ახალი ამბები

„ლომისა შენ ძალას ვენაცვალე…“ – ოსურ მედიაში გინტურის გადაღებული ვიდეო ვრცელდება

7 ნოემბერი, 2023 • 2628
„ლომისა შენ ძალას ვენაცვალე…“ – ოსურ მედიაში გინტურის გადაღებული ვიდეო ვრცელდება

ოსურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ რუსების მიერ აჭედილ ლომისას ტაძარში შესვლას ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური და მათ მიერ გატაცებული  ლევან დოთიაშვილი.

ვიდეოკადრები, სავარაუდოდ, თამაზ გინტურის ტელეფონითაა გადაღებული, თუმცა დათარიღებული არაა.

„ლომისა შენ ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას…“, – ისმის ვიდეოში თამაზ გინტურის ხმა.

კადრებში ჩანს, რომ ოკუპანტების მიერ აჭედილ ლომისას ტაძრის კარის შემტვრევას საბოლოოდ ლევან თოდიაშვილი ახერხებს. თუმცა ვიდეოში ვერ ვხედავთ ადგილზე ოკუპანტების გამოჩენას.


6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

რაც შეეხება სოფელ კირბალთან მდებარე ლომისას ტაძარს, ის ამჟამად საოკუპაციო ხაზს იქითაა მოქცეული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ტაძარში სიარულს მაინც ახერხებდნენ, წელს კი საოკუპაციო ძალებმა შესვლა აუკრძალეს.  როგორც კირბლელი გივი გინტური (თამაზ გინტურის ძმა) ნეტგაზეთან ყვება, ტაძრის კარი რუსმა სამხედროებმა 7 ივნისს აჭედეს.

მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ადგილობრივები პოლიციის დახმარებით, ხან კი მათ გარეშეც ახერხებდნენ სასაფლაოსა და ეკლესიაში მისვლას, თუმცა ბოლო სამი წელია ეს განსაკუთრებით გართულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი