კომენტარი

კორნელი კაკაჩია ჩინეთთან თბილისის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

31 ივლისი, 2023 • 2498
კორნელი კაკაჩია ჩინეთთან თბილისის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორის, კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული დოკუმენტში არ ჩანს ის პოლიტიკური და გეოსტრატეგიული სარგებელი, რაც საქართველომ უნდა მიიღოს.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს, 31 ივლისს, გაავრცელა. დოკუმენტი მოიცავს ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საერთაშორისო და ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილებებს.

ყველაზე მეტ კითხვას კი დოკუმენტის ის ნაწილი ტოვებს, რომელიც პოლიტიკურ და საერთაშორისო განზომილებებს შეეხება.

ეკონომიკური განზომილება

კორნელი კაკაჩიას თქმით, ზოგადად, მისაღებია ეკონომიკური განზომილების ნაწილი, თუმცა განვითარებადი ქვეყნების მიმართ ჩინეთის პოლიტიკის გათვალისწინებით, გარკვეული რისკები მასაც ახლავს თან.

„ეკონომიკურ ნაწილში, სადაც მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე, აქაც არის გარკვეული რისკები, თუ ამ ინვესტიციებს არ ექნება დამცავი კომპონენტები. მაგალითად, ჩინელები განვითარებად ქვეყნებში როგორც იქცევიან – აძლევენ მათ კაბალურ სესხებს და შემდეგ პოლიტიკურ დივიდენდებსა და მოგებას იღებენე აქედან“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

რაც შეეხება გამოთქმულ ვარაუდებს, რომ პეკინს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გათვალისწინებით და დაინტერესებული იყოს ანაკლიის პორტით, დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ამის შესახებ კონკრეტულად არაფერი წერია.

თუმცა კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ როგორც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მოულოდნელად, სწორედ ასე მოხდეს ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური მხარის ჩართვაც.

„განსხვავება ის იქნება, რომ ეს უკვე გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც მხოლოდ ჩვენ კი არა, მთლიანად შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, ევროკავშირის და ნატოს ინტერესებს. ამის ასე მარტივად გატარება ვერ მოხდება, რადგან აქ უკვე სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეების ინტერესებსაც ვეხებით. ეს უკვე სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს როგორც ხელისუფლებას, ასევე ქვეყანას. გვახსოვს, რომ თავის დროზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც გაგვაფრთხილა, რომ ეს პროექტი ამერიკის ინტერესებიდან არ გამქრალა.

ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების გატარებით, რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი ინტერესები.  ისე არ წარმოვიდგინოთ თავი, რომ ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ და ისე არ გამოვიდეს, რომ საბოლოოდ ისევ ჩვენ დავზარალდეთ“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

პოლიტიკური განზომილება

კორნელი კაკაჩიას თქმით, პრობლემურია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადების პირველივე პუნქტი, რომლითაც მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამავე პუნქტში აღნიშნულია, რომ საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს. თუმცა ანალოგიურად დაზუსტებული არაა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„ეს უნდა იყოს დაკონკრეტებული, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა. ბევრ რამეში მათ საერთო შეხედულებები აქვთ. ჩინეთი ფორმალურად კი უჭერს მხარს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ის რეალურად მხარს უჭერს აგრესორ სახელმწიფოსაც. აქედან გამომდინარე, ეს პუნქტი დასაზუსტებელია“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, რისკის შემცველია ის ჩანაწერიც, რომელშიც საქართველო ერთიანი ჩინეთის პრინციპს ემხრობა და აქ მთავრობას მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა.

„მე არ ვამბობ, რომ საქართველომ მხარი არ უნდა დაუჭიროს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა საქართველომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან ჩვენ ვართ დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირეები. თუ ვიზიარებთ დასავლეთის ღირებულებებს და ევროკავშირში გვინდა გაწევრიანება, მაშინ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვთქვათ, ხვალ რომ ჩინეთი თავს დაესხას ტაივანს, რას ვშვრებით? ანუ გამოვდივართ ამ პოლიტიკიდან, როცა ჩვენი მოკავშირეები ტაივანს დაიცავენ? აქ დიდი არჩევანის საშუალება არ გვაქვს და ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა თავი არ ჩავიგდოთ უხერხულ მდგომარეობაში და მოულოდნელად არ აღმოვჩნდეთ საერთოდ მეორე ბანაკში“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

გარდა ამისა, კორნელი კაკაჩიას შეფასებით, პოლიტიკური განზომილების ნაწილში ბუნდოვანია ის, თუ რა იგულისხმება სტრატეგიულ პარტნიორობაში.

„ეს გულისხმობს იდეოლოგიურ თანამშრომლობასაც? ანუ პოლიტიკურ ნაწილში ჩინეთს დავუჭერთ მხარს? თუ ქვეყანამ მიიღო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ უნდა ვიყოთ თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ან გულწრფელი არ ვართ ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით ან  წინააღმდეგობაში მოვდივართ საკუთარ ეროვნულ ინტერესებთან“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩია ყურადღებას ამახვილებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის იმ ნაწილზეც, სადაც მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლის კუთხით, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

„კომუნისტური სახელმწიფოსგან, სადაც ერთპარტიული სისტემა არის, მისგან რა გამოცდილება უნდა მივიღოთ მმართველობის სფეროში? მით უმეტეს, მაშინ, როცა ვაცხადებთ, რომ გვსურს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გავხდეთ და წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ველოდებით. ჩვენ თუ ვცდილობთ ამ სივრცის ნაწილი ვიყოთ, ჩვენ უნდა ავიღოთ ევროკავშირის სტანდარტები“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

საერთაშორისო განზომილება

„აქ, როგორც ჩანს, საქართველო ყველაფერში უბრალოდ ეთანხმება ჩინეთს“, – ასე იწყებს კორნელი კაკაჩია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის იმ ნაწილის შეფასებას, რომელიც საერთაშორისო განზომილებას შეეხება.

მისი თქმით, დოკუმენტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ნაწილში საქართველოს ცალმხრივად აქვს ვალდებულებები აღებული, მეორე მხარეს კი, დიდად არა.

„საერთაშორისო განზომილებაში სულ 5 პუნქტია ჩამოთვლილი და აქედან 3-ში წერია, რომ „საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ…. “ ანუ რაღაცას ცალმხრივად უჭერს მხარს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების წინააღმდეგი არავინ არის, თუმცა მნიშვნელობა აქვს იმ დროსა და კონტექსტს, როცა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება გადაწყდა.

მისი თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება მაშინ, როცა ის რუსეთის მოკავშირედ განიხილება და დასავლეთი მას თანდათანობით უპირისპირდება, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ დასავლელი პარტნიორების ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.

„ამ მომენტში ამ ნაბიჯის გადადგმა რამდენად მიზანშეწონილია, არ ვიცი. ამაზე უნდა დავსვათ კითხვები, ხომ არ არის [დასავლეთთან ურთიერთობების] გამწვავებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არ ჯდება მულტივექტორულ პოლიტიკაში. ეს ეწინააღმდეგება იმას, რაც წერია საქართველოს კონსტიტუციაში – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, დღეს, უკრაინის ომის ფონზე, დასავლეთი, რუსეთი და ჩინეთი დაპირისპირებული მხარეები არიან და ამ მოცემულობაში საქართველოს მულტივექტორული პოლიტიკის გატარების ფუფუნებას არ აქვს.

მისივე თქმით, გაუგებარია, რა ტიპის საგარეო პოლიტიკას აწარმოებს საქართველო და ის, თუ რას ელოდება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობიდან, გარდა სავაჭრო და ეკონომიკური ბენეფიტებისა.

„სტრატეგიული ურთიერთობები რაში ითარგმნება? მაგალითად, ჩინეთი აიძულებს რუსეთს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან წაიღოს?“, – კითხულობს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩიას თქმით, კითხვებს აჩენს ის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთი აშშ-ის და ნატო-ს მხრიდან აღიარებულია როგორც ერთ-ერთი გლობალური საფრთხე. ეს წინააღმდეგობაში მოდის[საქართველოს მიერ გაცხადებულ კურსთან]. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩინეთმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს ნატოს გაფართოებას, ანუ ჩვენი და მისი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. რისკები იზრდება, რომ ჩვენ საერთოდ სხვაგან არ ამოვყოთ თავი“, – ამბობს კორნელი კაკაჩია და დასძენს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებამ შესაძლოა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც შეუშალოს ხელი.

კერძოდ, დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საქართველო მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმად. ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს, ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში“.

თუმცა ჩინეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფორმატი (რომელიც თავდაპირველად 17+1 იყო) უკვე დატოვა ლიეტუვამ და ჯგუფიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს ლატვიამ და ესტონეთმაც. საკითხი განხილვის სტადიაზეა ჩეხეთსა და სლოვაკეთშიც.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველომ იმ ქვეყნებს, რომლებიც აქამდეც გამოირჩეოდნენ სკეპტიციზმით თბილისის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტად სერიოზული არგუმენტი მიაწოდა, რომ ის ნელ-ნელა შორდება ევროატლანტიკურ სივრცეს.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა ამის გამო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი არც დაუჭირონ, რადგან მათთვის ღირებულებითი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბუნებრივია, რომ ეს პრობლემას შექმნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებითაც. რომ მოგვცენ კიდეც სტატუსი, მერეც შეიქმნება ეს პრობლემა, რადგან ევროკავშირი უკვე კანდიდატი ქვეყნისგან მოითხოვს, რომ მის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას მხარს უჭერდეს. აქ უკვე ჩვენ ორ სკამზე ჯდომის ფუფუნება არ გვექნება“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

როგორც კორნელი კაკაჩია ამბობს, ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება ეწინააღმდეგება თავად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ფუძემდებლურ კონცეფციასაც.

„თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, რომ საქართველო არ უნდა გახდეს საჯილდაო ქვა დასავლეთსა და რუსეთს შორისო. ახლა გამოდის, რომ დასავლეთს და რუსეთს შორის კი არა, ჩინეთსაც ვიწვევთ – მესამე მხარეს, რომელიც დასავლეთთან დაპირისპირებულია. ფაქტობრივად, რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაში მესამე აქტორი შემოგვყავს, რომელიც ასევე დაპირისპირებულია დასავლეთთან და განსაკუთრებით აშშ-თან“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გააფორმოს, დასავლეთისთვის ერთგვარი შანტაჟია. მისი თქმით, იმ ფონზე, როცა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი ნდობა იკლებს, ეს გადაწყვეტილება მათ უგზავნის სიგნალს, რომ მთავრობას დასავლეთის გარდა სხვა ალტერნატივაც აქვს.

თუმცა, კაკაჩიას თქმით, ქვეყანას რეპუტაციული ზიანი ისედაც აქვს და ახლა ჩინეთთან “ფლირტით” კიდევ უფრო ანიავებს შერჩენილ რეპუტაციას.

„რაც უფრო ავტორიტარული ხდება საქართველო, მით უფრო შორდება ის დასავლეთს და რაც უფრო ვშორდებით დასავლეთს, მით უფრო ახლოს მივდივართ რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ასეთი ტიპის რეჟიმებთან. ეს გარდაუვალია იმ კურსიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს აქვს. ასევე ეს არის გარკვეულწილად მინიშნება დასავლეთისთვისაც, რომ თუ თქვენ მომავალი არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებთ ან დაემუქრებით ჩვენი ხელისუფლების შემდგომ სტაბილურობას, მაშინ იცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს სხვა ალტერნატივები. უბრალოდ, ამაში ის რისკია, რომ ჩვენ საჭადრაკო სვლებში ისე არ გავიხლართოთ, ის ტოტი არ მოვიჭრათ, რომელზეც ვსხედვართ“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

ამიტომ, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს არ უწყობს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესებას და კიდევ უფრო განამტკიცებს შეკითხვებსა და ეჭვებს, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი