ახალი ამბები

საქართველოში 17 ათასმა ადამიანმა იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს, თუმცა მკურნალობას არ იწყებს

29 ივლისი, 2020 • 1779
საქართველოში 17 ათასმა ადამიანმა იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს, თუმცა მკურნალობას არ იწყებს

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარლებში, 2020 წლის ივნისის მონაცემებით, მკურნალობა პაციენტთა სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 54%-მა დაიწყო. აღნიშნული პროგრამა საქართველოში 5 წლის წინ დაიწყო და მის ფარგლებში ბენეფიციარებს $60 000-ის ღირებულების მკურნალობის კურსის გავლას უფასოდ სთავაზობენ.

პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის ივნისისთვის, საქართველოს მოსახლეობის 69% შეამოწმეს C ჰეპატიტზე (2.3 მილიონი ადამიანი). პროგრამაში 70 000 ადამიანი ჩაერთო, 65 000-მა კი მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. 

როგორც ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ პაციენტების დაახლოებით 20% პროგრამის პირველივე სტადიაზე იკარგება. საუბარია ბენეფიციარებზე, რომლებსაც ორგანიზმში C ჰეპატიტის ანტისხეულები უფიქსირდებათ, თუმცა ე.წ. კონფირმაციულ კვლევას აღარ იტარებენ:

“რამდენიმე ჯგუფია, რომელიც ვიცით, რომ დაიკარგა. ერთი, როდესაც პაციენტებს გამოავლენ და აქვს C ჰეპატიტის ანტისხეულები. ეს ნიშნავს, რომ მას ან ახლა აქვს აქტიური C ჰეპატიტი, ან გადაუტანია. მარტო ანტისხეულებით ვერ დაადგენ, რომ მას აქვს ჰეპატიტი და მკურნალობა სჭირდება. ასეთმა ავადმყოფებმა შემდგომ უნდა ჩაიტარონ გამოკვლევა PCR ტესტზე. აი, ამ სტადიაზე, როდესაც ანტისხეულები გამოუვლინდებათ და ვეუბნებით, რომ PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ, პაციენტების 20% იკარგება, ანუ არ იტარებენ PCR ტესტს. ეს სერიოზული დანაკარგია იმიტომ, რომ ამ პაციენტებმა რეალურად არ იციან, მკურნალობა სჭირდებათ თუ არა”, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ სტადიაზე კი პაციენტების კიდევ დაახლოებით 20% მკურნალობაში არ ერთვება და დღეისთვის იმ პირთა რიცხვი, რომლებმაც PCR ტესტირების შედეგად დადასტურებულად იციან, რომ აქტიური C ჰეპატიტი აქვთ, თუმცა მკურალობა არ დაუწყიათ, 17 000-ს აღწევს:

“ეს ყველაზე გულდასაწყვეტია იმიტომ, რომ იმ პირველმა კატეგორიამ გაიგო, რომ შეიძლება ჰქონდეს C ჰეპატიტი და არ დაინტერესდა, აქვს თუ არა ეს დაავადება, მაგრამ ის კატეგორია, რომელმაც PCR ტესტი გაიკეთა და მიიღო დადებითი პასუხი, ნიშნავს 100%-ით, რომ მას აქვს ახლა C ჰეპატიტი და სჭირდება მკურნალობა. აი, ასეთი პაციენტების 20% არ მიდის მკურნალობის დასაწყებად. ეს არის ყველაზე მტკივნეული ადგილი და გულდასაწყვეტი ჩვენს პროგრამაში, რადგან ადამიანმა დაიდგინა, რომ მას სჭირდება მკურნალობა და არ მიდის”, – აღნიშნავს ცერცვაძე.

ცერცვაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ C ჰეპატიტი ისეთი დაავადებაა, რომელიც ადრეულ სტადიაზე პაციენტში მწვავედ არ ვლინდება, თუმცა დროთა განმავლობაში დიდი რისკია იმისა, რომ პაციენტს ციროზი და ღვიძლის კიბო განუვითარდეს. ამასთან, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ  2019 წლის პირველი აგვისტოდან სრულად მოხსნილია ფინანსური ბარიერიც და ბენეფიციარებისთვის სრულიად უფასოა პროგრამის გავლა, რომელსაც გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 99% აქვს:

“პროგრამის დასაწყისში იყო თანაგადახდა და 300 ლარამდე ჯდებოდა. შეიძლება, ვიღაცისთვის, ვინც დღეს თავს კარგად გრძნობს, ეს 300 ლარის დანახარჯიც დაბრკოლება ყოფილიყო, მაგრამ ახლა აბსოლუტურად უფასოა და მაინც არ მოდიან . ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი, რადგან ეს პროგრამა მუდმივი არ არის, რამდენიმე თვის მერე დამთავრდება და ეს პაციენტი დარჩება C ჰეპატიტით და შემდეგ, ძალიანაც რომ მოინდომოს, $60 000 (180 ათას ლარზე მეტი) შეიძლება ვერ იშოვოს და ვერ იმკურნალებს”, – აღნიშნავს ცერცვაძე.

მისი თქმით, ამგვარი პაციენტების მკურნალობაში ჩასართავად სახელმწიფომ ე.წ. მიდევნების პროგრამა დაიწყო, რომელიც ასეთ პაციენტებს უკავშირდება და მათ პროგრამაში ჩართვას ცდილობს.

ამასთან, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ გაიზარდა პროგრამაში ჩართვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 39 კლინიკა ფუნქციონირებს, სადაც ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს მკურნალობენ:

“შესაძლოა თავიდან იყო გეოგრაფიული ხელმიუწვდომობა, მაგრამ ფინანსური ბარიერი მთლიანად მოიხსნა. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა შეიძლება ვიღაცისთვის რჩება. 39 კლინიკა მკურნალობს ამჟამად საქართველოში და მათგან 10 -პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ოჯახის ექიმები. ახლა რჩება რაღაც გეოგრაფიული ხელმიუწვდომობა, მაგრამ 69 ქალაქი და რაიონია საქართველოში და ყველგან არ არის, მაგრამ მიმდებარეში მაინც არის.

შესაბამისად, გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობა შეიძლება ჩავთვალოთ მიზეზის მცირე ნაწილად იმ რაიონებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის კლინიკა, მაგრამ დიდი უმრავლესობა იმ ქალაქებიდანაა, სადაც არის კლინიკა. მაგალითად, თბილისში რამდენიმე ასეთი კლინიკაა და თბილისში არიან პაციენტები, რომლებმაც იციან, რომ სჭირდებათ მკურნალობა და მაინც არ მიდიან სამკურნალოდ”, – ამბობს ცერცვაძე.

ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა მთავარ პრობლემად, რის გამოც პროგრამა დასახულ მიზნებს განსაზღვრულ ვადაში ვერ ასრულებს, სისტემურ გაუმართაობაში ხედავს. კერძოდ, ვერულავა მიიჩნევს, რომ საკმარისად განვითარებული არ არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი როგორც ამ პროგრამაში, ასევე, მთლიანად, ჯანდაცვის სისტემაში:

“უმთავრესი პრობლემა არის სისტემური. ცხადია, მოიხსნა ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა. სახელმწიფომ თანაგადახდა საკუთარ თავზე აიღო, რაც კარგია. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გასაზრდელადაც, თუმცა ეს არ არის უმთავრესი ბარიერი იმისთვის, რომ მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროგრამაში. ეს არის სიტემური პრობლემა, რასაც საქართველოში უვკე 30 წელია ვხედავთ და ვერა და ვერ დაადგა საშველი”, – ამბობს ვერულავა “ნეტგაზეთთან”.

ჯანდაცვის ექსპერტი აღნიშნავს, რომ პირველად ჯანდაცვას სისტემაში საძირკვლის როლი აქვს და მთელი სისტემის ცენტრი უნდა იყოს. მისი თქმით, სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს, პირველ რიგში, პრევენციაზე და არა მკურნალობაზე, მათ შორის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაშიც ფუნდამენტური სწორედ დიაგნოსტიკისა და პრევენციის კომპონენტია:

“ჩვენთან ოჯახის ექიმის ინსტიტუტი რომ ვერ დაედო საძირკვლად ჯანდაცვის სისტემას, ეს განაპირობებს მრავალ ნეგატიურ პროცესს თუნდაც C ჰეპატიტთან მიმართებით. რამდენადაც C ჰეპატიტი არ არის მხოლოდ მკურნალობა, უმთავრესად ის არის პრევენცია. ჩვენ ხომ მთელ მოსახლეობას არ ვმკურნალობთ, ჩვენ უნდა გამოვავლინოთ პაციენტები, რაც არის პრევენცია, პროფილაქტიკა. ამ პროფილაქტიკაში უმთავრესი და გადამწვყეტი როლი ოჯახის ექიმს აქვს. შესაბამისად, ქვეყანაში, სადაც პირველადი ჯანდაცვის სისტემა სუსტად არის განვითარებული, ასეთ ქვეყანაში, ცხადია, C ჰეპატიტის გამოვლენა, მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა ვერ მოხდება. ეს სისტემური პრობელმაა.

თუ ოჯახის ექიმი არ დახვდა ამ პრობლემას, ვერანაირ შედეგებს ვერ მიაღწევს. ოჯახის ექიმს ის როლი აქვს, რომ გეოგრაფიულად, თითოულ ოჯახის ექიმს აქვს თავის სამეთვლაყურეო უბანი, მათ 24 საათის გნამავლობაში უნდა ჰქონდეთ კონტაქტი ბენეფიციარებთან. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი სისტემა რომ იყოს ქვეყანაში, რომ ოჯახის ექიმს სათანადო ნდობა აქვს პაციენტების მხრიდან, ისინი 24 საათის განმავლობაში ურეკავდნენ ან ექიმს ჰქონდეს მათთან კომუნიკაცია, ეს პრობლემა ხომ აღმოიფხვრებოდა. მოხდებოდა დაავადების გამოვლენა და დაჩქარდებოდა პროფილაქტიკური ღონისძიების ჩატარება” ,- ამბობს ვერულავა.

მისი თქმით, პრევენციული ღონისძიებების დანერგვა მოკლევადიანი სტრატეგიებით ვერ მოხდება, საქართველოში კი აქცენტი სწორედ ამაზე კეთდება:

“პირველადი ჯანდაცვა და საერთოდ პროფილაქტიკა-პრევენცია სტრატეგიული გეგმაა, მკურნალობისგან განსხვავებით, ეს მოკლევადიანი ვერ იქნება. ჩვენ ვცხოვრობთ მოკლევადიანი გეგმებით, ერთი არჩევნებიდან მეორე არჩევნებამდე, ერთი ოთხწლედიდან მეორემდე. სისტემური აზროვნება ჩვენთან არ არის” ,- აღნიშნავს ვერულავა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ექსპერტი ამ მიმართულებით ასახელებს, საზოგადოებაში არსებული სტიგმაა, მათ შორის, დამარბკოლებელია ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა:

“ცხადია, საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით. საერთოდ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალებაა მზის სხივი როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. რაც უფრო ნათელი და გამჭვირვალე იქნება ნარკომომხმარებლებთან მიმართებით პოლიტიკა საქართველოში, უფრო უკეთესი შედეგი იქნება. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც საზოგადოების მხრიდან ბევრი სტიგმაა ამ სეგმენტზე. კვლევები გვიჩვენებს, რომ ის ქვეყნები, სადაც უფრო მეტად გამჭვირვალე მიდგომები არსებობს, სადაც უფრო ღიაობაა და თავისუფალი მიდგომები, იქ უფრო მეტი შედეგები დაიდო C ჰეპატიტთან მიმართებით და ეს კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და თავისუფალი და გამჭვირვალე გახდეს”, – აღნიშნავს ვერულავა.

რატომ ვერ მოხერხდა დადგენილ ვადებში პროგრამის მიერ დასახული მაჩვენებლის მიღწევა და როდემდე გაგრძელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტებს ხელი $60 000-ის ღირებულების მკურნალობის კურსზე უსასყიდლოდ მიუწვდებათ, “ნეტგაზეთმა” დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძესაც მიმართა.

გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანამ დასაწყისშივე ამბიციური გეგმები დაისახა და ვინაიდან ამ ტიპის გლობალური პროექტი პირველად ხორციელდება, საწყის ეტაპზე შესაძლოა რიგი კომპონენტებისა წინასწარ ვერ გაითვალისწინეს, თუმცა აცხადებს, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში

“ბევრ მიზეზზე შეიძლება ვიმსჯელოთ, ეს ჩვენი საქმიანი განხილვის საგანია. ამ ტიპის გლობალური პროექტი პირველად ხორციელდება მთელ მსოფლიოში. ამიტომ, შეიძლება საწყის ეტაპებზე რაღაცები ვერ გაითვლაისწინო, მაგრამ ფაქტია, საქართველოს შედეგები როგორც სკრინინგის, ისე მკურნალობის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში” ,- ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ამჟამად ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც პროგრამის მომავალი 5 წლის გეგმებს განსაზღვრავს:

“ახლა მზადდება ახალი სამოქმედო გეგმა მომავალი 5 წლის. მე მაინც ვფიქრობ, ჩემი გათვლებით, თუ COVID-19-მა არ შეგვიშალა ხელი, 2022-2023 წელს ალბათ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ელიმინაციას”, – აღნიშნავს გამყრელიძე.


ელიმინაციის პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება, დაავადების პრევენცია, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ეტაპობრივი უზრუნველყოფის გზით.

გარდა დაავადებული პაციენტების გამოვლენისა და მათი პროგრამაში ჩართვისა, პროგრამა იმ დაწესებულებების კონტროლსაც ითვალისწინებს, სადაც ამ ვირუსით დაავადების მაღალი რისკია, ესენია სტომატოლოგიური კლინიკები, ტატუ და სილამაზის სალონები. შემოწმების მიზანი ინფექციების კონტროლია. სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგის მსგავსად, ტატუსა და სილამაზის სალონების შემოწმებაც C ჰეპატიტის ელიმინაციასა და პრევენციას ემსახურება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბიუჯეტმა 2015 წელს შეადგინა 8 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს 22 მილიონამდე გაიზარდა. 2016 წელს საქართვლოს მთავრობამ C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია დაამტკიცა. 5-წლიანი პროგრამის შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს C ჰეპატიტით დაავადებულთა 95%-ის გამოვლენასა და მკურნალობას. ამისთვის საქართველომ ფარმაცევტულ კომპანია “გილიადთან” გააფორმა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კომპანია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს – ჰარვონსა და სოფოსბუვირს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2015 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის შორის C ჰეპატიტით დაავადებული აქტიური პაციენტის წილადობა 5.7%-ს შეადგენს, რის გამოც საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც C ჰეპატიტის მაღალი დატვირთვა აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი