სამხრეთ კავკასიის ამბები

ზაქარეიშვილი: პატიმრების გაცვლაზე რუსეთთან მოლაპარაკებები არასდროს მქონია

11 მარტი, 2016 • 1631
ზაქარეიშვილი: პატიმრების გაცვლაზე რუსეთთან მოლაპარაკებები არასდროს მქონია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, პატიმრების გაცვლის თემაზე მოლაპარაკებები 2015 წლის მაისიდან მიმდინარეობდა და, როგორც მინისტრი ამბობს, ამ პერიოდის განმავლობაში ქართულ მხარეს რუსეთის მხარესთან არც ერთ დონეზე მოლაპარაკება ამ საკითხზე არ ჰქონია.

“მე ვარ ჩართული უშუალოდ, და არც ერთ ეტაპზე არ გაჩენილა რუსული ფაქტორი. მე არასდროს მქონია კონტაქტი რომელიმე რუსულ ფიგურასთან, მხოლოდ და მხოლოდ აფხაზურ დონეზე, პრაქტიკულად ოსურ მხარესთანაც არ მქონდა კონტაქტი. ქართულ-აფხაზურ დონეზე წყდებოდა. იყო ძალიან რთული მოლაპარაკებები. ამ პერიოდის განმავლობაში იყო ჩავარდნებიც”, – განუცხადა მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს დღეს, 11 მარტს.

კითხვაზე, რა იყო აფხაზური მხარის დაინტერესება ამ შემთხვევაში [აფხაზურმა მხარემ ოსი პატიმრების სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეები ციხიდან გაათავისუფლა და ქართულ მხარეს გადასცა], პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ “ანალიტიკოსების საქმეა ანალიზი, რატომ გააკეთა ეს აფხაზეთმა”, მაგრამ, როგორც მინისტრი აცხადებს, მისი აზრით, ეს აფხაზური მხარის კეთილი ნება იყო.

“ოსურმა მხარემ რამდენჯერმე სთხოვა აფხაზურ მხარეს, ქართული მხარე არ მოდის თანამშრომლობაზე, რომ გადმოგვცეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი უვადო პატიმრებიო. ჩვენ ვაყენებდით პირობას, რომ ჩვენთვის პრიციპული იყო ყველა ამ უკანონო პატიმრის გამოყვანა”.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთი პატიმარი რჩება, რომელიც მოლაპარაკებების შედეგად ასევე უნდა გადმოეცათ ქართული მხარისთვის, თუმცა პატიმრების გაცვლის დღეს ქართულ მხარეს “მისი ხელწერილი” გადასცეს, სადაც წერია, რომ ის უარს ამბობს ამ პროცესში მონაწილეობაზე.

ეკუთვნის თუ არა აფხაზური მხარის მიერ გადმოცემული წერილი ნამდვილად ამ პატიმარს, უცნობია.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებათა შემდეგ ეტაპებზეც მისი გადმოცემის საკითხი ისევ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

10 მარტს ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გათავისუფლდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასცა. მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ასევე უშუალოდ მონაწილეობდა ენგურის ხიდზე პატიმრების გაცვლის პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი