ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საარჩევნო ვნებათაღელვა სამხრეთ კავკასიაში

6 აპრილი, 2017 • 2938
საარჩევნო ვნებათაღელვა სამხრეთ კავკასიაში

საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო დაძაბულობა სომხეთში, საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, წინასაარჩევნო კამპანიის საწყისი ეტაპი სამხეთ ოსეთში და ამ დე ფაქტო რესპუბლიკის ჯარების გაერთიანება რუსეთთან, – სწორედ ეს საკითხები მოექცა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მზვერავების, საერთაშორისო მედიისა და ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში 2017 წლის მარტში. “ნეტგაზეთი” რეგიონში თვის უმნიშვნელოვანეს მოვლენების შესახებ გიამბობთ და ყველაზე საინტერესო მოსაზრებებს გაგაცნობთ.

საპარლამენტო არჩევნები და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები აფხაზეთში

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საერთაშორისო მედიისა და ანალიტიკური გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა 2017 წლის მარტში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გამართული საპარლამენტო არჩევნები იყო. არჩევნები აფხაზეთში მაჟორიტარული წესით ორ ტურად გაიმართა:

12 მარტს ჩატარებული პირველი ტურის შედეგად, 35 საარჩევნო ოლქიდან გამარჯვებული კანდიდატები მხოლოდ 12-ში გამოვლინდნენ. არასაკმარისი აქტივობის გამო 14 მაისამდე გადაიდო არჩევნები მე-17 ოლქში. ხოლო 26 მარტს გამართულ მეორე ტურში დარჩენილი 22 დეპუტატი აირჩიეს უბრალო უმრავლესობით. არჩევნები საშუალო აქტივობის ფონზე ჩატარდა, ყველაზე აქტიური კი გალის რაიონი იყო, რადგან აქ ხმის უფლება მოსახლეობის მხოლოდ 0.5%-ს, 600-მდე ადამიანს ჰქონდა.

არჩევნების შედეგად “პოლიტიკაში დაბრუნდა” ალექსანდრ ანქვაბი, სახალხო ასამბლეაში ასევე მოხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუა. ხელახლა აირჩიეს დეპუტატად ალმას ჯაპუა, – პოლიტიკოსი, რომელსაც ავტომობილი აუფეთქეს 2016 წლის აპრილში. ჯაპუა აფხაზური მიწის უცხოელებზე გასხვისების აქტიური მოწინააღმდეგე იყო,- განსხვავებით კიდევ ერთ პარლამენტარ, “პრორუს” სერგეი შამბასაგან, რომელიც ამ არჩევნების პირველივე ტურში დამარცხდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს მეხუთე არჩევნებია, რომელსაც აფხაზეთი დამოუკიდებლად ატარებს, თუმცა კენჭისყრას უკანონოდ მიიჩნევს საქართველო და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი საერთაშორისო საზოგადოება. წლევანდელ არჩევნებსაც მხოლოდ იმ რესპუბლიკებიდან აკვირდებოდნენ, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ასევე, არწახის (ნაგორნო-ყარაბაღის), დონეცკის, ლუთანსკისა და ტრანსნისტრიის არაღიარებული რესპუბლიკები.

საპარლამენტო არჩევნების შედეგები აფხაზეთში ძალთა ბალანსს განსაკუთრებულად არ ცვლის – პოლიტიკურ ველში კვლავ რჩებიან დაპირისპირებული პრორუსული და ნაციონალისტური ძალები, რომელთათვისაც დღის წესრიგში საერთოდ არ დგას დე ფაქტო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობის საკითხი.

მას შემდეგ, რაც საქართველომ 28 მარტს ოფიციალურად მიიღო ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის უფლება და ამ პრივილეგიით სარგებლობა აფხაზებსაც შესთავაზა – ოღონდ საქართველოს ბიომეტრიულ პასპორტები აიღეთო – აფხაზმა პოლიტიკოსებმა ამ შეთავაზებას “შეცდომაში შემყვანი” უწოდეს და უარი თქვეს. ამან რუსეთს კიდევ ერთხელ მისცა შესაძლობლობა, აფხაზეთის სუვერენული მიზნების ჭეშმარიტ მხარდამჭერად წარმოეჩინა თავი და პირობა დადო, ევროკავშირს დავარწმუნებთ, რომ აფხაზური პასპორტებიც მიიღონ, რათა აფხაზებმა დამოუკიდებლად შეძლონ გადაადგილება ევროპაშიო.

30 მარტს კი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანზორ გოოვმა გამოაცხადა, ახალ, რუსულ სამედიცინო პოლისებს ავამოქმედებთ უახლოეს მომავალში და ასე შევამცირებთ იმ აფხაზთა რაოდენობას, ვინც საქართველოს კლინიკებს აკითხავს სამკურნალოდო. ასეთი ადამიანების რიცხვი კი ბოლო 3 წლის განმავლობაში მზარდი იყო.

სოხუმი; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სოხუმი; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

წინასაარჩევნო კამპანია სამხრეთ ოსეთში

წინასაარჩევნო კამპანია დაძაბულობით დაიწყო სამხრეთ ოსეთში. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკისათვის “ალანიას” დარქმევის საკითხზე რეფერენდუმთან ერთად გაიმართება, 9 აპრილსაა დაგეგმილი.

თავდაპირველად, 4 მარტს, სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე იმ საბაბით, თითქოს კოკოითი ბოლო 5 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა. 14 მარტს ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც, რასაც პოლიტიკოსის მხარდამჭერების საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. აქციებზე რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დროშების მხარდამხარ ადვილი შესამჩნევი იყო კოკოითისა და ვლადიმერ პუტინის პორტრეტები.

როგორც ქართულ-ლიტვური გამოცემა “კლარიონი” წერს, ამჟამინდელ პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან დაპირისპირებაში ედუარდ კოკოითი წამგებიან პოზიციაზე დგას. თუკი თიბილოვი და ანატოლი ბიბილოვი, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მსგავსად, სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან “ალანიის რესპუბლიკად” გაერთიანების, ხოლო შემდეგ – რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას მომხრენი არიან, კოკოითი სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად ხედავს, რუსეთს კი – სტრატეგიული პარტნიორად. კოკოითის მცირერიცხოვანი მხარდამჭერები კი მას თანამდებობის პირების კორუფციაში მხილების გამო სცემენ პატივს.

ამის მიუხედავად, კოკოითის პოლიტიკური აქტივიზმის მცდელობები უშედეგოა იმ მოცემულობის ფონზე, სადაც კრემლსაცა და სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლებსაც გადაწყვეტილი აქვთ რუსეთთან ინტეგრაცია. არც ისაა საიდუმლო, რომ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკა, თუკი მთლიანად არ კონტროლდება, მჭიდროდაა დაკავშირებული კრემლთან. მოსკოვი კი, აშკარაა, აქტიურადაა დაინტერესებული ინტეგრაციის გაღრმავებით, ან, ყველაზე ცოტა, ინტეგრაციის არჩევანის შენარჩუნებით.

კრემლის პოზიციების სიმყარეს ადასტურებს 31 მარტს რუსული და ოსური მხარეების მიერ თავდაცვის სფეროში ორი დოკუმენტის ხელმოწერა – პირველი დოკუმენტი ითვალისწინებს რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხს, მეორე კი – თავდაცვის სფეროში ფედერალური სამსახურების საქმიანობას შეეხებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენების ფონზე სამხრეთ ოსეთში დემოკრატიული დებატის წამოწყების მცირეოდენი შანსი მაინც ჩანს, საბოლოო სიტყვას მაინც კრემლი იტყვის, რომელიც “ხალხის არჩევანს” წაახალისებს. “კლარიონის” აღნიშნული სტატიის პოზიციის მიხედვითთ, სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელო კოკოითის წინასაარჩევნო მცდელობები.

საარჩევნო პლაკატები ცხინვალში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

საარჩევნო პლაკატები ცხინვალში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია და საპარლამენტო არჩევნები გადაიტანა სომხეთის რესპუბლიკამაც. პირველი არჩევნები, რომელიც მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ ჩატარდა, მმართველი რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებით დასრულდა. წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის “რესპუბლიკელები” 55 ადგილს დაიკავებენ 101-დეპუტატიან პარლამენტში.

მეორე ადგილზე გავიდა ოლიგარქის, – სომხეთის “ბიძინა ივანიშვილისა და “დონალდ ტრამპის”, – გაგიკ წარუკიანის ბლოკი. მრავალი საერთაშორისო გამოცემა, მათ შორის “ოუფენ დემოქრასი, არჩევნებამდეც წერდა, რომ რეალური ბრძოლა არა პირველი-მეორე, არამედ მესამე ადგილისათვის მიმდინარეობდა, ხოლო ამომრჩევლებს ძალიან ღარიბი არჩევანი ჰქონდათ. მართლაც, I-II ადგილები, შესაბამისად, – 55 და 30 ადგილი პარლამენტში – რესპუბლიკელებმა და წარუკიანის ბლოკმა გაინაწილეს.

მესამე ადგილზე გავიდა ბლოკი “იელკი” [‘გასასვლელი’], რომელიც ყველაზე გამოკვეთილად იყო დაპირისპირებული მმართველ ძალასთან. მათ, სავარაუდოდ, 9 დეპუტატი ეყოლებათ ახალ პარლამენტში. მეოთხე ადგილზე 7 დეპუტატით სომხეთის რევოლუციური ფედერაცია – ნაციონალისტური “დაშნაკცუტიუნი” გავიდა, რომელმაც, შესაძლოა, საპარლამენტო კოალიცია შემქნას “რესპუბლიკელებთან”.

არჩევნების მიმდინარეობის განმავლობაში საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, დამკვირვებლებმა და მედიამ სხვადასხვა პროცედურული თუ სხვა სახის დარღვევა დააფიქსირა. ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვასაც.

როგორც ანალიტიკოსი სომხეთიდან, რიჩარდ გირაგოსიანი წერს  “ლონდონის ეკონომიკური სკოლის” ბლოგზე, მთავარი საკითხი არჩევნების შემდეგ მინისტრების პოსტებზე პოლიტიკოსების გადანაწილებაა. მისი ვარაუდით, ახალი პარლამენტი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას – როგორ მოახერხებს, გაუმკლავდეს ეკონომიკის შემცირებასა და, რაც მთავარია, მყარად ფესვგადგმულ კორუფციას.

საინტერესოა ისიც, თუ როგორ გაუმკლავდება ახალი პარლამენტი ძალაუფლებას – 2015 წლის რეფერენდუმით სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნა. ეს ნაბიჯი მრავალმა გავლენიანმა გამოცემამ, მათ შორის, “ევრაზიანეტმა, შეაფასა, როგორც პრეზიდენტ სარქისიანის სავარაუდო ხრიკი, 2018 წელს, მეორე ვადის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ან სპიკერის როლში შეინარჩუნოს ძალაუფლება.

კონფლიქტის განახლების უცვლელი საფრთხე მთიან ყარაბაღში

2017 წლის თებერვლის მსგავსად, კონფლიქტური და დაძაბული ვითარება შენარჩუნდა მარტშიც მთიანი ყარაბაღის/არწახის დე ფაქტო რესპუბლიკაში. სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ ერთმანეთს სდებდნენ ბრალს შეიარაღებულ თავდასხმებში. შესაბამისად, აქ არც კონფლიქტის ესკალაციის განახლების საფრთხე განელებულა, რაზეც გასული თვის მიმოხილვაში ვსაუბრობდით.

გამორჩეული მოვლენა, რაც მარტში მთიან ყარაბაღში მოხდა, იყო არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ 30 მარტის სხდომაზე სელექციური აბორტის აკრძალვა. სელექციური აბორტები – მამრობითი სქესის მქონე შვილების ყოლის მიზნით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ყარაბაღის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმაც ცვლილებები იმით ახსნა, რომ მთიან ყარაბაღში დემოგრაფიული სიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს და ამასთან, უნდა დასრულდეს სქესის მიხედვით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის პრაქტიკა.

საქართველოს და ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკა სამხრეთ კავკასიის არაღიარებულ რესპუბლიკებთან დაკავშირებით

2009 წელს, ევროკავშირის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკის (NREP) ათვისების შემდეგ, რუსეთმა ისღა მოახერხა, ევროკავშირის მხოლოდ სამი წევრი დაერწმუნებინა მათი დამოუკიდებლობის ცნობის აუცილებლობაში. მოსკოვის მჭიდრო მოკავშირე ბელარუსმაც კი უარი თქვა დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

როგორც “კარნეგი ევროპის” უფროსი ანალიტიკოსი, თომას დე ვაალი, წერს, არაღიარების პოლიტიკის ამ წარმატების მიუხედავად, საყურადღებოა სიტყვების ის არჩევანი, რასაც ევროკავშირი იყენებს (ან არ იყენებს) საკითხზე საუბრისას. მაგალითად, თითქმის ვეღარ გაიგონებთ სიტყვა “ოკუპაციას”, რადგან ამ სიტყვის ხმარება არაფრის მომცემია; პირიქით – არაზუსტად აღწერს რეალობას, რადგან მთლიანად გამორიცხავს საქართველოსა და რუსეთის გარდა აქტორის არსებობას და, შესაბამისად, აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის რაიმე როლს კონფლიქტში.

ავტორი ახსენებს 2010 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო სტრატეგიას (“ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით) და ამბობს, რომ ეს სტრატეგია, რომელიც აფხაზებისათვის “ნეიტრალურ პასპორტებს” გვთავაზობდა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

მართლაც, ძალიან ბევრი აფხაზისთვის ამ დოკუმენტის მიღება წარმოუდგენელი იყო, რადგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი გადაადგილება პოლიტიკურად და სოციალურად შეუძლებელი იყო. შედეგად მივიღეთ რეალობა, სადაც აფხაზთა უმრავლესობამ რუსული პასპორტებით დაიწყო საზღვარგარეთ მოგზაურობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ევროკავშირის ქვეყნები დღესაც უარს ეუბნებიან საზღვრის კვეთაზე.

2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შემსუბუქდა აკრძალვები აფხაზეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე; აფხაზებმა დაიწყეს საქართველოში სამედიცინო დახმარების მისაღებად სიარულიც. დაიწყო ცვლილებები, რაც, სტატიის ავტორის აზრით, შესაძლოა, გაძლიერდეს მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, რადგან “ქართულ ოცნებას” შიდა პოლიტიკური ნეგატიური რეაქცია ნაკლებად ააღელვებს.

წყაროზე დაყრდნობით დე ვაალი წერს, რომ 2008 წლის შემდეგ, არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირმა თითქმის 40 მილიონი ევრო დახარჯა აფხაზეთში პროექტების განხორციელებაზე. ამ პროექტებმა, მისი თქმით, განავითარა არასამთავრობო ორგანიზაციები, ჯანდაცვის სისტემა, განათლება, განაახლა სახლები გალის რაიონში და ა.შ.

მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი საქმისა, ევროკავშირის როლი თითქმის შეუმჩნეველია აფხაზეთში. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ ევროკავშირის ბევრი ამბიციური იდეა არ განხორციელებულა. მაგალითად, ევროპის საინფორმაციო სახლის გახსნის იდეა 2008 წლის ომმა დაასამარა. თუმცა EU-ს სხვა მოკავშირეებს მნიშვნელოვანი პროექტები ჰქონდათ – მაგალითად, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP); ვაალის თქმითვე, ევროკავშირს თამამად არ გაუსაჯაროებია თავისი როლი “წითელი ჯვრის” მიერ განხორციელებულ პროექტში, რის შემდეგაც 160-ზე მეტი ადამიანის ნეშტი დაუბრუნეს ოჯახებს დასაკრძალად.  

ეს დაბალი ხილვადობა ნიშნავს, რომ აფხაზთა უმრავლესობას წარმოდგენაც არა აქვს, თუ რა ინვესტიციებს დებს ევროკავშირი რეგიონში. ამის შედეგად აფხაზეთში არსებობს ჯიუტი და რთულად შესაცვლელი დისკურსი, რომელსაც სწამს, რომ აფხაზეთი ევროკავშირის მხრიდან დაუმსახურებელი იზოლაციის მსხვერპლია. ევროპის კავშირის ალტერნატივად პრორუსი პოლიტიკური ელიტა “კეთილ მეზობელს” სახავს – მოსკოვმა დაიწყო ტერიტორიის მოწყობა და ნახევრად დანგრეული სოხუმი “ნორმალურ” კავკასიურ ქალაქად აქცია მაღაზიებით, გზითა და ეკონომიკური აქტივობითო. ეს ყველაფერი კი “აფხაზეთის რუსეთზე გაძლიერებულ დამოკიდებულებად” აღიქმება.


პროექტი დაფინანსებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ. მასალაში გამოყენებული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ან ნეტგაზეთის პოზიციებს. პროექტი ითვალისწინებს ყოველთვიური დაიჯესტის გამოცემას, რომელიც ყოველი თვის განმავლობაში საერთაშორისო მედიასა და ანალიტიკური გამოცემებში კავკასიის რეგიონზე კონცენტრირებულ საკითხებს მიმოიხილავს. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს ყოველთვიურად ერთი სტატიის თარგმანს.

თვალი ადევნეთ ნეტგაზეთს:

მასალების გადაბეჭდვის წესი