ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს იმაზე, როგორ უწევს ბრძოლა დღევანდელ დასავლეთს, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრ ლიეტუვას ბრძოლა რუსულ საცეცებთან.
ევროპარლამენტარი პარალელებს ავლებს საქართველოსა და მოლდოვასთანაც და წერილს მზია ამაღლობელის სიტყვებით ასრულებს: „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის!“ რადგან თუ წლების წინ, 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების ახალგაზრდები თავისუფლების სურნელს გრძნობდნენ და მისთვის იბრძოდნენ, დღეს ამ მოპოვებული თავისუფლების დაკარგვის სუნი დგას. დღევანდელი ბრძოლა კი კიდევ უფრო რთულია, ვიდრე მაშინ იყო.
ნეტგაზეთი რასა იუკნევიჩიანეს წერილს უცვლელად გთავაზობთ.
„ახალგაზრდებმა, რომლებიც კულტურის სამინისტროში ჟემაიტაიტისის პარტიას აპროტესტებდნენ, საზოგადოებაში შექმნილმა ატმოსფერომ, ჩემი თავი გამახსენა 1988 წლის ივლისში. მეხსიერებაში ამომიტივტივდა პირველი, სპონტანური შეკრება პასვალის კულტურის სახლის ერთ პატარა ოთახში. ზოგს ვიცნობდი, ზოგი იქ პირველად ვნახე. იქ იყო პასვალის მხარის ყველა ცნობილი მოღვაწე კულტურის სფეროდან, მათი უმეტესობა.
მე ექიმი ვიყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაცნაირად ვგრძნობით ერთმანეთს — ვის გვერდით ვიყავით, რისთვის ვიყავით. ამიტომ, როცა ქუჩაში შემთხვევით შევხვდი ფოტოგრაფ ვიდას დულკეს, მან ამ შეხვედრაზე დამპატიჟა. იმ საღამოს ვსაუბრობდით ყოველგვარი დღის წესრიგისა და ყოველგვარი პროტოკოლის გარეშე.
წერილობითი დოკუმენტები ამ შეხვედრიდან არ დარჩენილა. თუმცა შესაძლოა „კაგებეს“ არქივებში იყოს რამე. ამბობდნენ, რომ მეორე დილით ჩვენი შეხვედრა დეტალურად განიხილებოდა კომუნისტური პარტიისა და უშიშროების კომიტეტის კაბინეტებში.
რატომ ვავლებ ასეთი პარალელებს?
მხოლოდ იმიტომ არა, რომ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, როგორც დღევანდელ აქციაზე მყოფი ადამიანები. უფრო იმიტომ, რომ პასვალის იმ პირველ შეკრებაზე ყველაზე მეტს კულტურაზე, ისტორიაზე ვსაუბრობდით, მის ნაკვალევზე, რომელიც ჩვენს მხარეში თითქმის წაეშალათ.
იმ საღამოს ლიეტუვის დამოუკიდებლობაზე არ გვილაპარაკია, არც საბჭოთა ოკუპაციაზე. მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. და რომ ჩვენ ამ რაღაცის მონაწილე უნდა ვყოფილიყავით. თავისუფლების სურნელს ვგრძნობდით!
ახლა ყველაფერი ისევ თავისუფლებას ეხება. ოღონდ, თითქოს, პირიქით, საპირისპირო რამ ხდება: ახლა თავისუფლება დასაცავია. დასაცავია ის თავისუფლება, რომლის სურნელიც მაშინ ვიგრძენით და მოვიპოვეთ; ის თავისუფლება, რომლითაც უკვე მთელი ოცდათხუთმეტი წელია ვცხოვრობთ! სხვათა შორის, ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე ჩვენი ბებია-ბაბუების თავისუფლება გაგრძელდა ომამდელ ლიეტუვაში. ახლა ეს გრძნობა სხვაგვარია, ახლა ეს თავისუფლების დაკარგვის სურნელია.
იცით, ჩვენთვის მაშინ, 1988 წელს, ყველაფერი უფრო მარტივი იყო, ვიდრე დღევანდელი პროტესტის მონაწილეებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ნათელი იყო, ვინ იდგა მეორე მხარეს — სხვა ძალა, რომელსაც ვძულდით. და ადამიანებისთვის, სულ მცირე უმრავლესობისთვის, ეს ნათელი იყო. და კიდევ — ჩვენ საბჭოთა ტყუილების არ გვჯეროდა.
დღეს გავლენიანი ტყუილების ეპოქა დგას. ახლა ის უცხო ძალა უხილავია. ის აღარ ზის „კაგებეს“ შენობაში ან პარტიულ კაბინეტებში. კრემლი დღეს ლიეტუვაშია, გაურკვეველი და ხელშეუხებელი ბევრი ადამიანისთვის. ის ჩვენს ენაზე ლაპარაკობს Youtube-ისა და TikTok-ის არხებზე, მას ჰყავს ლიეტუვური გვარების მატარებელი დეპუტატები პარლამენტში, მისი სიცრუე ისეთი მახინჯია და ისეთი დაუჯერებელი, რომ კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს.
ეს მხოლოდ კრემლი არ არის. ზედმეტადაც ნუ შევაფასებთ. უფრო ხშირად კრემლის მეთოდებს სხვებიც ითვისებენ და შავ საქმეს ასრულებენ. მსოფლიოს მრავალ კუთხეში იგივე ხდება და როგორც არასდროს, ისეა არეული ადამიანების გონება.
დემოკრატიის მდგომარეობაზე ხშირად მიწევს მსჯელობა არა მხოლოდ კოლეგებთან ევროპარლამენტში, არამედ ექსპერტებთან, ჟურნალისტებთანაც. ერთხელ ასეთი შედარება მოვისმინე დეზინფორმაციასა და სიცრუეზე:
„კიტრს მწნილობა არ უნდოდა, მაგრამ მარილიან წყალში ჩააგდეს და დამწნილდაო.“ ამ ნათქვამს ხშირად ვიმოწმებ.
სიცრუის ეს ახლანდელი მარილწყალი ბევრად ძლიერმოქმედია დღეს, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყო. ყველა ეკრანიდან მოედინება და ყოველთვის განსაკუთრებით ჭკვიან ტვინებში არ იღვრება. ამიტომაა ახლა უფრო ძნელი. ახლა უფრო ძნელია ღირსეული ადამიანებისთვის ღიად ებრძოლონ უღირსებს.
ჩვენ, ვინც დამოუკიდებლობის დროიდან პოლიტიკაში ვართ, ბევრჯერ ვნახეთ, რამდენი ღირსეული ადამიანი ამბობს უარს პოლიტიკაში ჩართვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდათ იმ უღირსობასთან შეჯახება, რომელიც აუცილებლად დაატყდება მათ და მათ ახლობლებს.
ამიტომაც დღეს გვყავს ასეთი კულტურის მინისტრი. იმიტომ, რომ ხამებს მივეცით საშუალება პოლიტიკური ველის დიდი წილი ეგდოთ ხელში. მართალია, ვერ ვიტყვი, რომ სიტუაცია ძალიან გაუარესდა — ადრეც გვყავდნენ ასეთები, არჩევნებსაც იგებდნენ. მაგრამ ახლა ჩვენ გვერდით ნამდვილი ომი მიმდინარეობს და ის ახლოვდება.
ნამდვილ ფრონტის ხაზს არ ვგულისხმობ — მას უკრაინელები იცავენ. ჩვენთან არ მოხდება ისე, როგორც უკრაინაში 2022 წლის ზამთარში მოხდა. ასობით ათასი ასე არ გადმოივლის საზღვარს, როგორც იმ საშინელ თებერვლის ღამეს.
მაგრამ ჩვენც ინტენსიურად გვიტევენ და გვიტევენ შიგნიდან — სიცრუით, არჩევნებით, პირდაპირი ზემოქმედებით, სპეციალური დაშინების ოპერაციებით, ყველა შესაძლო „დრონის“ გამოყენებით.
ყველაზე ზუსტად ვითარება მწერალმა ქრისტინა საბალიაუსკაიტემ აღწერა. ჩვენ გვახვევენ „საქართველოს სცენარს“.
არაერთხელ დამიწერია და მითქვამს ეს, რადგან კარგად ვიცი, რა დაემართათ ქართველებს.
ლიეტუვაში, როგორც მოლდოვაში, ღიად პრორუსი პოლიტიკოსები წარმატებას ვერ მიაღწევენ.
საქართველოშიც ვერ. სამაგიეროდ, საქართველოში ეს მოახერხეს ევროპული ნიღბების უკან დამალული რუსი ოლიგარქის პარტიის პოლიტიკოსებით. სხვათა შორის, მსგავსება თვალსაჩინოა: პარტიის ლამაზი და მიმზიდველი სახელწოდება. იქ — „ქართული ოცნება“, აქ [ლიეტუვაში]— „ნემუნას განთიადი“. თითქოს ერთსა და იმავე ტვინში მოიხარშა.
რამდენადაც ღიად პრორუსები ვერ გავიდნენ ლიეტუვაში, კრემლს ახლა სჭირდება სხვა ნარატივები: ნაციონალიზმი, „ტრადიციული ოჯახი“, ანტისემიტიზმი, „ დაარტყი ლანდსბერგისს“ და კონსერვატორებს, იყვირე, რომ ყველანი ქურდები არიან, რომ ყველამ ყველაში დაეჭვდეს.
გახსოვთ, რამდენი სამფეროვანი დროშა იყო „ოჯახის მარშზე“? ჭკვიანური გეგმაა. ბევრისთვის ლიეტუვაში ეროვნული გადარჩენისა და ოჯახის საკითხები ყველაზე ძვირფასია. მაგრამ სწორედ ამით ცდილობენ წინააღმდეგობას.
ამჩნევთ, როგორ კლიშეებით ცდილობენ ყველაზე პროევროპელ და ანტიპუტინისტ პოლიტიკოსებზე გადაკიდებას კრემლის ბიჭუნები მუდმივად წერენ „კაგებეს“ ვითომდა აქამდე უცნობ აგენტებზე. ეს არქივები დიდი ხანია ღიაა, მხოლოდ აგენტების სია წაიღეს რუსეთში ჯერ კიდევ 1991 წელს. კრემლს სურს შური იძიოს მან, ვინც აღიარა.
კიდევ ერთი დეტალი, მაგრამ მნიშვნელოვანი: სხვათა შორის, ღიად პრორუსმა ვაიტკუსმა თავისი როლი ითამაშა არჩევნების ქორეოგრაფიაში — ყურადღება გადატანა კრემლის ძირითად მიზნებიდან და კანდიდატებიდან.
კულტურის დასაცავად გამართული პროტესტი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კულტურა. ისევე, როგორც მაშინ, 1988 წელს.
არ ვიცი, ყველა თუ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ უკვე აღარ ვცხოვრობთ დემოკრატიული წესებით მართულ სამყაროში, სადაც ყველაფრის თანაბრად მოთმენა შეიძლებოდა. ჩემთვის დემოკრატია არ არის, როცა მახინჯ განზრახ სიცრუეს განსხვავებულ აზრს უწოდებენ. მედიას უწოდებენ პრორუს პროპაგანდისტებს, ხოლო ჟემაიტაიტისის პრორუსი ნაძირალების სიას — პარტიას. ისინი დემოკრატიის საფლავის მთხრელები არიან.
შესაძლოა, კარგიც არის, რომ ასე მოხდა. ნიღბები მოხსნილია. შესაძლოა, დიდი ხნის მანძილზე ნაგროვები პოლიტიკური ჩირქის გროვა მომწიფდა და გაიხსნას.
პოლიტიკის დაუწმენდავად არაფერი გამოვა. პოლიტიკის დასაწმენდად კი მხოლოდ პოლიტიკოსების ძალისხმევა საკმარისი არ არის. სამწუხაროდ. ამისთვის ბევრი ისეთი ადამიანია საჭირო, ვინც უკვე ამბობს, რომ განზე დგომას ვეღარ შეძლებენ. საჭიროა განახლება.
ეს ჩემი თანამებრძოლის, ანდრიუს კუბილიუსის სიტყვებია, რომელიც მაშინ მითხრა, როცა თვითმფრინავში მოულოდნელად შევხვდით. მე მას ევროპარლამენტარ კოლეგებს შორის „იარაღის ძმას“ ვეძახი — პოლიტიკურ ბრძოლებს ვგულისხმობ, ცხადია. ორივემ ვიცით, რომ ეს არასდროს ყოფილა იოლი და არც ახლა იქნება.
როცა ნატოში და ევროკავშირში შევედით, მეც მეგონა, რომ მშვიდად, უბრალოდ გავაგრძელებდით ცხოვრებასა და მშენებლობას ლიეტუვაში. თუმცა არა. ჩვენთვის ასეთი ცხოვრება ჯერ კიდევ შორია. და არა მხოლოდ ჩვენთვის. უკრაინელებს ხომ კიდევ უფრო მძიმე ცხოვრება აქვთ. შედარებაც კი არ შეიძლება.
ამიტომაც ჩემს წერილს ვურთავ საქართველოს ევროპული სახელმწიფოსთვის მებრძოლი და დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გამოსახულებას, რომელშიც ის ამბობს: „იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის!“
