სამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო – ‘დაკარგული სამოთხე’ აზერბაიჯანელი დევნილთათვის და თვის სხვა მნიშვნელოვანი ამბები

15 მაისი, 2017 •
საქართველო – ‘დაკარგული სამოთხე’ აზერბაიჯანელი დევნილთათვის და თვის სხვა მნიშვნელოვანი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, სერგეი ლავროვის ვიზიტი სოხუმში, საქართველოდან გაძევებული აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრები, სომეხთა გენოციდის დღის აღნიშნვა განსხვავებული აქცენტებით – ამ და სხვა თემებზე წაიკითხავთ ნეტგაზეთის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ სტატიაში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში 2017 წლის აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს შეგვახსენებს.

ბიბილოვი თიბილოვის ნაცვლად

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ანატოლი ბიბილოვი გამოაცხადა, რომელმაც წინა პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და კგბ-ის თანამშრომლად ცნობილი ალან გაგლოევი დაამარცხა. მოსახლეობის უმრავლესობამ ასევე მხარი დაუჭირა დე ფაქტო რესპუბლიკისათვის ‘ალანიის სახელმწიფოს’ გადარქმევის საკითხსაც არჩევნების პარალელურად ჩატარებულ პლებისციტში. ასე დასრულდა 2017 წლის საგაზაფხულო საარჩევნო ვნებათაღელვა სამხრეთ კავკასიაში.

ბიბილოვმა გამარჯვებისთანავე რუსულ სააგენტო ‘ტასთან’ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის პოზიცია, რაც აქამდეც კარგად ცნობილი იყო რეგიონის ექსპერტებისათვის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის – მისი მთავარი მიზანი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაა. როგორც ადრეც ვწერდით, სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლებსაც გადაწყვეტილი აქვთ რუსეთთან ინტეგრაცია. იქაური პოლიტიკა, თუკი მთლიანად არ კონტროლდება, მჭიდროდაა დაკავშირებული კრემლთან. მოსკოვი კი, აშკარაა, აქტიურადაა დაინტერესებული ინტეგრაციის გაღრმავებით, ან, ყველაზე ცოტა, ინტეგრაციის არჩევანის შენარჩუნებით. ჯერჯერობით კვლავ ბუნდოვანია, რომელ გზას დაადგება სამხრეთ ოსეთი და არის თუ არა შანსი იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე მინიმალურ პოლიტიკური დებატი მაინც გაჩნდეს.

ლავროვის აფხაზური ვიზიტი

18 აპრილს სოხუმმა უმასპინძლა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელიც 6 წლის შემდეგ ეწვია აფხაზეთს. ამავე დღეს გაიხსნა სოხუმში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსი, რომელიც, როგორც ლავროვმა თქვა, ხაზს უსვამს ‘სტრატეგიულ პარტნიორობას აფხაზეთსა და რუსეთს შორის’.

‘ჩვენ დაინტერესებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ თანასწორუფლებიანობის პოლიტიკას აფხაზეთის ყოველი მოქალაქისათვის, და გვსურს, ყველამ მშვიდად იგრძნოს თავი’, განაცხადა ლავროვმა ვიზიტისას. 2013 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის თანახმად, აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა უმრავლესობას, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ, აფხაზეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამან ეთნიკურად ქართველებს გადაადგილების თავისუფლება, ხმის მიცემის უფლება და სხვა მნიშვნელოვანი უფლებები შეუზღუდა.

ლავროვის ეს განცხადება საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც შესაძლოა, გალში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას ემსახურებოდეს და, ამავე დროს, დანარჩენი აფხაზების წარმოდგენაში მათი, როგორც ‘ქართული მეხუთე კოლონის’ ხატის ერთგვარ ტრანსფორმაციას.

ლავროვის ვიზიტი ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის მწვავე პოლიტიკური განცხადებების მორიგი საბაბიც გახდა: ჯერ ქართულმა მხარემ ნეგატიურად შეაფასა სერგეი ლავროვის სოხუმში ჩასვლა, მას ‘პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელება’ უწოდა და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა,  პატივის სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. პასუხად კი სოხუმიდან ქართულ მხარეს მოუწოდეს, ‘საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოძველებული გაგების ჟონგლირებით, საკუთარი თავისა და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუება შეწყვიტოს და რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობა აღიაროს’.

აფხაზურ-იტალიური კავშირის მარცხი

მას შემდეგ, აპრილის ბოლოს/მაისის დასაწყისში რაც სოხუმსა და მცირე იტალიურ ქალაქ სანტა მარია დელ ჩედროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ პროტოკოლი დაიდო, ქართულმა მხარემ პირობა დადო, რომ ამ შეთანხმებას გააუქმებდა.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს შემუშავებული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც, როგორც აფხაზეთში ამბობენ, აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისაკენაა მიმართული. მანამდე, საქართველომ დაბლოკა 2016 წელს რომში აფხაზური კულტურის ინსტიტუტის გახსნა, ასევე ტურისტული გამოფენა მონგენეგროში. თუმცა ამ პოლიტიკამ სულ ცოტა ხნის წინ მხარდაჭერა ჰპოვა აშშ-ის მიერ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს საერთაშორისო საზღვრებში, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ასეთი ქვეყანა ნაურუა, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2009 წელს ცნო.

სომეხთა გენოციდის აღნიშვნა და ‘თურქეთის გავლენა’ საქართველოში

სომხეთში, ისევე როგორც დანარჩენ სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ, 24 აპრილს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი გაიხსენეს. ეს მოვლენა კვლავ მნიშვნელოვნად რჩება სომხური დიასპორისათვის და სომხური ნაციონალიზმის ერთ-ერთ საყრდენ წერტილს წარმოადგენს. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს სხვადასხვა სახელმწიფოს, სომეხ ხალხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარონ.

ოსმალეთის იმპერიის მმართველებმა ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაული 1915-1918 წლებში ჩაიდინეს. ამ პროცესების დასაწყისად 1915 წლის 24 აპრილია მიჩნეული, – დღე, როდესაც ოსმალეთის  ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და ლიდერი დააპატიმრა. ამ რეპრესიებს მოჰყვა დეპორტაციის ტალღები, რის დროსაც სომხები მოკლებულნი იყვნენ საჭმელსა და წყალს, იდგნენ სისტემური დანაშაულების წინაშე. მოვლენების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1-დან 1,5 მილიონამდე მერყეობს.

გენოციდი გაიხსენა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სომხურმა დიასპორამაც. 24 აპრილის ღამეს ნინოწმინდაში სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით ჩირაღდნებით მსვლეობა გაიმართა. გენოციდი გაიხსენეს 25 აპრილს თბილისშიც, თუმცა აქ სომხური დიასპორის აქცია ქართველი თანამდებობის პირების მიმართ მცირედი უკმაყოფილების ფონზე გაიმართა.

აქციების დამგეგმავი ორგანიზაციის, ‘ქართველ სომეხთა სათვისტომოს’ წევრების თქმით, თბილისის მერიამ მათ თბილისში, ჭავჭავაძის  ცენტრალურ გამზირზე, თურქეთის საელჩოსთან შეკრებისგან თავის შეკავებისკენ გზის გადატვირთვის არგუმენტით მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ტრანსპორტის სამსახურს მათთვის კატეგორიულად არ მიუმართავს, აქცია არ ჩაატაროთო, სათვისტომოში მაინც ეჭვები გაჩნდა, ამ თავაზიანი რჩევის მიღმა თურქეთის გავლენები ხომ არ იგრძნობაო.

საქმე ისაა, რომ ამჟამინდელი თურქეთი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრეა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ოსმალეთის იმპერიაში 1915-1918 წლებში მიმდინარე მოვლენებს გენოციდი დაერქვას. სომხური დიასპორის ბევრი თხოვნის მიუხედავად, გენოციდი არც საქართველოს პარლამენტს უღიარება ოფიციალურად.

თურქეთისა და სომხეთის დავამ გენოციდთან დაკავშირებით ჰოლივუდამდეც მიაღწია, სადაც, როგორც გამოცემა ‘ევრაზიანეტი’ წერს, ორი რადიკალურად განსხვავებული პერსპექტივის ფილმი გამოჩნდა – სომხური დიასპორის მხარდაჭერილი ‘პირობა’, და თურქეთის მიერ დაფინანსებული ‘ოტომანელი ლეიტენანტი’.

საქართველო – ‘დაკარგული სამოთხე’ აზერბაიჯანელი დევნილთათვის

2017 წლის აპრილში გახმაურებული შემთხვევა, რომელიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და მუსიკოს ჯამალ ალის ეხება, გვაჩვენებს, რომ საქართველო აღარ არის ‘აღთქმული მიწა’ აზერბაიჯანში დევნილებისათვის.

ბოლო პერიოდში აზერბაიჯანელ აქტივისტებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ იდევნებოდნენ და საქართველოში ცხოვრობდნენ, ქართული მხარე ბინადრობის მოწმობებს აღარ გასცემს. შესაბამისად, ისინი იძულებული არიან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების დახმარებით, აზერბაიჯანში ექსტრადიციას თავი აარიდონ და საქართველოდან ევროპის ქვეყნებში გაემგზავრონ.

ალი მხოლოდ ერთ-ერთი შემთხვევაა – 2012 წელს ოპოზიციურ აქციაზე გამოჩენის შემდეგ, იგი 10 დღით დააპატიმრეს, სადაც აწამეს. გამოშვებისთანავე, ალი გერმანიაში გადავიდა, სადაც ‘მეიდან ტივი’, რომლისთვისაც იგი მუშაობდა, არის განთავსებული. თუმცა ალის ოჯახის წევრები კვლავ აზერბაიჯანში ცხოვრობენ. საქართველოდან გააძევეს ოპოზიციონერი, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი დაშგინ აღალარლიც.

თბილისი, როგორც გამოცემა ‘ოუფენ დემოქრასი’ წერს, ისტორიულადაც ერთგვარი მხარდამჭერი იყო აზერბაიჯანში დემოკრატიული პროცესისა – სწორედ თბილისიდან აღიარეს აზერბაიჯანელმა დისიდენტმა ინტელექტუალებმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1918 წელს. თუმცა, როგორც ჩანს, თბილისი ამ ძველ როლს, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც მოირგო, ვეღარ ასრულებს.

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი