კომენტარი

“მე თვითონ ვნახე ნატყვიარები” – დოთიაშვილი იხსენებს, როგორ მოკლეს გინტური

10 ნოემბერი, 2023 • 2180
“მე თვითონ ვნახე ნატყვიარები” – დოთიაშვილი იხსენებს, როგორ მოკლეს გინტური

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი აცხადებს, რომ თამაზ გინტურის მკვლელობისას ისიც მანქანაში იჯდა. დოთიაშვილი ჰყვება, რომ ოკუპანტებმა ჯერ საბურავებს, შემდეგ კი დამიზნებით მანქანაში მსხდომებს ესროლეს.

“ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი მე პირადად […] ჩვეულებრივად მივდივართ, არაფერი არ უთქვამს და მერე, ეტყობა, რაციაში დაუძახა, რა მოხდა, არ ვიცი, ჩვენ მანქანაში ვისხედით. შეიძლება დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთ. ყოველ შემთხვევაში, არ გაგვიგია. მოგვდევდა სროლა-სროლით. ბევრი გაისროლა”, – ჰყვება ლევან დოთიაშვილი.

მისი თქმით, დაჭრილი გინტური მანქანიდან გადმოიყვანა, რის შემდეგაც მასთან რუსი სამხედროები მივიდნენ და ტყისკენ წაიყვანეს. დოთიაშვილი ამბობს, რომ დაინახა, ვინ ესროლა გინტურს, თუმცა მის ამოცნობას ვერ მოახერხებს.

“მე თვითონ ვნახე ნატყვიარები. ზურგის და ხერხემლის არეში [ჰქონდა მოხვედრილი ტყვია]. ერთი თქვა, რომ დამჭრაო და მოგარტყა დიმიტრიჩ-მეთქი და ხოო. მერე გადავედი მე, მანქანიდან გადმოვიყვანე. ამ დროს ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით”, – ამბობს დოთიაშვილი.

დოთიაშვილი იხსენებს, რომ გზაში ოკუპანტებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.


6 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გუნტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა. გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში, სანთლის დასანთებად მივიდნენ. მათ ლომისის ეკლესიის კარი, რომელიც ოკუპანტების აჭედეს, ძალით გააღეს. ამის შემდეგ, მათ რუსი სამხედროები დაესხნენ თავს, გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ლევან დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს, თამაზ გინტურს კი ხვალ, 11 ნოემბერს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი