საზოგადოება

ლევან დოთიაშვილი თავისუფალია — სუსი

9 ნოემბერი, 2023 • 1102
ლევან დოთიაშვილი თავისუფალია — სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 6 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ამის შესახებ განცხადება სუს-მა 9 ნოემბერს, საღამოს 21:30 საათისთვის გაავრცელა.

“უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგნელებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ლევან დოთიაშვილი და თამაზ გინტური ერთად მიდიოდნენ ლომისის ეკლესიაში, რა დროსაც მათ რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს. გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი ცხინვალში გადაიყვანეს.

დღეს, 9 ნოემბერს ოსურმა მედიამ ასევე გაავრცელა დოთიაშვილის დაკითხვის კადრებიც, სადაც ის ჰყვება, თუ როგორ მოხვდნენ ლომისის ტაძართან თამაზ გინტურის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე. ვიდეოში მას სახეზე მცირე დაზიანებები აღენიშნება.

“სასაფლაოზე ვსვამდით 6 კაცი… ამის შემდეგ რომ დავიშალეთ, ორი მანქანით წავედით. ერთი მანქანა წავიდა სოფლისკენ, სამნი კიდე ლომისის ეკლესიაში სანთლების ასანთებად… მე, თამაზ გინტური და თამაზ პაპიტაშვილი. რულზე იჯდა თამაზ გინტური.

ავედით ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ… კარები იყო დაკეტილი, გავაღეთ ცულით”, — ჰყვება დოთიაშვილი.


6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

ისინი სოფელ კირბალთან მდებარე ლომისის ტაძართან იმყოფებოდნენ. ის ამჟამად საოკუპაციო ხაზს იქითაა მოქცეული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ტაძარში სიარულს მაინც ახერხებდნენ, წელს კი საოკუპაციო ძალებმა შესვლა აუკრძალეს. როგორც კირბლელი გივი გინტური (თამაზ გინტურის ძმა) ნეტგაზეთთან ჰყვება, ტაძრის კარი რუსმა სამხედროებმა 7 ივნისს აჭედეს.

მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ადგილობრივები პოლიციის დახმარებით, ხან კი მათ გარეშეც ახერხებდნენ სასაფლაოსა და ეკლესიაში მისვლას, თუმცა ბოლო სამი წელია ეს განსაკუთრებით გართულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი