ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული მხარე სოხუმში ლავროვის ჩასვლას პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს

18 აპრილი, 2017 • 2138
ქართული მხარე სოხუმში ლავროვის ჩასვლას პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩასვლას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ლავროვს სოხუმში დღეს ელოდებიან. ის მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთის ფედერაციის უკანონო დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი შენობის გახსნა უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტურ ნორმებს:
“აღნიშნული წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. მსგავსი უკანონო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას” – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივის სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაგმოს  რუსეთის ფედერაციის ე.წ. პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა:
“უაღრესად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკასა და ვითარების სტაბილიზაციისათვის გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაცია პასუხობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ქმედებებით, რომლებიც უფრო მეტად ძაბავს არსებულ ვითარებას.” – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმნიმისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

18 აპრილს სოხუმში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ელოდებიან.  ამ დღეს სოხუმში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნა იგეგმება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ლავროვის ოფიციალური შეხვედრა 19 აპრილს იგეგმება. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობის საკითხებსა და აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

მარია ზახაროვას, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აფხაზეთის რესპუბლიკაში  რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას დამატებით იმპულსს მისცემს.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წელის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი