თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, თანამოაზრეებთან ერთად, „ანტიანექსიური პლატფორმა“ დააფუძნა. ჩაჩიბაია საჯაროდ პირველად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 3 წლის წინ, „რუსული კანონის“ მოვლენებისას, პარლამენტი დატოვა.

რა გეგმები აქვს თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს, „ოცნების“ ყოფილ დეპუტატსა და ამ პარტიის ორი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის მრჩეველს? აპირებს თუ არა ის პოლიტიკურ აქტივობას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობს? – ამ და სხვა საკითხების შესახებ ნეტგაზეთი ვლადიმერ ჩაჩიბაიას ესაუბრა.

პირველ რიგში, კონკრეტულად ამ ინიციატივაზე გვითხარით: საზოგადოებას რას სთავაზობთ, ანტიანექსიური პლატფორმის მთავარი მიზანი რა არის?

პაატა დავითაია დამიკავშირდა, არსებული მდგომარეობა ამიხსნა და მკითხა, აღნიშნულ პლატფორმასთან დაკავშირებით საკუთარი სათქმელის დაფიქსირების სურვილი მეც თუ მქონდა. ამიტომ, განსხვავებული წარსულისა და, თუნდაც, პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შევიკრიბეთ. ჩვენ ერთმა ძირითადმა პრინციპმა გაგვაერთიანა, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ის აგრესიული პოლიტიკა ჰქვია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან მიმართებით ეწევა.

დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დიდი გამოწვევა დგას, რომელსაც მცოცავი ანექსიის პროცესი ჰქვია. ჩვენს ცხოვრებაში ეს თითქოს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მომავალში რუსეთის მხრიდან გადაიდგმება, სააშკარაოზე გამოვიტანოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო დისკუსიები გავმართოთ, ვისაუბროთ და, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ პროტესტი გამოვხატოთ.

თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროცესების განვითარებას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ არსებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები ადამიანების რუსეთის ფედერაციის სისტემებში ეტაპობრივი ინტეგრირება მიმდინარეობს. პასპორტიზაციის პროცესი, განათლების პროცესი, თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნის პროცესი… ასევე, გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშნეს და მან ღიად განაცხადა, რომ მისი ამოცანა ამ ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში ინტეგრირება იქნებოდა.

ეუთოს მინისტერიალის საერთო განცხადებაშიც აღინიშნა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ელემენტების რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრირებას ცდილობს. ასევე, 2015 წელს, როდესაც რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ორმხრივ თანამშრომლობას ხელი მოეწერა, აღინიშნა, რომ ეს ხელშეკრულება სამხედრო, საბაჟო და საფინანსო სისტემების ერთმანეთთან ინტეგრირებას ხელს შეუწყობდა. ამის შემდეგ ევროსაბჭომაც გააკეთა განცხადება, რომ მცოცავი ანექსია მიმდინარეობს. ტერმინი „მცოცავი ანექსია“ ოფიციალურად მაშინ გაჩნდა და მას შემდეგ ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება.

ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ამ პლატფორმის გარშემო განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების და იდეოლოგიისა ადამიანები ერთი მნიშვნელოვანი საკითხის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის  გარშემო გავაერთიანოთ და რუსეთის მცოცავ ანექსიას არა იარაღითა და ჯავშანტექნიკით, არამედ ჩვენი სიტყვითა და გამოხატვით აღვუდგეთ.

„ანტიანექსიური პლატფორმა“ რა საქმიანობების განხორციელებას აპირებს?

ამ პლატფორმის ძირითადი საქმიანობა საზოგადოების ინფორმირება და დღეს თუ ხვალ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იქნება.

ფიქრობთ თუ არა, რომ სამომავლოდ ეს პლატფორმა პოლიტიკურ მოძრაობად გადაკეთდება და ამ კუთხით, თქვენს თავს აქტიურ პოლიტიკაში ხომ არ ხედავთ?

ეს სრულიად აპარტიული პლატფორმაა და, როგორც გითხარით, განსხვავებული გემოვნების ადამიანები შევიკრიბეთ. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში მე, როგორც პიროვნება, რომელიმე პარტიასთან გავერთიანდე, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენს შიგნით, ამ დისკუსიებსა და საუბრებში, ამის ნიშნები ჯერჯერობით არ განიხილება. ამ პლატფორმაზე არა მარტო ოპოზიციას ან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც ვპატიჟებთ. ეს პლატფორმა აბსოლუტურად ყველასთვის ღიაა.

თქვენ „ქართული ოცნებიდან“ იმ მცირერიცხოვან დეპუტატებს შორის იყავით, რომლებმაც 2023 წელს „რუსულ კანონს“ მხარი არ დაუჭირეს და მანდატი დატოვეს. ამ გადმოსახედიდან თქვენს ნაბიჯს როგორ აფასებთ?

კანონთან დაკავშირებით მე ჩემი პოზიცია მქონდა. მაშინ ჩავთვალე, რომ ამ კანონის მიღება ნაადრევი იყო, რადგან, რამდენადაც ვიცი, ევროკავშირისგან მიღებული იყო გზავნილი, რომ ეს კანონი თუ გავიდოდა, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით. ჩემი პოზიცია ის იყო, რომ კანონის განხილვა გადაწეულიყო.

ასევე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ქუჩაში გამოსვლას აპირებდნენ. ეს ჩემთვის ძალიან ცუდი მომენტი იყო. საბჭოთა კავშირის დროს მახსოვს, სკოლის მოსწავლეები მიტინგებში მონაწილეობას რომ იღებდნენ და ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა ადამიანები ამ კანონის წინააღმდეგ დაირაზმნენ.

მე მაშინ ვთქვი, რომ ამ კანონის მიღება ნაადრევი იყო და შვილების ტოლ ბავშვებთან დაპირისპირებისთვის თავი უნდა აგვერიდებინა, რასაც შემდგომში ადგილი მაინც ჰქონდა.

შემდეგ ვნახეთ, რომ ეს კანონი უკან გაიწვიეს [ერთი წლის შემდეგ მიიღეს. ნეტ], მაგრამ მისმა მიღებამ თავისი ნეგატიური გავლენა იქონია, საზოგადოება რადიკალურად დაიყო და ამის მერე, პრინციპში, ქვეყანა ფაქტობრივად ვეღარც დაწყნარდა.

ზოგადად კითხვა რომ დავსვათ, ქვეყანაში ასეთი ტიპის კანონი უნდა არსებობდეს თუ არა? მე ვთვლი, რომ უნდა არსებობდეს, უბრალოდ, ამისთვის შესაფერისი მომენტი უნდა იყოს. ალბათ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სწორი ინფორმირებაა საჭირო და შემდგომში, როდესაც სიტუაცია ხელსაყრელ გარემოს გაძლევს, დავუშვათ, ნაბიჯების გადადგმა შეიძლებოდა.

ამიტომ იმ საფრთხის გამო, რომელიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეალურად არსებობდა, მე ეს გადაწყვეტილება მივიღე – ხმის მიცემისგან თავი შევიკავე (და არა ის, რომ მხარი არ დავუჭირე) და შემდგომში საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა შემეწყვიტა და პოლიტიკურ ცხოვრებას გავრიდებოდი.

როგორც აღმოჩნდა, ამ კანონს გამჭვირვალობის გამო კი არ იღებდნენ, ის ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ადამიანებს აგენტებად აცხადებდა. თქვენ ფიქრობთ, რომ ზუსტად იგივე ფორმით ამ კანონის მიღება სხვა დროს შეიძლებოდა?

ამ კანონმა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძალიან ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს კანონი არ უნდა ყოფილიყო იმის გამო, რომ იქ აგენტებად ვიღაცები მოიაზრებიან. პრობლემა ის არის, რომ ჯერ, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირება უნდა მომხდარიყო. საზოგადოებისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, საქმე რასთან გვაქვს.

მე ამ შემთხვევაში მინდა ობიექტური ვიყო და ოპოზიციაც ბევრ შემთხვევაში სცოდავს. ამ კანონთან დაკავშირებით, როდესაც პარლამენტში მუშაობა დაიწყო, დღეს ხომ ვხედავთ, როგორი კანონიც არის, ის (2023 წლის) კანონი, წარმოიდგინეთ, ბევრად უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე დღეს არის.

ალბათ, რაღაცნაირად საზოგადოების ინფორმირება, საზოგადოებისთვის მეტის ახსნა და შემდგომში გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უნდა მომხდარიყო.

იმას, რომ არასამთავრობოები პოლიტიკაში რაღაც ფულს ხარჯავდნენ, მეც ვერ უარვყოფ. გარდა იმისა, რომ სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების მიმართულებით მხარდაჭერა იყო, ასევე [გრანტების] რაღაც ნაწილი, არ დავმალავთ და ვთქვათ, რომ პოლიტიკის ფორმირების ნაწილშიც მიდიოდა. მაგრამ ის სიჩქარე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ გამოიჩინა, დღემდე ვერ ამიხსნია… იმიტომ, რომ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებს არსებული ხელისუფლება მაშინაც ჩვეულებრივად მართავდა. ანუ, ეს არ იყო ისეთი გადაუდებელი, სასწრაფო კანონი, რომელიც უნდა მიეღოთ, რათა პოლიტიკურ ველზე პროცესების სტაბილიზაცია მომხდარიყო.

არ ვიცი, ეს საიდან მოდიოდა, როგორ მოდიოდა, ამ კანონის მიღების დავალება რა იყო? მე მივიჩნიე, რომ ეს კანონი ნაადრევი იყო და ამიტომ დღესაც მიმაჩნია, რომ მისი მიღება დიდი შეცდომა იყო. ამ კანონის შემდგომ გამოწვეულმა საპროტესტო ტალღამ, დღესაც კი ვხედავთ, რომ საზოგადოებაში გარკვეული ნეგატიური მუხტი დატოვა. ეს პროცესი ნაადრევი იყო.

გაგახსენებთ, რომ მერე 2024 წლის არჩევნები ჩატარდა და ამ კანონის გამოყენებით საიმისოდ აბსოლუტურად ვერაფერი გაკეთდა, რომ, დავუშვათ, ეს ყველაფერი არჩევნებისთვის კეთდება, რათა გარე ძალის გავლენა არ იყოს… გარკვეულმა პარტიებმა საარჩევნო კამპანიისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯეს და ამ კანონმა ფაქტობრივად ვერც იმუშავა.

ამიტომ კითხვის ნიშანი იმისა, თუ ეს რისთვის გავაკეთეთ, რჩება. აი, დღესაც კი ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მე მიმაჩნია, რომ ეს კანონი შეცდომა იყო და მისი მიღება ნაადრევად მოხდა.

თქვენ ფიქრობთ, რომ პარტიებმა დაფინანსება ქვეყნის გარედან მიიღეს?

გარე ძალების მხრიდან რაღაც მხარდაჭერები იყო… ძალებს დავარქმევთ თუ ორგანიზაციებს, რაღაც მხარდაჭერები იყო, მაგრამ კიდევ ვიძახი, რომ ამ კონკრეტულმა კანონმა თავისი საქმე ვერ შეასრულა.

დღეს იმ ვერსიამ, რომელიც ამერიკის FARA-ს მოდელია, გარკვეული, მძიმე გავლენა უკვე იქონია როგორც პოლიტიკის ნაწილზე, ასევე იმ ჰუმანიტარულ მიზნებზე, რისთვისაც არასამთავრობო ორგანიზაციები ხარჯავდნენ, რომლებიც ასევე სოფლის მეურნეობის კუთხით იყო. ეს ყველაფერი დაიკარგა და ეს სამწუხარო მოვლენაა. ამას ხელი ამერიკის პოლიტიკამაც შეუწყო, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციაში USAID-ის დაფინანსებაზე აბსოლუტური უარი თქვეს. ამან თავისი გავლენა უკვე არა მარტო პოლიტიკურ სპექტრზე იქონია, არამედ იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზეც, სადაც ეს თანხები იხარჯებოდა, სოფლის მეურნეობა იქნება ეს, განათლება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

არჩევნების დროს პარტიებს რომელი უცხოური ორგანიზაციები ეხმარებოდნენ და საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც თქვენ ამბობთ, გარე ჩარევამ რა გავლენა მოახდინა?

საჯაროდ ამას მე არ ვიტყვი. ვერც პოლიტიკურ პარტიებს ვიტყვი და ვერც იმ ორგანიზაციებს დავასახელებ, ჩემი მხრიდან ეს კორექტული არ იქნება. კონკრეტული მტკიცებულება ხელთ არ გამაჩნდა. ამიტომ ეს ინფორმაცია, რომელიც მქონდა, შეიძლება ვივარაუდოთ. ტრანზაქციების ჩანაწერები არ მინახავს. ეს ინფორმაცია მუსირებდა და ამიტომ ამასაც ვარაუდის დონეზე ვიძახი, მტკიცებულებით ფორმას ვერ მივცემ, იმიტომ, რომ ზუსტი მტკიცებულება არ გამაჩნია. შეიძლება რომელიმე სამსახურში რამე მტკიცებულება იყოს, მაგრამ მე არ გამაჩნია.

როგორ ფიქრობთ, ეს მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, ამ დრომდე შეინახავდნენ, გამოძიება არ დაიწყებოდა?

არ ვიცი, მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, ალბათ, პროცესს რაღაც მსვლელობა ექნებოდა, მაგრამ არ ვიცი ახლა იქ, შიგნით, ეს პროცესები თვითონ როგორ ვითარდება; იქ რამე დიპლომატიას აქვს ადგილი, თავშეკავებას, პარტნიორებთან ურთიერთობის გამწვავების თავის არიდებას თუ რას, არ ვიცი. ამასთან დაკავშირებით ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით.

ის შიშები, რაც საზოგადოებას ჰქონდა, რომ ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ რეპრესიული პროცესები მოჰყვებოდა, ასევე დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები გაფუჭდებოდა, თქვენი აზრით, გამართლდა?

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებასთან“ მიმართებაში ჩემი ბრაზი მაქვს, მინდა, როგორც ნეიტრალურმა, ჩვეულებრივმა მოქალაქემ ისე ველაპარაკო. შენ როცა არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ, პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გააკეთო. ეს მინდა ცალსახად ვთქვა, იმიტომ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური განცხადებები გარკვეულ გაღიზიანებას იწვევდა.

რა თქმა უნდა, ეს რეპრესიები, დაჭერები… როდესაც ვიღაცა ვიღაცას ურტყამს, ვიღაცა თავს იცავს… ხელისუფლებამ რაღაც მეთოდებით თავის დაცვა გადაწყვიტა. ამას სტუდენტების დაჭერა მოჰყვა თუ კანონების ცვლილება… ვინ როგორ მეთოდოლოგიას გამოიყენებს, ეს ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ, მე პირადად არ მომწონს ის, რომ საზოგადოება ასე არის პოლარიზებული.

მარიამობისთვის 200-მდე [აქედან სინდისის პატიმარი მხოლოდ რამდენიმე იყო. ნეტ] კაცი შეიწყალეს და ეს მოსაწონი ნაბიჯია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება. თუ ვინმე დარჩა ციხეში, ვინც სასჯელს თავისი პოზიციის გამოხატვის გამო იხდის, იქნება ეს ტროტუარზე დგომა თუ სხვა, იმედია, კიდევ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ამ ადამიანებს იქიდან გამოუშვებენ.

დღეს ჩვენი საზოგადოება დაყოფილია. ეს დაყოფა არც მე მომწონს და არც საზოგადოების დიდ ნაწილს და ეს კატათაგვობანას თამაში, რომელიც დღეს პოლიტიკურ არენაზეა, საზოგადოების უმრავლესობას არ მოსწონს. მე იმ საზოგადოების ნაწილს წარმოვადგენ, შეიძლება 40%-იც ჩავთვალოთ, რომელსაც ბოლომდე ვერ გაურკვევია, ვის მხარეზე დგას. იმიტომ, რომ დღეს პოლიტიკური სპექტრი იმდენად არის აჭრელებული და, საწყენად ნურავინ მიიღებს, მაგრამ ღირებულებებისგან დაცლილი, რომ ზუსტად არ ვიცი, რომელი პოლიტიკური მიმდინარეობა უფრო სწორია თუ უფრო მტყუანი.

ამიტომ ამ შემთხვევაში ჩემი პოზიცია ნეიტრალურია. არ მომწონს ის, რაც დღეს ხელისუფლებაში ხდება და ის, რაც ოპოზიციაში ხდება. როგორც ხედავთ, ოპოზიცია, ფაქტობრივად, მარტივ მამრავლებად არის დაყოფილი და დაშლილი. ეს სისტემური დაპირისპირება არა მარტო სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორისაა, არამედ თვითონ შიგნით, ოპოზიციაშიც როგორი დაპირისპირებაა. ამიტომ მე, როგორც ნეიტრალური ადამიანი, ვიტყვი, რომ ორივე მხარეს თავისი მინუსები აქვს. პლიუსებს ორივე მიმართულებით მე ნაკლებად ვხედავ.

როცა ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, როგორც თქვენ აღწერეთ, როგორ ფიქრობთ, პირველი ნაბიჯის გადადგმა ვის მართებს? ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს, თუ ამის პასუხისმგებლობას თანაბრად ანაწილებთ?

ალბათ, ძლიერს. ზოგადად, როდესაც ძლიერი დგამს ნაბიჯს, ეს უფრო მოსაწონია. ძლიერის მიერ გადადგმული ნაბიჯი რაინდულ საქციელად აღიქმება. ეს ნაბიჯი დადებითად იქნება აღქმული არა მარტო მომხრეებისა და ოპოზიციური განწყობის ადამიანების მიერ, არამედ იმ ნეიტრალური საზოგადოებისთვისაც, რომელიც დღეს, ჩემი აზრით, 40%-ია, თუ მეტი არა.

საქართველოს დაწყნარება სჭირდება, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება მომავალშიც სწორ ნაბიჯებს გადადგამს, ისეთებს, როგორიც მარიამობის პერიოდში ვნახეთ და ყველა ის პატიმარი, რომელიც ამ მიტინგების გამო დღეს სასჯელს სხვადასხვა მუხლით იხდის, თავის ოჯახს დაუბრუნდება.

როდესაც „რუსული კანონის“ ამბების შემდეგ პარლამენტიდან წახვედით და ამ გადაწყვეტილებით დააფიქსირეთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკას პრინციპში არ ეთანხმებოდით, ბევრს თქვენი შემდეგი ნაბიჯი გაუკვირდა. რატომ დათანხმდით ამის შემდეგ იმავე ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტს? ეს ხომ არ იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი ან შეთანხმება გუნდთან, რათა თქვენი წასვლა ღია დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო?

ზოგადად, პოლიტიკაში მე მაშინ რაღაც გარემოებებით შევედი. „ქართულ ოცნებაში“ სრულიად ახალი ადამიანი ვიყავი, მანამდე პარტიაში ჩემი სანაცნობო წრე თითქმის არ არსებობდა. პოლიტიკაში ჯარიდან მივედი, თუმცა, როგორც ნახეთ, პოლიტიკოსად ბოლომდე ვერ შევდექი. მე ჩემი პრინციპები, ჩემი ღირებულებები გამაჩნია. ამიტომ შემდგომში მე პრემიერ-მინისტრთან მუშაობა გავაგრძელე როგორც უკვე პოლიტიკისგან დაცლილმა ადამიანმა… არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც გარკვეული სამხედრო და უსაფრთხოების გამოცდილების მქონე ჩვეულებრივმა მოქალაქემ. ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდილება (წლები თავდაცვის ძალებში გავატარე) სამთავრობო დონეზე ფასეული და მისაღები იქნებოდა.

კობახიძის [პრემიერობის] პერიოდშიც მრჩევლის პოზიციაზე ყოფნა მომიწია, შემდგომში ეს პოზიცია გააუქმეს. ფაქტობრივად ერთი წელია, მე თადარიგში ვარ და არც ახლა ვცდილობ რომელიმე პარტიასა და პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას. იმიტომ, რომ კიდევ ვიძახი, დღესაც და მაშინაც, როცა პრემიერის მრჩევლის თანამდებობაზე ვიყავი, სრულიად აპოლიტიკური პერსონა გახლდით.

ასე რომ, თუ ბევრისთვის ერთი კვირა იმისთვის საკმარისია, რომ განაწყენებული შემდგომში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეუერთდეს, როგორც ხედავთ, არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ მქონია. შესაბამისად, არც მასმედიის და არც სხვა პლატფორმებზე არ ვჩანდი, რადგან არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გამაჩნდა.

თუმცა მომავალში [პროცესები] როგორ წარიმართება და თქვენი კითხვაც მანამდე ასეთი იყო… ვნახოთ, შევხედოთ; თუ რამე ისეთი იქნება, სადაც ჩავთვლი, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია იმ პრინციპებსა და ღირებულებებს პასუხობს, რითიც მე მთელი ცხოვრება ვხელმძღვანელობდი, შესაბამისი გადაწყვეტილება შეიძლება მივიღო.

„ქართული ოცნების“ დღევანდელ საგარეო პოლიტიკას როგორ შეაფასებთ, რომელიც პირდაპირ კავშირშია იმასთან, ქვეყნის უსაფრთხოება როგორი დაცული იქნება?

ის, რაც დღეს ხდება, არ მომწონს.

მინდა ობიექტური ვიყო და ვთქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პერიოდში, საქართველოს წინაშე რაღაც რისკები იდგა. ეს რისკი რუსეთის საქართველოში შემოჭრა იყო. უკრაინისთვის ეს სამხედრო დახმარება იქნებოდა თუ ადამიანების გაგზავნა, შეიძლება პროვოკაციად ყოფილიყო აღქმული. საქართველოსთან მიმართებით რუსეთი იმ ადამიანურ რესურსს ყოველთვის გამონახავს, რომ თავისი ნეგატიური სიტყვა თქვას.

მაგრამ მას შემდეგ რაღაც პერიოდი გავიდა, ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს.

ევროკავშირი, რომელიც საქართველოს ბევრ რამეში ეხმარებოდა, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში მეგობარს ვეძახდით, არ შეიძლება მტრად გავხადოთ, ხოლო ის, ვინც შენს ტერიტორიებს იპყრობდა, შენს ჯარისკაცებს კლავდა, შენს მოქალაქეებს ანადგურებდა და ტერიტორიებს ეთნიკურად წმენდდა, ისე გამოვიყვანოთ, თითქოს არაფერ შუაში მყოფი მხარეა.

ეს ყველაფერი პიროვნულად ჩემზე გარკვეულწილად ნეგატიურად მოქმედებს. ის, რომ დღეს ევროკავშირი თურმე არაფერი ორგანიზაცია არ ყოფილა და ამ დროს კონსტიტუციური ჩანაწერი გაქვს, რომ შენი მისწრაფება იქ გაწევრიანებაა, არც ეს მომწონს.

როგორ შევადარო, მაგრამ, შევარდნაძეს ყველა მხარესთან, როგორც ევროპასთან, ისე ამერიკასთან და რუსეთთან, ბალანსის დაცვის უნიკალური ნიჭი ჰქონდა. ვხედავთ, რომ აქ ეს ბალანსი აღარ არსებობს. ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საერთოდ გაგონებაც კი არ უნდათ, ამერიკის პოლიტიკა დღესაც გაურკვეველია და ელჩი დღემდე არაა დანიშნული.

არის რაღაცები, რაც შეიძლება მეც მაღიზიანებდეს, თუნდაც ევროპისა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან. ლგბტ საკითხები ორმხრივი თანამშრომლობის ლოკომოტივი არ არის. უმცირესობებს, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ, მათი უფლებები ყველამ უნდა დავიცვათ, მაგრამ ეს ძირითადი საკითხი არ უნდა იყოს. ევროპისა და ამერიკის გარკვეული ჯგუფების მხრიდან ამ საკითხზე რატომღაც პედალირება ხდება, რაც ჩვენთან, კონსერვატიულ საზოგადოებაში, გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს.

შემდეგ აქ ამით ადამიანების გარკვეული ჯგუფი სარგებლობს და ამას სპეკულაციებისთვის იყენებს, თუნდაც თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ან პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად.

მე ვფიქრობ, მთავრობამ უმრავლესობის მოთხოვნაც უნდა გაითვალისწინოს, უმცირესობის უფლებებიც უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ საგარეო პოლიტიკის იმ საკითხში, რომელსაც ჩვენი კონსტიტუციური ჩანაწერი ევროკავშირთან ინტეგრაციაზე გვეუბნება, ბალანსი არ უნდა დაირღვეს.

ასევე, რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად მომხრე ვარ იმისა, რომ რუსეთთან სიტუაციის გადატვირთვა და საუბარი მოხდეს. იმიტომ, რომ ის შენი მეზობელია, იმ გეოგრაფიას ვერავინ შეცვლის და ჩვენი წარმატების თუ პრობლემების მოგვარების გასაღები სწორედ რუსეთშია. იმ გაგებით ვამბობ, რომ ტერიტორიული მთლიანობის ეს საკითხები არა აფხაზებთან და ოსებთან, არამედ ზუსტად მათთან არის გასავლელი და დასალაგებელი. არც აფხაზს და არც ოსს პოლიტიკის კეთება რუსების გარეშე არ შეუძლია.

ამიტომ, ამ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ერთად, რა თქმა უნდა, რუსეთი მნიშვნელოვანია, სადაც ჩვენ პოლიტიკა უნდა გადავტვირთოთ, მაგრამ ისე არა, რომ ეს ბალანსი დაგვერღვეს.

რუსეთის პოლიტიკას გაუმაძღრობის სინდრომი ჭირს, რაც არ უნდა გააკეთო, მათი დაოკება შეუძლებელია. რაც მეტს გააკეთებ, უფრო მეტს ითხოვენ და სანაცვლოდ, ფაქტობრივად, ვერაფერს იღებ. წარმოიდგინეთ, უკრაინაში ომი ხუთი წელია მიდის, საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის მართლა ბევრი გააკეთა, რომ რუსეთთან დაკავშირებით რაღაცები დარეგულირებულიყო: მათი გულისთვის სანქციებს არ შეუერთდნენ, სანქციები თავად მიიღეს და „ოცნების“ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რომ რუსეთის გამო დაზარალდა. კონკრეტულ შემთხვევაში ამ ყველაფრით სახელმწიფო ზარალდება. მაგრამ სანაცვლოდ რუსეთისგან რა მივიღეთ? ისევ ბორდერიზაცია ხდება, ისევ შემოღობვა ხდება, ისევ ვიღაცების იჭერენ… ანუ ის სიკეთე, ფაქტობრივად, რაც საქართველოს უნდა მიეღო [ვერ მიიღო]… პოლიტიკა ზოგადად ხომ ვაჭრობაა? საკითხების მოგვარება პოლიტიკური ვაჭრობით ხდება და სანაცვლოდ ჩვენ ვერაფერი მივიღეთ, გარდა იმისა, რომ რუსეთი იმ თავის აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს, ანექსიისკენ გადადგმულ იმ ნაბიჯებს აგრძელებს და ამ დე ფაქტო ხელისუფლებების რუსეთის ფედერალურ ინსტიტუტებთან ინტეგრირება ყოველდღიურად ხდება.

ამიტომ შედეგი აბსოლუტურად ნოლი გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვიძახით, მშვიდობა გვაქვსო, მაგრამ არის ის მშვიდობა? უკრაინაში რომ მორჩება, რუსეთი რა ნაბიჯს გადადგამს, ვინმემ იცის? არავინ იცის. დღეს სახელმწიფოს რუსეთის მხრიდან არანაირი გარანტია არ გააჩნია, რომ რაღაც პრაგმატული პოლიტიკისკენ მიდრეკილება ექნებათ, აბსოლუტურად წამგებიან პოზიციაში ვიმყოფებით. ჩვენ, ფაქტობრივად, ევროკავშირის მხარდაჭერაც დავკარგეთ და ამერიკისაც. ხვალ რომ რუსეთმა რაღაც მოინდომოს, ევროპაშიც და ამერიკაშიც კაციშვილი არ დარჩა, რომელმაც თუნდაც საქართველოს გულისთვის შეიძლება დაამთქნაროს. ეს რეალობაა. ფაქტობრივად ამ დიდი აგრესიისა და საფრთხის წინაშე მარტო აღმოვჩნდით. მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ფურცელი გადაშალოს და ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ახალი გვერდიდან დაიწყოს, ძალა გარკვეულწილად უნდა მოძებნოს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში, სამწუხაროდ, დღეს არანაირი ინტერესი არ გააჩნია. მაინც რაღაცნაირად გადატვირთვის პოლიტიკა უნდა დავიწყოთ, ევროპასთანაც და ამერიკასთანაც.

აი, მარტო ის, რომ დღეს [აშშ-ს] ელჩი არ ჰყავს, ესეც მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს და მე ამ შემთხვევაში, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, თავს შეურაცხყოფილადაც კი ვგრძნობ. საქართველომ იმ საერთაშორისო მისიებში ამხელა წვლილი შეიტანა, სადაც ჩვენი ბიჭები დაიჭრნენ, დასახიჩრდნენ და ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ. ფაქტობრივად, ის ყველაფერი, რაც კი ამ საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით, განსაკუთრებით უსაფრთხოების ნაწილში მოვიპოვეთ, ყველაფერი განიავებულია.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ ძალა უნდა იპოვოს და გადატვირთვის პოლიტიკის წარმოება ევროკავშირთანაც და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც უნდა შეძლოს.

ასევე იმასაც ვამბობ, რომ რუსეთთან პრაგმატული, ზომიერი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, არა იარაღის ჟღარუნზე დაფუძნებული, არამედ სწორი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნების კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

დიპლომატია ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს. მე მგონია, რომ ქართველებს ამისი უნარი გვაქვს. ქართველები ისტორიულად დიპლომატი ხალხი ვართ და ხელისუფლებამ ჩვენი გენეტიკური ნიჭიც უნდა გამოიყენოს და ალბათ, ის ინსტრუმენტებიც, რაც მის ხელთ არის და ის სწორი პოლიტიკა აწარმოოს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.

როგორც თქვით, რუსეთის სასარგებლო პოლიტიკის გატარებით ხელისუფლება თავსაც იზიანებს და ქვეყანასაც აზიანებს, მაშინ ამას რატომ აკეთებენ? ამ ზიანს სათანადოდ ვერ აფასებენ?

პასუხი მათ მიერაა გასაცემი. არ ვიცი, რატომ აკეთებენ. მე ის პირველი ფრთხილი და სწორი ნაბიჯები მესმის, როდესაც ომი დაიწყო. მაგრამ შემდგომში უკვე, არ ვიცი… რაღაც სპირალში შევიდნენ და იქიდან ვერ გამოდიან… არ ვიცი, მათი ეს პოლიტიკა რას ემყარება, რომელიც მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არასასარგებლოა, დამაზიანებელიც კია. აი, ამ სპირალიდან როგორ გამოვლენ, ეს არ ვიცი. ეს მათ წინაშეც და მთელი ქვეყნის წინაშეც დიდი დილემაა.

ამიტომ, ხვალ-ზეგ უკრაინის ომი რომ მორჩება და იმედი მაქვს, რომ უკრაინა აქედან გამარჯვებული გამოვა, ჩვენ რას ვაპირებთ? აი, ეს დიდი კითხვის ნიშანია.

თუ უკრაინაში რუსეთმა იმ საწადელ და სანუკვარ მიზანს ვერ მიაღწია და, როგორც უყურებთ, ომი უკვე ხუთი წელია მიდის. ადრე ჯერ იძახდნენ, ორ კვირაში ავიღებთო, მერე ორ თვეშიო, აგერ მეხუთე წელი მიდის და, ფაქტობრივად, გარედან გარკვეული არასწორი ჩარევები რომ არა, უკრაინას შეიძლება უფრო მეტი შედეგებიც ჰქონოდა, მაგრამ მერე რა იქნება? დავუშვათ, უკრაინასთან ეს ომი გარკვეული ფორმით მორჩა. დასრულდა, გაიყინა ან სამშვიდობოები შევიდნენ. ჩვენ ამ შემთხვევაში სად ვართ? რას ვაპირებთ? როგორ ვაპირებთ… აი, ჩავთვალოთ, რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო მიიერთა, მერე რას აკეთებ? როგორ აპირებ?

დღეს რუსეთის მხრიდან ამასთან დაკავშირებით მუქარა მუდმივად გვესმის. ნაბიჯებს ისეთს დგამენ, როგორი შეფასებაც ევროსაბჭომ გააკეთა: მცოცავი ანექსიის პროცესი გრძელდება და არ ჩერდება. აგერ, დღეს ცხინვალში დე ფაქტო მმართველობაში რუსეთის მოქალაქე არის. რას აპირებ? აქეთ ევროპასთან ურთიერთობა გაფუჭებული გაქვს. გამოსავალი რა არის? ეს კითხვის ნიშნები არსებობს, რომლებსაც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს.

იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან ნაბიჯი იმისკენ არ იდგმება, რომ არა თუ ურთიერთობაში წამოგყვეს, ამის სურვილიც არ აქვს. სადმე რამე გინახავთ, რომ რაღაც განცხადების დონეზე მაინც ეთქვათ, მოდი დავსხდეთ, დაველაპარაკოთო?

მახსოვს, ნატოსთან დაკავშირებით სულ სპეკულირება იყო, რუსები იძახდნენ, მაინც არ მიგიღებენო, რაც შეიძლება სწორიც იყო, მაგრამ შენ უარესს არ აკეთებ? ნატოს ჩემი ტერიტორია არ აქვს [ოკუპირებული]. იმ ორგანიზაციაში მიგიღებენ თუ რაღაც ილუზიურ მოლოდინს შეგიქმნიან, მე ნატოსთან, რომელიც ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, პრობლემა არ მაქვს. შეიძლება ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა ნატოში გაწევრიანება იყო, მაგრამ შენ რას აკეთებ? აბსოლუტურად არაფერს.

ნატოსთან ჩვენმა სიახლოვემ რა მოგვიტანა? ინსტიტუციური განვითარება მოგვიტანა ჯარში, შესაძლებლობები გაჩნდა… შენ აბსოლუტურად რეგრესული ძალა ხარ. იმისკენ, რომ რაღაც უკეთესობისკენ წავიდეს, მათი მხრიდან ნაბიჯიც კი არ იდგმება. იგრძნობა, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხს შენი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად როგორც ბერკეტს იყენებ. აი, ამ შანტაჟის ქვეშ რამდენი ხანი ვიქნებით, ეს ის დიდი კითხვაა, რომელსაც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს.

ვითარება ძალიან რთულია. სწორედ გამიგეთ, შეიძლება ამ ხელისუფლების მდგომარეობაში მართლაც შევდიოდე, იმიტომ, რომ რუსეთთან ამ გადატვირთვის პოლიტიკით მართლა ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. თუმცა ეს გადატვირთვა ცალმხრივი არ უნდა იყოს. ახლა ცალმხრივია.

რას ფიქრობთ ე.წ. მეორე ფრონტის თემაზე?

სიმართლე რომ გითხრათ, [უკრაინაში ომის დაწყების] პირველ პერიოდში ეს საფრთხე რეალური იყო და ნამდვილად არსებობდა.

რაც შეეხება მეორე ფრონტს, ჩემი, როგორც სამხედრო ექსპერტის ვარაუდითა და ინფორმაციით, რუსეთს იმ ორ თვეში სამი ძირითადი საკითხი უნდა მოეგვარებინა: მოლდოვისთვის წართმეული ტერიტორიების, უკრაინისა და საქართველოს საკითხები. ანუ, ამ ომით, ამ „სპეცოპერაციით“, უკრაინაში ორ თვეში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, მას საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავდა საქართველოში (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) და სომხეთში (გიუმრიში) არსებული ბაზები.

თუ ის ორ თვეში უკრაინის საკითხს მოაგვარებდა, შემდგომში დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც დადგებოდა. მას რა სურდა? დნესტრისპირეთი მიეერთებინა ე.წ. ნოვოროსიის ტერიტორიასთან, რომელიც შავი ზღვის სარტყელს შეკრავდა; დნეპრის დასავლეთით მდებარე ნაწილს კი ევროპისთვის დატოვებდა, როგორც თავად ამბობდნენ, პოლონეთის ყოფილ სათავადო ტერიტორიას, რასაც დასავლეთ უკრაინა ჰქვია. ამასთან, აღმოსავლეთ უკრაინის მთლიან ტერიტორიას დე ფაქტო მარიონეტული ხელისუფლებით (ანუ ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნით) ჩაანაცვლებდა და, ამავდროულად, უნდა მოგვარებულიყო საქართველოს საკითხიც.

ჩვენ უკრაინის ბრძოლამ გადაგვარჩინა, რადგან რუსეთმა არა მხოლოდ საქართველოსთვის ვერ მოიცალა, არამედ საქართველოში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების გადასროლაც კი მოუწია, რომელთა პირადი შემადგენლობის 60% უკან ცოცხალი აღარ დაბრუნებულა.

ამიტომ ვერ უარვყოფ იმას, რომ საქართველოში არსებობდა მეორე ფრონტის გახსნის დიდი საფრთხე. ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში [მეორე ფრონტის გახსნა] უკვე სხვა ქვეყნის ინტერესებშიც შედიოდა.

ანუ, თუ თავდაპირველად რუსეთს ჰქონდა [განზრახვა], რომ საქართველოში შემოჭრილიყო, შემდგომში, ალბათ, უკრაინის ინტერესებშიც შეიძლება ყოფილიყო სადმე მეორე ფრონტის გახსნა. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ როდესაც 2008 წელს რუსეთთან ომი გვქონდა, მეც მქონდა შინაგანი სურვილი, რომ ნეტავ სხვაგანაც დაწყებულიყო საბრძოლო მოქმედებები, რათა ეს წნეხი საქართველოზე გარკვეულწილად განეიტრალებულიყო და სხვა მიმართულებებზეც გადასულიყო.

შეიძლება ცუდად ჟღერს, როცა სხვა ქვეყანას ომში ჩართვას უსურვებ, მაგრამ ეს არის ბუნებრივი განცდა, როდესაც გსურს, მარტო არ დარჩე ომში და შენ გვერდით იყვნენ მეგობრები, რომლებთან ერთადაც შეძლებ ამ უზარმაზარი ძალისა და ბოროტების დამარცხებას.

ფოტო: ვლადიმერ ჩაჩიბაია. ნეტგაზეთი /ქეთევან ხუციშვილი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო ნარატივის ერთ-ერთი მთავარი ხაზი აფხაზებთან და ოსებთან „ბოდიშის მოხდა“ იყო. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

ბოდიში, პირველ რიგში, ალბათ, რუსეთმა უნდა მოიხადოს, რადგან ამ ომების თავიდათავი და წამქეზებელი სწორედ რუსეთი და მისი სპეცსამსახურების ის ფართო აგენტურა იყო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველებსა და ოსებს, ასევე აფხაზებსა და ქართველებს შორის ეს კონფლიქტები მომხდარიყო. ჩემი გვარი წარმოშობით აფხაზურია, ჩვენ ჩაჩბები ვიყავით. 

მე პირადად არავისთან საბოდიშო არაფერი მაქვს. მთელი ცხოვრება ბრძოლის ველზე ჯარისკაცი ვიყავი და ნებისმიერი მხრიდან ღირსეული სამხედროს ქმედება, თუკი ის მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემას ავლენდა, ყოველთვის დასაფასებელი და მოსაწონი იყო ჩვენთვის.

თუმცა, არც მე და არც სხვა ქართველ მეომრებს ისეთი არაფერი ჩაგვიდენია, რომ ვინმეს წინაშე გვქონდეს საბოდიშო. პირიქით, განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა, მიმდინარეობდა ქართველი ტყვეების ხოცვა-ჟლეტა, ქართველი ქალების, ახალგაზრდა გოგონებისა და ბავშვების გაუპატიურება და ყველა ის უბედურება, რაც კი შეიძლება დედამიწაზე არსებობდეს, ბანდიტური დაჯგუფებებისა და რუსების მიერ დაქირავებული რაზმების მხრიდან ხორციელდებოდა. ამიტომ, მე პირადად არავისთან მაქვს საბოდიშო და სხვებმა თავად განსაზღვრონ, ვის აქვს ბოდიში მოსახდელი და ვის – არა.

გასულ წელს პარლამენტში 2008 წლის ომის გარემოებების შემსწავლელი კომისია შეიქმნა. როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭირო იყო ამ კომისიის შექმნა? თქვენი აზრით, რა იყო ამ კომისიის მიზანი და მოიტანა თუ არა მან რაიმე სარგებელი? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ კომისიის რეალური მიზანი აგვისტოს ომის რევიზია იყო?

აბსოლუტურად ყველა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, როდესაც ომი ხდება (და ასეა ამერიკაშიც), ტარდება ომის გარემოებების შესწავლა. მაგალითად, ერაყისა და ავღანეთის ომების დროს, სენატსა თუ კონგრესში იმართებოდა მოსმენები. თუ ამ მოსმენების დროს რომელიმე ჩინოვნიკის მხრიდან რაიმე გადაცდომა ფიქსირდებოდა, შემდგომში კომიტეტის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი ზომები ტარდებოდა.

მსგავსი ტიპის კომისია ომის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში უნდა შეიქმნას, თუმცა ახლა არ ვიცი, რა იყო ამ კონკრეტული კომისიის შექმნის რეალური მიზნობრიობა და რას ემსახურებოდა იგი.

ამ კომისიამ ხომ დაასრულა მუშაობა? რა შედეგები დადო, ჩემთვის უცნობია. ზუსტად ვერ გეტყვით, რა კონტექსტში შეიქმნა ეს კომისია, მაგრამ, ზოგადად, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ომი ხდება, ამ საკითხს სწავლობენ, აანალიზებენ, დაუშვა თუ არა ვინმემ შეცდომა და რამდენად სწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

ჩვენ, სამხედროები, როგორც წესი, სწორედ იმიტომ ვსწავლობთ ამგვარ ომებს, რომ მათგან გამოვიტანოთ დასკვნები და დაშვებული შეცდომები მომავალში აღარ გავიმეოროთ. თავის დროზე, თავდაცვის უწყებაშიც შეიქმნა ომის შემსწავლელი კომისია. მოგვიანებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობაც ჩაერთო და დაგვეხმარა ანალიზის მომზადებაში. დოკუმენტები, რომლებიც ამერიკული მხარისა და ჩვენ მიერ მომზადდა, გახდა ის ძირითადი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომში ფუნდამენტური და სიღრმისეული რეფორმები განვახორციელეთ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს რეფორმები მოგვიანებით ნატოსა და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმაც აღიარეს და გარკვეულ პერიოდში ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც კი სამაგალითო ვიყავით. ეს ანალიტიკური დოკუმენტი იყო ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იმ რეფორმებისა, რომელთა მიზანსაც განახლებული თავდაცვის ძალების მშენებლობისას დაშვებული შეცდომების გათვალისწინება წარმოადგენდა. ასე რომ, მსგავსი ტიპის კვლევები და ანალიზი სხვა ქვეყნებშიც მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ პარლამენტში ამ კომისიის შექმნის მიზნობრიობას დღემდე ვერ მივხვდი.

ხედავთ თუ არა აზრს დისკუსიაში თემაზე: „ვინ დაიწყო ომი“, როდესაც არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობის მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები საქართველოს სასარგებლოდ?

როდესაც ტალიავინის კომისიის დასკვნა მზადდებოდა, თავის დროზე მეც დამკითხეს. ამ საკითხზე კომუნიკაცია მქონდა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფთან, რომლებსაც დღესაც პატივს ვცემ. მაშინვე ვუთხარი, რომ იქ არსებული ფორმულირება კარგი ჩანაწერი არ იყო. დასკვნაში წერია, რომ რუსების პროვოკაციების საპასუხოდ საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის შემოქმედი რუსეთი იყო.

ეს დაადასტურა ჰააგის სასამართლომაც, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და ყველამ, რომ ამ ომის შემოქმედი სწორედ რუსეთის ფედერაცია იყო. ჩვენ რატომ ვცდილობთ რუსეთის გარკვეულწილად გამართლებას? 

სააკაშვილი პიროვნულად შეიძლება სულაც არ მეხატებოდეს გულზე, მაგრამ როდესაც მას ვაბრალებთ, მისი დადანაშაულება ერთია, მაგრამ ეს ხომ, საბოლოოდ, სახელმწიფოს ბრალდებაში გადადის? ამიტომ, ვერ ვხვდები, რატომ ვცდილობთ ამ შემთხვევაში რუსეთის გამართლებას.

რა მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომელიც ამ საკითხზე დისკუსიის გახსნას ცდილობს, და როგორ აზარალებს ეს ქვეყნის ინტერესებს?

ყველა მნიშვნელოვანი დადგენილება, რეზოლუცია და სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდაა მიღებული. თუმცა, რეპუტაციული თვალსაზრისით, მე რომ რუსი ვიყო, გამოვიდოდი და ვიტყოდი: „რა თქმა უნდა, ომი თქვენ დაიწყეთ, რადგან ამას თქვენივე პოლიტიკოსები ამბობენ“. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის განცხადებები სახელმწიფოსთვის უაღრესად დამაზიანებელია და ამაზე დისკუსიაც კი არ უნდა იყოს. სულაც შენი ბრალი რომ იყოს, მაინც სახელმწიფოებრივი პოზიცია უნდა დაიცვა. რუსები ლამის უკრაინელებს აბრალებენ საკუთარ ქვეყანაში ომის დაწყებას.

ბოლოს მინდა გკითხოთ: როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოსა და მისი უსაფრთხოების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი მოცემულობა შენარჩუნდება, ქვეყანა დასავლეთისგან დისტანცირებული დარჩება და მხოლოდ ანტიდასავლური ბლოკის ქვეყნებთან ითანამშრომლებს? ასეთ პირობებში რა მნიშვნელობა ექნება ისეთ პლატფორმებს, როგორიც, მაგალითად, „ანტიანექსიური პლატფორმაა“?

ამ პლატფორმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მან მთელი ქართული საზოგადოება უნდა გააერთიანოს. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის ჩართულობასაც, რადგან ეს ტკივილი ყველასთვის საერთოა. ეს არ არის ის თემა, რომელზეც უნდა ვიკამათოთ; პირიქით, ამ საკითხის გარშემო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებიც კი უნდა ვერთიანდებოდეთ. მე შეიძლება სხვა პოლიტიკური გემოვნება მაქვს, სხვას – განსხვავებული, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელმაც მთელი საზოგადოების კონსოლიდირება უნდა მოახდინოს. ხვალ და ზეგ, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, მერე რა ხდება? ეს არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი. ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი, ბუნებრივია, მე ვერ მექნება, თუმცა, როგორც რიგითი მოქალაქე, ევროპასა და ამერიკასთან ამ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, სერიოზულ საფრთხეებს ვხედავ.

ხვალ ასეთი ტიპის მონსტრის წინაშე პირისპირ რომ აღმოჩნდები, ხომ არსებობს იმის ალბათობა, რომ მან ჩვენთვის საზიანო ნაბიჯები გადადგას? და ვინ იქნება მაშინ ჩვენი ადვოკატი? ვინ უნდა დაიცვას ქართული სახელმწიფოს ინტერესები საერთაშორისო არენაზე? დღეს ხომ ვხედავთ, რომ უკრაინის ირგვლივ მსოფლიო საზოგადოება გაერთიანებულია, სანქციებს აწესებენ და ბევრ რამეს აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ევროპელების უდიდესი შეცდომა (და დანაშაული) იყო ის, რომ საქართველოსთან მიმართებით დუმდნენ და ხმას არ იღებდნენ. თუმცა, დღეს ხომ აშკარაა, რომ ევროპა გაერთიანებულია ამ დიდი საფრთხის წინააღმდეგ? ჩვენ რას ვაპირებთ, თუ ამ დიდმა ბოროტებამ ჩვენს წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი? მეგობარი ევროპაში აღარავინ გვრჩება, უნგრეთიც კი, რომლის იმედიც გვქონდა, ვხედავთ, როგორ იქცევა.

ადრე არსებობდა რწმენა და ბევრი მეუბნებოდა, რომ უნგრეთში რაღაცები შეიცვლებოდა და ჩვენთანაც უკეთესობა იქნებოდა. ამერიკაში ტრამპის მოსვლას ელოდებოდნენ, თუმცა საქართველოსთვის ამით არსებითად არაფერი შეცვლილა. აი, რას ვაპირებთ? ეს ის კითხვაა, რომელიც მეც შემიძლია თქვენ დაგისვათ. ეს ძალიან რთული საკითხია, რომელზეც პასუხი, ალბათ, თავად ხელისუფლებასაც არ გააჩნია. ისეთი განცდა მრჩება, თითქოს ყველაფერი სპონტანურად და ქაოსურად ხდება.

ამ თემაზე საუბრიც საკმაოდ რთულია. მსგავსი ტიპის ანალიზი, წესით, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს უნდა მოემზადებინა, თუმცა ეს აპარატიც გააუქმეს. ვიღაცამ ხომ უნდა დადოს კომპეტენტური შეფასება, სადაც რისკები დეტალურად იქნება გაწერილი? მაგალითად, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში პერიოდულად აქვეყნებენ დოკუმენტს „მომავლის ტენდენციები“, სადაც 20 წლით ადრე პროგნოზირებენ სავარაუდო გეოპოლიტიკურ პროცესებს მსოფლიოში. ჩვენს შემთხვევაში კი მსგავსი ანალიზი უშიშროების საბჭოს დონეზე უნდა კეთდებოდეს, რომელიც დღეს ფიზიკურად აღარ ფუნქციონირებს.

მსგავსი ტიპის სტრატეგიული დოკუმენტები ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს, რათა ხელისუფლებამ გააანალიზოს ისინი და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა არსებული საფრთხეების მიხედვით დაგეგმოს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქვეყნის მედეგობასთან დაკავშირებით არანაირი სტრატეგია არ ჩანს. აი, ხვალ რომ რუსეთიდან ხორბლისა და პურის იმპორტი შეწყდეს, გვაქვს თუ არა კონკრეტული სტრატეგია ან რეზერვები? არის თუ არა ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ნავთობის საკმარისი მარაგი? უამრავი საკითხია, რაზეც კითხვის ნიშნები ჩნდება. სწორედ ასეთ ფუნდამენტურ დოკუმენტებზე უნდა მუშაობდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი.

მაგალითად, ამერიკის უშიშროების საბჭოში არსებობს დარგობრივი კომიტეტები. ისინი სხვადასხვა უწყებასთან ერთად მუშაობენ და აანალიზებენ ინფორმაციას, რის შემდეგაც კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებს აწვდიან ქვეყნის ხელმძღვანელობას. ხელისუფლება კი, ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას აყალიბებს. ჩვენთან კი, როგორც ვხედავთ, სახელმწიფოს მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების ეს არქიტექტურა და დისციპლინა ფაქტობრივად აღარ არსებობს. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და, ვფიქრობ, ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა თავად მმართველ ძალასაც გაუჭირდება.