღიურად.

პროგრამის ფარგლებში მუდმივად კონტროლდება თავად სტაციონარებიც:

“არის როგორც საჯარიმო სანქციები, ასევე, სხვადასხვა რეგულაციები, რაც ზოგადად მოქმედებს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მხრივ. თუ კლინიკის ფარგლებში დაიკარგა საერთოდ მედიკამენტი და კლინიკის პასუხისმგებლობა დადგინდა, კლინიკას თავად უწევს ანაზღაურება ამ მედიკამენტის საბაზრო ღირებულების. ესეც ამ დადგენილებაშია გაწერილი,” – განმარტავს ეკა ადამია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჯერ არ ჰქონიათ შემთხვევა, რომლითაც გამოვლინდებოდა მედიკამენტის გადაყიდვის ფაქტი, თუმცა ეკა ადამიას თქმით, პროგრამის განხორციელების პერიოდში, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პაციენტმა უფრო მეტი აბი დალია, ვიდრე – უნდა დაელია,  რადგან კარგად ვერ გაიგო დანიშნულება და დღეში სამჯერ დალია და არა ერთხელ:

“რომ მოვიდა ორკვირიანის დათვლაზე, აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი ჰქონდა დალეული. ან ზოგმა პირიქით, დალია კვირაში ერთი. მექანიზმი “დოტი” გამოიყენება ასეთ შემთხვევაში,” – განმარტავს ეკა ადამია.

ბენეფიციარების ზრდის რისკი სხვა ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე

იმისათვის, რომ პირი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთოს, აუცილებელია, ის საქართველოს მოქალაქე იყოს, ანუ წარადგინოს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს.

ამ დროის მონაცემებით,  პროგრამაში მონაწილეობისთვის 14 000-ზე მეტი პაციენტია რეგისტრირებული, უცნობია რამდენი მათგანია აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის პირველ ეტაპზე მათი რაოდენობა იყო 30-მდე, ხოლო შემდეგი მონაცემები სრულყოფილად არ აქვთ დათვლილი.

თეიმურაზი, რომელმაც C ჰეპატიტი სწორედ სახელმწიფო პროგრამის საშუალებით დაძლია, ამბობს, რომ სმენია, თუმცა ზუსტი ცნობები არ აქვს ისეთი ფაქტების შესახებ, როცა სხვა რესპუბლიკებიდან ჩამოდიან საქართველოში, ხელს აწერენ ფიქტიურად, რათა მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა და ჩაერთონ პროგრამაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელ დოკუმენტს, ეს საკმარისია პროგრამაში ჩართვისთვის და ისინი არ ინტერესდებიან პირის ეთნიკური წარმომავლობით.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ახალი თაობის მედიკამენტი, რომელსაც C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების სამკურნალოდ იყენებენ ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

როგორ ხდება ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვა?

“დაახლოებით ხუთი წლის წინ შემთხვევით გავიგე, რომ C ჰეპატიტით ვიყავი დაინფიცირებული”, – იხსენებს თეიმურაზი, თუმცა, როგორც ამბობს, პრეპარატების ფასის გამო მკურნალობის დროულად დაწყება ვერ მოახერხა. მას შემდეგ, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, თეიმურაზმა მასში მონაწილეობა გადაწყვიტა. როგორც იხსენებს, პროგრამაში მალევე ჩართეს და კომბინირებული მკურნალობაც დაუნიშნეს. თუმცა მკურნალობის დაწყებამდე და მის პროცესშიც საჭირო კვლევების დაფინანსება თავად მოუხდა.

როგორც პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთ კლინიკაში გვითხრეს, პაციენტებს საშუალოდ სამ ან ექვსთვიანი მკურნალობის კურსი ენიშნებათ, თუმცა არის შემთხვევები, როცა ექიმები უფრო ხანგრძლივი კურსის დანიშვნას ამჯობინებენ. თეიმურაზის შემთხვევაში კი, ღვიძლის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ერთთვიანი ინტენსიური კურსი შეირჩა.

ექვსთვიანი კურსი ჰქონდა დანიშნული პროგრამის კიდევ ერთ ბენეფიციარს ირაკლის. მან დაავადების შესახებ 20 წლის წინ შეიტყო და მკურნალობაც მაშინვე დაიწყო:

“ვმკურნალობდი ინტერფერონით, რომელმაც დროებით მომცა რემისია, მაგრამ ისევ ამომივარდა ეს ვირუსი. შემდეგ ამ პროგრამაში ჩავერთე, გავიარე ექვსთვიანი კურსი და ახლა გამიქრა ვირუსი. ჩემი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და ამ პროგრამის ერთ-ერთი პრიველი პაციენტი ვარ. დაავადების სიმძიმის მიხედვით რთავდნენ ადამიანებს პროგრამაში, ყველაზე მძიმეებით დაიწყეს. წინარე ანალიზებზეც მქონდა თანადაფინანსება. ცალკე ჯანდაცვის სამინისტროსგან და ცალკე მერიისგან, ძალიან ცოტა თანხის დამატება იყო საჭირო,” – იხსენებს ირაკლი.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოში გვითხრეს, მკურნალობაში ჩასართავად დაახლოებით 400-დან 480 ლარამდეა საჭირო. თანხა მოიცავს პროგრამით განსაზღვრული კვლევების ღირებულებას. აქედან, სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის 70%-ს აფინანსებს, ხოლო სხვა დანარჩენი მოქალაქეები 30%-იანი შეღავათით სარგებლობენ. ეკა ადამიას თქმით, პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობებთან და თბილისის მერიასთან.

“თბილისის მერია უზრუნველყოფს თბილისის მოსახლეობის თანადაფინანსების წილის ანაზღაურებას. სოციალურად დაუცველებს სრულად უფინანსებს იმ 30 პროცენტს , რაც რჩება სახელმწიფო პროგრამის მიღმა და დანარჩენ მოსახლეობას 60 პროცენტს უფინანსებს. სხვა რეგიონები სხვადასხვა პრინციპით აფინანსებენ,” – ამბობს ადამია.

2016 წლის ივნისიდან ამოქმედდა C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი, რომელში ჩართვაც უკვე C ჰეპატიტის მქონე ყველა პაციენტი შეძლებს ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიუხედავად.

შესაძლებელი იქნება თუ არა ელიმინაცია?

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7500-ზე მეტმა პაციენტმა კურსი უკვე დაასრულა და მათმა 92%-მა ვირუსის დათრგუნვა მოახერხა, ხოლო დანარჩენ 8 %-ს პროგრამაში ხელმეორედ ჩართვის შესაძლებლობა და განსხვავებული კურსით მკურნალობის საშუალება აქვთ განახლებული პრეპარატით, რომელიც საქართველოში შემოდგომიდან შემოვა.

ელიმინაციის პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება, დაავადების პრევენცია, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ეტაპობობრივი უზრუნველყოფის გზით.

გარდა დაავადებული პაციენტების გამოვლენისა და მათი პროგრამაში ჩართვისა, პროგრამა იმ დაწესებულებების კონტროლსაც ითვალისწინებს, სადაც ამ ვირუსით დაავადების მაღალი რისკია, ესენია: სტომატოლოგიური კლინიკები, ტატუ და სილამაზის სალონები. შემოწმების მიზანი ინფექციების კონტროლია. სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგის მსგავსად ტატუსა და სილამაზის სალონების შემოწმებაც C ჰეპატიტის ელიმინაციასა და პრევენციას ემსახურება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბიუჯეტმა 2015 წელს შეადგინა 8 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს იგი 22 მილიონამდე გაიზარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი