სოხუმი, 2017 ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

ჯერ განვითარება, შემდეგ კონფლიქტები

გიორგი კანაშვილი, „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი


 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში კვლავ “ქართული ოცნება” მოვიდა, ამჯერად უკვე კონსტიტუციური უმრავლესობით. ახალი პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს ეხებოდა; მას მალევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რვაპუნქტიანი დოკუმენტი მოჰყვა, რომელშიც პრინციპული სიახლეების აღმოჩენა საკმაოდ რთულია, თუმცა კონსოლიდირებული სახით გვთავაზობს ხელისუფლების მიდგომებს კონფლიქტებთან მიმართებაში.

ქვეყნის განვითარების მოდელი და კონფლიქტები

2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდგომ, ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ელიტამ საბოლოოდ გაიაზრა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ გაურკვეველი დროით გადაიწია. პარალელურად მიღწეული იყო ფართო შიდა საზოგადოებრივი კონსენსუსი კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის თაობაზე, რაც არა იმდენად პაციფისტურ, არამედ ცივ სამხედრო გათვლებს ეფუძნებოდა.

2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი კლებას, ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე გათვლილი სოციალური დანიშნულების პროგრამები მატებას იწყებს. აშკარა გახდა, რომ თბილისი ახალი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას შეუდგა; რომლის მთავარ მიზანს სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობის შეხედულებების ეტაპობრივი ცვლილება წარმოადგენდა.

ამ პოლიტიკის მთავარ გამოწვევას, პარადოქსულია, თუმცა, თავად საქართველო წარმოადგენს, რადგან იგი დღემდე რჩება საკმაოდ ღარიბ ქვეყნად, დასახული ამოცანის მიღწევას კი დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო ესაჭიროება, რომელიც კონკურენტ ქვეყანას, რუსეთს, რამდენიმე თავით უნდა ჯობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „მიზიდულობის~ პოლიტიკა ჩავარდნისთვის იმთავითვე განწირულია.

მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც „ქართულ მიწათა შემოკრების“ ამბიცია ინაუგურაციაზევე ფიცით განამტკიცა, „ქართული ოცნების“ სამივე პრემიერის დისკურსში ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური განვითარება დომინირებს, რაც მათი ბიზნესსფეროსთან სიახლოვითა და კონფლიქტების თემაზე საკმაოდ ზედაპირული წარმოდგენით აიხსნება.

საბოლოო ჯამში, საქართველო, ნებსით თუ უნებლიეთ, მრავალ საშინაო და საგარეო ფაქტორთა დამთხვევის შედეგად, საკმაოდ პრაგმატულ და, სავარაუდოდ, ყველაზე ოპტიმალურ ფორმულამდე მივიდა – „ჯერ განვითარება და შემდეგ კონფლიქტები“. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოდელზე გადასვლა 2008 წლის შემდგომ, გვიანდელი სააკაშვილის დროს იწყება, ხოლო კონსოლიდირებულ სახეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში იღებს.

თუმცა ეს მიდგომა ღიად ტოვებს საკითხს, თუ რა უნდა აკეთოს ქართულმა სახელმწიფომ კონფლიქტებთან მიმართებაში, სანამ იგი რეალურ მიზიდულობის ძალას შეიძენს, ანუ მანამ განვითარებულ ქვეყანათა ლიგაში გადავა.

გიორგი კანაშვილი, „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი ფოტო: ნეტგაზეთი

გიორგი კანაშვილი,
„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი
ფოტო: ნეტგაზეთი

მშვიდობა ნებისმიერ ფასად

პირველი კონცეპტუალური მოსაზრება, რომელსაც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ეყრდნობა და რის გამოც ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ნებისმიერ საფასურად. როგორც უკვე აღვნიშნე, სამივე პრემიერი ბიზნესწრეების წარმომადგენელია, შესაბამისად, მათ კარგად ესმით, რომ ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მშვიდობის გარეშე, ხოლო საქართველოს ჩართვა რაიმე სახის პროვოკაციაში ქვეყნის ეკონომიკისა და, ზოგადად, განვითარებისთვის კატასტროფული იქნება; უკვე არსებული კონფლიქტები მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოში მსხვილი და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვას, რაც თავისთავად აისახება ეკონომიკურ-სოციალურ ფონზე.

რაოდენ რთულად მოსათმენიც არ უნდა იყოს რუსეთის გარკვეული ქმედებები, ობიექტურად, საქართველოს ესაჭიროება ხანგრძლივი მშვიდობა და მაქსიმალურად უპრობლემო ურთიერთობები რეგიონში, რათა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდეს და მომხიბვლავ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ აფხაზებისა და ოსებისათვის, არამედ დანარჩენი მოსახლეობისთვისაც, რომლის დრამატული კლება 2014 წლის საყოველთაო აღწერამ აჩვენა.

სავარაუდოდ, ეს არის ის ფუნდამენტური მოსაზრება, რომელიც განაპირობებს საქართველოს მოზომილ რიტორიკასა და ქმედებებს, როგორც რუსეთთან, ასევე სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში.

რუსეთის ფაქტორი

საქართველო-რუსეთის პოსტსაბჭოთა ურთიერთობები არასდროს ყოფილა უღრუბლო, თბილისი სეპარატისტების სამხედრო წარმატებებს სამხრეთ ოსეთსა თუ აფხაზეთში ყოველთვის მოსკოვის მხარდაჭერას უკავშირებდა. ეს საფუძველს მოკლებული არ იყო.

რუსეთის დომინანტური როლის აღიარების გამოვლინებას წარმოადგენდა თბილისის პერიოდული მცდელობები, დაახლოებოდა მოსკოვს იმისათვის, რომ მას კონფლიქტებთან მიმართებაში პროქართული პოზიციები დაეკავებინა. ამგვარი იმედით ხასიათდებოდა როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის პოლიტიკა; თუმცა, ორივე შემთხვევაში თბილისის მცდელობა ამაო იყო.

ქართულ-რუსულმა ურთიერთობებმა დაძაბულობის პიკს 2008 წელს მიაღწია, რასაც შედეგად საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია მოჰყვა. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაში არც თუ უმნიშვნელო როლი სწორედ აგვისტოს მოვლენების ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერპრეტაციამ ითამაშა, რომლის თანახმადაც, რუსეთთან ომის აცილება საქართველოს სხვაგვარი პოლიტიკის პირობებში შესაძლებელი იყო. 

ეყრდნობოდა რა მოსახლეობის განწყობებს, „ქართულმა ოცნებამ“ იმთავითვე გააჟღერა, რომ იგი მისი წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეცდებოდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, რასაც ეტაპობრივად, პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკით მიაღწევდა. ახალი ხელისუფლება ამ კუთხით მართლაც თანმიმდევრული აღმოჩნდა: აგრესიული რიტორიკა ჩანაცვლდა საკმაოდ დაბალანსებულით, საქართველო აღარ აღიზიანებს რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე გადამეტებული აქტიურობით, ამასთან, რთულად, მაგრამ გარკვეული მიმართულებებით ურთიერთობები ლაგდება. ამ მხრივ პირველი ხელშესახები წარმატება ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა; არის სხვა შედეგებიც: სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის შემსუბუქდა, შედგა ჯაშუშების გაცვლა, აღდგა რეგულარული ავიარეისები, გახშირდა კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები.

მართალია, წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით „ქართული ოცნება“ კონფლიქტების სწრაფი მოგვარების ილუზორული იდეის კულტივირებას არ ახდენდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ თბილისი „სამაგალითო“ ქცევის სანაცვლოდ მოსკოვისგან სოხუმისა და ცხინვალის „გახსნაში“ ხელშეწყობას, ანდა სულ მცირე დაბრკოლებების არ შექმნას ელოდა.

თუმცა, პროცესები სრულიად საპირისპიროდ განვითარდა: უკრაინის გარშემო შექმნილი კრიზისის, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის დაძაბვისა და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ფონზე, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოსთვის კიდევ უფრო დახურა. ეს, ტექნიკური თვალსაზრისით, ამ დე-ფაქტო წარმონაქმნებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით განხორციელდა.

რა ვუყოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?!

ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და კონფლიქტებში ჩაება, საქართველოს ხელისუფლებებმა თითქმის ყველა ხერხს მიმართეს, როგორც სამხედროს, ასევე სამშვიდობოს. თუმცა, თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, აღმოვაჩენთ, რომ რატომღაც საქართველოს ხელისუფალნი სამხედრო მოქმედებებში დიდი ენთუზიაზმით ებმებოდნენ და მხოლოდ წარუმატებლობის შემდეგ იხსენებდნენ უთანხმოების მოგვარების სხვა ვარიანტების არსებობას. ასეთი სცენარით მოქმედებდა ზვიად გამსახურდია სამხრეთ ოსეთში, ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთში, მიხეილ სააკაშვილი კი ჯერ სამხრეთ ოსეთში და შემდეგ ისევ სამხრეთ ოსეთში. ჯერჯერობით, ერთადერთი გამონაკლისიქართული ოცნების“ ხელისუფლებაა, თუმცა ამჟამად ძალთა ბალანსი რეგიონში იმდენად დარღვეულია, რომ სხვაგვარი ნაბიჯები პოლიტიკური სიგიჟის ტოლფასი იქნებოდა.

დღეს, როდესაც კონფლიქტების სამხედრო გადაწყვეტის პერსპექტივა არ არსებობს, ხოლო საქართველოსმიზიდულობის ძალა“ ჯერჯერობით არც თუ ისე ძლიერია, თვალნათლივ ჩანს, თუ რაოდენ რთული ამოცანის წინაშე იმყოფება ქართული სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, სოხუმსა და ცხინვალზე ზემოქმედების ბერკეტი ბევრი აქვს თბილისს

2012 წელსქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა ამოვიდოდა მიდგომიდან ყველაფერი აღიარების გარდა“, თუმცა მოგვიანებით იგიმცირე ნაბიჯების“ კონცეფციით ჩანაცვლდა. თავისი არსით იგი წააგავს რუსეთთან მიმართებაში განხორციელებულ .. ნორმალიზაციის პოლიტიკას და ხასიათდება რიტორიკის მნიშვნელოვანი შერბილებით; შედარებით ნაკლებად სადავო საკითხებზე კონსესუსის ძიებითა და პერიოდული მცირე, მათ შორის ცალმხრივი დათმობებით. საკმაოდ დაძაბული საერთაშორისო კონტექსტის პირობებში და მაშინ, როდესაც რუსეთი სამეზობლოში უკიდურესად აგრესიულ ნაბიჯებს დგამს, ამ პოლიტიკის მეშვეობით საქართველომ შეძლო კონფლიქტების ესკალაციის ალბათობა მინიმუმამდე დაეყვანა, რაც მის უდავო ღირსებას წარმოადგენს.

ამასთან, მუდმივი პოზიტიური დღის წესრიგის წარმოებით, თბილისი მეტნაკლები წარმატებით ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა აღქმების მცირე, თუმცა მნიშვნელოვან კორექციას. პარალელურად რუსეთი თავისი ტლანქი პოლიტიკით სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე პოლიტიკური ელიტის პერმანენტულ გაღიზიანებას იწვევს, რამაც განსაკუთრებით აფხაზეთში იჩინა თავი.

მიუხედავად ამ მცირე დადებითი ტენდენციებისა, ისიც აშკარაა, რომ რუსეთი ორივე ტერიტორიაზე და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც, პოზიციებს კიდევ უფრო იმტკიცებს, რაც თბილისს საკუთარი პოლიტიკის მეტი დახვეწისკენ უნდა უბიძგებდეს.

მოდელი არც თუ ისე შორსაა საძებნი, კვიპროსის კუნძულზე მიმდინარე პროცესები პირდაპირ მიგვითითებს, თუ რა მიმართულებით ღირს და აუცილებელიცაა მუშაობის გაგრძელება; ესაა, ერთი მხრივ, ცენტრის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღირსეული, ევროპული ტიპის, სახელმწიფოს მშენებლობა და მაქსიმალურად მოქნილი მიდგომები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა დამოკიდებულებაში, რაც პრაქტიკული პოლიტიკის დონეზე შესაძლოა გამოიხატოს: საქართველოს საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონის მნიშვნელოვან ლიბერალიზაციაში, გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით; ეკონომიკური პროექტების წახალისებითა და ოკუპირებული ტერიტორიების დასავლეთისთვის მეტი გახსნით, მაგალითად ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეზე მეტი წვდომის კუთხით. ეს უკანასკნელი კომპონენტი მეტად მნიშვნელოვანი და ამასთანავე რისკების შემცველია, თუმცა ისიც ცალსახაა, რომ თბილისი, მარტო, რეგიონში რუსეთს ვერ დააბალანსებს. ამიტომ საქართველოს დიპლომატიისა და საექსპერტო წრეების საფიქრალია, თუ როგორ უნდა გახსნას ცხინვალის რეგიონი და განსაკუთრებით აფხაზეთი დასავლეთისათვის იმგვარად, რომ პროცესები აღიარებისკენ არ წავიდეს.

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი