გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 134-ე შეხვედრა გაიმართა.

„შედგა ვრცელი დისკუსია. მოთხოვნილ იქნა ჰუმანიტარული მიდგომის დაფიქსირება, რათა ყველა უკანონოდ დაკავებული დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში…

ასევე განვიხელეთ უკანონო ბორდერიზაციის გამოვლენის საკითხები, რასაც ადგილი ჰქონდა შეხვედრებს შორის პერიოდში. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები დიამეტრულად გაიყო ამჯერადაც და ამაზე თანხვედრის წერტილი ვერ იქნა გამოკვეთილი“, – თქვა ირაკლი ანთაძემ.

სუს-ის ცნობით, უწყების წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.

უწყება ამბობს, რომ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენცია.

სუს-ის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებული რეჟიმის საკითხი.
„პერევი ქარძმანის მონაკვეთზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ყოველი კვირის: სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს, ხოლო მოსაბრუნის მიმართულებაზე: ხუთშაბათს, პარასკვს, შაბათსა და კვირას“, – ამბობს ანთაძე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 22 ოქტომბერი განისაზღვრა.