საზოგადოება

რატომ აუჭედეს რუსმა სამხედროებმა კირბლის მოსახლეობას სალოცავის კარი

26 ოქტომბერი, 2023 • 2844
რატომ აუჭედეს რუსმა სამხედროებმა კირბლის მოსახლეობას სალოცავის კარი

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ტაძრებში შესვლას თითქმის ვერ ახერხებს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს, 26 ოქტომბერს ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ერთ-ერთი ტაძრის კარის აჭედვა ჯაღმაიძემ ახსნა მანამდე ეკლესიაზე საქართველოს დროშის დაკიდებით  და ეს შეაფასა “ვითომ პატრიოტიზმად” .

საუბარია სოფელ კირბალთან მდებარე ლომისის ტაძარზე, რომელიც ამჟამად საოკუპაციო ხაზს იქითაა მოქცეული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ტაძარში სიარულს მაინც ახერხებდნენ, წელს კი საოკუპაციო ძალებმა შესვლა აუკრძალეს.

“იქაც შესაძლებელი იყო რაღაც პერიოდის წინ გადასვლა, წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც მიზეზი გახდა, რომ რუს სამხედროებს მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა…

დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით და პათოსით ქართული დროშა ააფრიალეს და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი, მისვლის შესაძლებლობაც არ აქვს არავის”, — ამბობს ჯაღმაიძე.

მისი თქმით, შიდა ქართლში, იმ ეკლესიებს შორის, სადაც ქართველებს შესვლა არ შეუძლიათ, არის სოფელ აძვში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სოფელ ქერეში მდებარე კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი.

სოფელ კირბალში ეკლესიის კარის აჭედვაზე მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ინფორმაცია გაავრცელა “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით ქაცარავამ.

ტაძრის კარის აჭედვის ამბავი “ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა ადგილობრივმაც დაუდასტურა. როგორც კირბლელი გივი გინტური გვიყვება, ტაძრის კარი რუსმა სამხედროებმა 7 ივნისს აჭედეს:

“6 თვის უკან, 6 ივნისს ჩვენი დღესასწაული, ლომისობა იყო. ამ დღესასწაულზე მოსახლეობა მიდის ლომისის ტაძარში, სანთლებს ანთებს. იმ დღეს პოლიცია იდგა და არ აუშვა ხალხი. ზოგი მაინც შეიპარა სხვა გზიდან. მეორე დღეს გადმოსულან და ლომისის ტაძარზე აუჭედიათ მთლიანი კარი.

მერე ერთი პატარა ბიჭია, გორელი, იმან ააცალა კარს [თუნუქი], რითაც იყო აჭედილი და ამის მერე ძალიან მკაცრად აკონტროლებენ, ვეღარ ადიან ზემოთ [ადგილობრივები]”, — ამბობს გივი გინტური და განმარტავს, რომ ეკლესია სოფლის დასახლებული ადგილიდან ოდნავ მოშორებით, საოკუპაციო ხაზს იქით, მთაზე მდებარეობს. ეკლესიასთან მდებარეობს სასაფლაოც, რომლის ნახევარიც საოკუპაციო ხაზს იქით არის მოყოლილი და ადგილობრივები იქ გასვლასაც ვეღარ ახერხებენ.

მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ადგილობრივები პოლიციის დახმარებით, ხან კი მათ გარეშეც ახერხებდნენ სასაფლაოსა და ეკლესიაში მისვლას, თუმცა ბოლო სამი წელია ეს განსაკუთრებით გართულდა.

“ბოლო სამი წელია ძალიან გაგვიჭირდა ასვლა. მანამდე პოლიციაც გვეხმარებოდა, ყურადღებას გვაქცევდა, გვქონდა განსაზღვრული დრო — 9-დან 12-მდე რომ მივსულიყავით და წამოვსულიყავით”, — ამბობს ის.

რაც შეეხება ჯაღმაიძის ნახსენებ დროშას, გინტურის თქმით, ლომისობის დღესასწაულზე, მას შემდეგ, რაც აკრძალვის მიუხედავად ზოგიერთმა ადგილობრივმა ტაძრამდე მისვლა შეძლო, ერთ-ერთმა ნამდვილად დაკიდა საქართველოს დროშა ეკლესიაზე, თუმცა პოლიცია ტაძრამდე მისვლის შესაძლებლობას მანამდე უკვე უზღუდავდა მათ.

“ნეტგაზეთი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც საპასუხოდ გვითხრეს, რომ რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა ისაუბრა გუშინ, 25 ოქტომბერს “რუსთავი 2-ის” ეთერში.

საბედაშვილი ინტერვიუში საუბრობს არა კირბალის, არამედ მლეთის ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის შესახებ (საქართველოში არაერთი ლომისის ტაძარი არსებობს) და ამბობს, რომ 2009 წლიდან რუსული საოკუპაციო ძალები პერმანენტულად პატრულირებენ და ეს არის საკითხი, რაზეც “ცენტრალური ხელისუფლება წლების განმავლობაში იბრძვის IPRM-ებსა [ინციდენტის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი] და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი