სამხრეთ კავკასიის ამბები

ათი თვე ცხინვალის იზოლატორში

7 აპრილი, 2016 • 2132
ათი თვე ცხინვალის იზოლატორში

“2016 წლის 10 მარტი ჩემი მეორე დაბადების დღეა. ჩემი გათავისუფლების ამბავი ციხის დატოვებამდე ზუსტად 15 წუთით ადრე შევიტყვე, როდესაც საკანის კარი ოსმა ზედამხედველმა შემოაღო და მომაძახა, “Илуридзе, С вещами”, – ამბობს გელა ილურიძე, ერთ-ერთი იმ 13 პატიმრიდან, რომლებიც ქართულმა მხარემ თბილისში მყოფ ოს მსჯავრდებულებში 10 მარტს გაცვალა.

ოსური მხარე გელა ილურიძეს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდა და მის გათავისუფლებამდე 10 დღით ადრე 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. როგორც ილურიძე ამბობს, დამნაშავე არ არის და ბრალიც არ უღიარებია.

გელა ილურიძეს ენგურზე პატიმრების გაცვლის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ცხინვალიდან პირდაპირ თბილისში, საკუთარ სახლში ჩამოიყვანეს, სადაც ცოლი და ორი შვილი ელოდა. ცოლი ამბობს, რომ ქმრის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 10 მარტის დილას, ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებიდან მიიღო, როდესაც განაცხადეს, რომ პაატა ზაქარეიშვილი ენგურის ხიდზე პატიმრების გაცვლის პროცესში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივ კონტაქტზე ვიყავი სამინისტროსთან და ვიცოდი, რომ ეს მალე მოხდებოდა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ ვიცოდით”, – ამბობს თამარ ილურიძე.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გელა ილურიძე იუსტიციის სამინისტროში დაიბარეს და სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვა შესთავაზეს. რეაბილიტაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ამბობს, რომ ყოველდღიურად მისი საერთო მდგომარეობა უმჯობესდება.

ცხინვალის საპატიმროში 2015 წლის 21 აპრილს აღმოჩნდა. ნეტგაზეთთან საუბარში დაკავების შესაძლო მიზეზებსა და იქ გატარებულ თვეებზე ყვება.

გელა ილურიძე ახალგორის რაიონში დაიბადა და ნაწილობრივ იქ ცხოვრობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რაიონზე თბილისმა კონტროლი დაკარგა, ახალგორის თითქმის ყველა მცხოვრების მსგავსად საშვი – ე.წ. პროპუსკი, მასაც მისცეს, რომლითაც კვირაში ერთხელ თბილისიდან მშობლებთან და ძმასთან ახალგორში ჩადიოდა.

“თან პატარა ბიზნესი მქონდა იქ, სასადილოს ვამუშავებდი. ომის შემდეგ ცოტა ხნით შევაჩერე, მაგრამ შემდეგ ისევ გავხსენი. 2015 წლამდე ყველაფერი კარგად იყო. 2015 წლის 21 აპრილს აქედან ჩვეულებრივად ჩავედი, საქონელი მიმქონდა ხოლმე სასადილოსთვის, მაგრამ სახლში მისვლა აღარ მაცადეს, ათამდე კბილებამდე შეიარაღებული კაცი თავს დამესხა, ბორკილები დამადეს და ცხინვალში წამიყვანეს. როგორც შემდეგ შევიტყვე, ისინი ცხინვალის სპეცსამსახურებიდან იყვნენ. საათნახევარში უკვე ცხინვალში ვიყავით”, – ამბობს ილურიძე.

მოგვიანებით შეიტყო, რომ პარალელურად ახალგორში მისი და მისი ძმის სახლები, ასევე, ფერმა გაჩხრიკეს – “ძაღლით ჩხრეკდნენ. არ ვიცი, რას ეძებდნენ და რა ინფორმაცია ჰქონდათ. ვერაფერი იპოვეს და საბოლოოდ დამაბრალეს ჯაშუშობა საქართველოს სასარგებლოდ. მთელი ეს პერიოდი არც ერთი ფაქტი, არც ერთი მოწმე, არანაირი მტკიცებულება არ ჰქონიათ”.

“პირველი ერთი კვირა სპეცსამსახურების სარდაფში მამყოფეს. ჩემამდე იქ ძაღლების თავშესაფარი იყო, მე რომ შემიყვანეს, ძაღლები გაყარეს. 15 დღის შემდეგ გადამიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც თითქმის 10 თვე გავატარე. “ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ქართველმა ჩემ თვალსწინ გაიარა, შემოყავდათ, მერე ათავისუფლებდნენ. ყველაზე სერიოზული ბრალდებით მხოლოდ მე ვიყავი იქ. ყოველ კვირას მადებდნენ ბორკილებს, მივყავდი ორსაათიან ე.წ. დაკითხვაზე – ერთი და იგივე. მათი ძირითადი შეკითხვა იყო, რას მავალებდა ქართული მხარე და მე რას ვაკეთებდი. დამყვიროდნენ, ჩემს სიტყვას იქ ჩალის ფასი ჰქონდა, იყო ფიზიკური შეხებაც. იყო მომენტები, რომ ვფიქრობდი, აქედან ცოცხალი ვეღარ გავალ-მეთქი”.

გელა ილურიძე

გელა ილურიძე

მისივე თქმით, შუქის, წყლის, გათბობის და კვების მხრივ პრობლემა არ ყოფილა.

“თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც გვსჯიდნენ და დღე-ღამეში ერთხელ გვიშვებდნენ ტუალეტში. ეს თუ შენს თავზე არ გამოცადე, ალბათ ვერ მიხვდები, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით”.

თუმცა იზოლატორის თანამშრომლების უმეტესობა, როგორც გელა ილურიძე ამბობს, მას ადამიანურად ეპყრობოდა.

“ოსების 90% კარგი ხალხია. ოჯახის წევრებთანაც მათი, ადგილობრივი თანამშრომლების დახმარებით ვრეკავდი ხოლმე. ზოგადად, არაფერ შუაშია ოსი, ყველა სერიოზულ თანამდებობაზე იქ რუსია და ის წყვეტს ყველაფერს. მთელი ამ ხნის განმავლობაში თანამშრომლები ურეკავდნენ იქაური კგბ-ს [სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი] უფროსს, რუსს, რომელიც ყველაფერს წყვეტს”.

კითხვაზე, მაინც რა საფუძველი ჰქონდათ ოსებს, ის ჯაშუშობაში დაედანაშაულებინათ და რა ფაქტებითა და არგუმენტებით იყო გამყარებული მათი ეს ბრალდებები, ილურიძე ამბობს:

“კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებდნენ. მოიყვანეს მოწმე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ერთხელ, ახალგორიდან თბილისში წასვლამდე გავიგე საუბარი, თითქოს მეორე დღეს მუშები საზღვრის გამაგრების სამუშაოებს იწყებენ. ჩემი წასვლის შემდეგ კი, მეორე დღეს, თითქოს ქართული მხრიდან მეთვალყურეთა რაოდენობა გაძლიერდა. შესაბამისად, მათი მტკიცებით, მე ვიყავი ჯაშუში, რომელმაც ამბავი ჩაიტანა თბილისში. ამასთან, მტკიცებულებები არ ჰქონიათ”.

სპეციალურად ილურიძისთვის, როგორც ის ამბობს, მოიყვანეს რუსი სპეციალისტი, რომელიც დეტექტორის მეშვეობით ადგენს, ამბობს თუ არა ბრალდებული სიმართლეს:

“შემაერთეს დეტექტორზე, ექვსი თვის შემდეგ მოვიდა პასუხი, რომ ჩამოყალიბებული აგენტი ვარ”.

რაც შეეხება საფუძველს, რატომ ვარაუდობდა ცხინვალის მხარე მის ჯაშუშობას, გელა ილურიძე ამბობს, რომ ამ ბრალდებას შეიძლება ერთადერთი საფუძველი ჰქონოდა:

“2008 წლის ომამდე სამართალდამცავ ორგანოებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ვმუშაობდი, მერე ისე მოხდა, რომ კონფლიქტურ ზონაში “ორგანოს” [პოლიციის] თანამშრომელი ვეღარ შევიდოდა, შესაბამისად, რაღაც პერიოდის შემდეგ, 2011 წელს სამსახურიდან წამოვედი, რათა ახალგორში  შესვლა და საქმიანობა შემძლებოდა.  იქ იყვნენ ჩემი მშობლებიც.  მამაჩემს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ასე ვერ დავტოვებდი. შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ ომის შემდეგაც ვიყავი პოლიციის სამსახურში. კვირაში ერთხელ გადიხარ, შემოდიხარ, ორგანოს [პოლიციის] თანამშრომელი იყავი, სხვანაირად ალბათ ვერც წარმოედგინათ”.

დაკავებიდან თითქმის 10 თვის შემდეგ, 19 იანვარს ცხინვალში პირველი სასამართლო პროცესი დაინიშნა. ხუთივე პროცესი დახურული იყო და მასზე დასწრების უფლება ილურიძის მშობლებს, რომლებსაც შეეძლოთ ახალგორიდან ცხინვალში ჩასვლა, არ მისცეს.

“სიტყვის უფლება სასამართლო პროცესზე ჩამომართვეს. კითხულობდნენ და თავადვე ამოწმებდნენ. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გამასამართლეს. 276-ე მუხლით, რაც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. სახაზინო ადვოკატი დამინიშნეს, რომელიც ცდილობდა არ ეწყენინებინა მათთვის. ვერანაირი ადვოკატი იმ სისტემას და რეჟიმს ჩემ გამო არც და ვერც დაუპირისპირდებოდა.
პროკურორმა 15 წელი მოითხოვა, თუმცა შეღავათი გამიკეთეს და სამი წელი ჩამოაკლეს. 12 წელი ციხე მომცეს. გადამიყვანეს ციხეში, მაგრამ ძალიან ცოტა ხანი, 10 დღე მომიწია იქ ყოფნა”.

ამბობს, რომ მისი შესაძლო გაცვლის შესახებ ცნობა პირველად 2015 წლის ნოემბერში მიიღო:

“ცხინვალელი ადამიანის უფლებების დამცველები შემოვიდნენ სასამართლომდე დაახლოებით ორი თვით ადრე. ხელი მომაწერინეს დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებდა ჩემს თანხმობას პატიმრების გაცვლის შემთხვევაში და იმაზე, რომ ამის შემდეგ მე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აღარასდროს შევიდოდი”.

ცხინვალიდან გამოსვლის შემდეგ ახალგორში შესვლის უფლება აღარ აქვს.

“ამის მიუხედავად, მადლობის მეტი რა მეთქმის. უზომოდ მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო, პირველ რიგში, ეს ბატონი პაატა ზაქარეიშვილი და მისი თანამშრომლები არიან. ჯერ კიდევ ცხინვალში ყოფნის დროს, როდესაც შესაძლო გამოშვებაზე მოვიდა ინფორმაცია, მაშინ გავიაზრე, რომ ქართულმა სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნა”.

საუბრის ბოლოს გელა ილურიძემ გვითხრა, რომ მთელ ამ ამბავში არსებობს დეტალები, რასაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ იტყვის.

“რისი თქმაც შემეძლო, ყველაფერი ვთქვი”, – ამბობს გელა ილურიძე.

10 მარტს ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გათავისუფლდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასცა. მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ასევე უშუალოდ მონაწილეობდა ენგურის ხიდზე პატიმრების გაცვლის პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი