საზოგადოება

რა სურს საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთისგან

20 მარტი, 2024 • 2573
რა სურს საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთისგან

ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული განვითარების დასადასტურებლად 9 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნას დაემთხვა. მეოთხე ვადით ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი „ქართული ოცნება“ პროჩინური ორიენტაციის პროპაგანდას ააქტიურებს და ჩინეთს დემოკრატიული პარტნიორების ალტერნატივად წარმოაჩენს.

რა შესაძლებლობები და საფრთხეებია, რამდენად აისახება პროჩინური პოლიტიკური ნარატივები რეალურ გადაწყვეტილებებში, ვისთვის და რატომ არის ახალი სტრატეგია მომგებიანი და რამდენად ახდენს ის გავლენას საზოგადოებრივ აზრზე? ამ საკითხებზე საქართველოში ჩინური პროპაგანდის შესახებ მომზადებულ კვლევას განვიხილავთ „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“ (PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოს, მარჩინ პჩიხოდნიაკთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარესთან, თინა ხიდაშელთან ერთად.

„ჩინეთისგან ვხედავთ პარტნიორობის გაღრმავების ინტერესს, რაც კონკრეტულ საქმიანობაშიც გამოიხატა. რაც შეეხება აშშ-ს, წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გამოვლინება შესუსტებული ინტერესისა“, – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორ კვირაში გააკეთა.

პრემიერმა კობახიძემ საქართველოსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა და ჩინეთთან 2023 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის რამდენიმეთვიანი გამოცდილება არათუ ერთ სიბრტყეზე დააყენა, არამედ საქართველოსთან მათ პარტნიორულ დამოკიდებულებებს შორის ერთგვარი მეტობის ნიშანიც დასვა – ჩინეთის სასარგებლოდ. 

მოქმედი პრემიერის ამ განცხადებას წინ უძღოდა მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში და მმართველი გუნდის მიერ საჯარო დისკუსიაში ჩინეთის პოზიტიურად წარმოჩენის აქტიური მცდელობა, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ინვესტორობის მსურველთა შორის ჩინურ-სინგაპურული კომპანიის დაწინაურება. 

დამოუკიდებელი მკვლევრების ჯგუფმა პროჩინური ნარატივებისა და მათი გავრცელების ტენდენციის შესასწავლად ქართული სოციალურ ქსელებისა და მედიის კვლევა ჩაატარა. პერიოდი: 7 სექტემბერი – 17 ნოემბერი. 

კვლევაში გამოკვეთილი იყო, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს პროპაგანდას, საქართველოს ისეთ მეგობრად წარმოაჩინოს ჩინეთი, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს ევროკავშირი, როგორც საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე. 

კვლევის თანახმად, ჩინეთთან დაკავშირებული პოზიტიურ გზავნილებს აზიარებენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ყალბი ანგარიშები და ე.წ. პრორუსული ჯგუფები. 


„ჩინეთზე პოზიტიური ნიუსებისა თუ მოსაზრებების გავრცელებისას Facebook-ზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან პარტია “ქართული ოცნების ”, “ხალხის ძალის”, “ევროპელი სოციალისტებისა” და “კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს” წევრები“ – კვლევა რას ამბობს პროპაგანდა ჩინეთზე“ _______________________________________________________________________

რა სურს საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთისგან?

„სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს არა კონკრეტული ფაქტების გაყალბებასა ან რეალობად წარმოჩენასთან, არამედ სახეზეა იდეოლოგიური ნარატივი, როდესაც თემა წინასწარაა მომზადებული და სახელისუფლებო არხები ან ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია ქმნის ჩინეთის პორტრეტს მუდმივად პოზიტიურ კონტექსტში საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად.

თინა ხიდაშელი, რომელიც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრია, თვლის, რომ ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს დემოკრატიული პირობების შესრულებას, უწევს, ადგილობრივი ელექტორატს ქვეყნის მოწყობის ალტერნატივა შესთავაზოს. 

„თუ არ გინდა დემოკრატიული სახელმწიფოს შენება და გაქვს პრინციპული მიუღებლობა ლიბერალურ-დემოკრატიული წყობის, მაშინ სულ ეძებ რაღაც ალტერნატივას. ეს ალტერნატივა ძალიან ხელშესახებია, აგერ გვერდზეა, ოღონდ რუსეთი და პუტინი ჰქვია. თუმცა საქართველოში ყველა პარტიამ იცის, რომ ეს არ იყიდება – ერთგვარი პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია იმის გამოცხადება, რომ რუსული მმართველობის სისტემაა შენთვის მისაღები. ამიტომ, სულ ამ გაუგებარი ალტერნატივის ძიებაში არიან საქართველოს ხელისუფალნი. წინამ იპოვა „სინგაპურის მოდელი“, ამან იპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, – ამბობს ხიდაშელი. 


არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი და „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“ (PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი

PISM-ის აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკიც მიიჩნევს, რომ ჩინეთის გააქტიურება საქართველოში არის ქართული მხარის ინიციატივა და ჩინური აზროვნების რეგიონში გაძლიერება გაჩენილი შესაძლებლობის გამოყენებაა

„ჩინური პერსპექტივიდან ეს საკმაოდ ცხადი ქცევაა – იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც ადგილობრივი ხელისუფლებები თუ დაინტერესებული პარტნიორები ქმნიან. შესაბამისად, ჩინეთის ქცევა მეორე მხარიდან წამოსული დაინტერესების გამოყენებაა. საქართველო არის სპეციფიკურ პოლიტიკურ სიტუაციაში, რაც ასევე ახდენს გავლენას ჩინეთის ხედვასა და გადაწყვეტილებებზე; 

მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, ეს რეგიონი არ წარმოადგენს ჩინური ეკონომიკური პერსპექტივიდან ყველაზე საინტერესო რეგიონს, როცა გაქვს შესაძლებლობა, შენ მას იყენებ. სავარაუდოდ, ასე განიხილავს ჩინეთი მიმდინარე სიტუაციას საქართველოში. 

რომ შევაჯამო ჩემი აზრი, მჯერა ეს არ იქნებოდა ასეთი ღია და აგრესიული, რომ არ ყოფილიყო საქართველოს მთავრობის მხრიდან ინიციირებული“, – ამბობს ანალიტიკოსი, რომელიც 2012-2016 წლებში მუშაობდა პეკინში, პოლონეთის საელჩოს პოლიტიკურ განყოფილებაში დიპლომატად.

პჩიხოდნიაკს ასევე მოჰყავს უნგრეთისა და სლოვაკეთის მაგალითები და ამბობს, რომ რიგ ქვეყნებში პოლიტიკოსების მიერ იმედგაცრუებული ელექტორატისთვის ალტერნატივის შეთავაზება მიღებული პრაქტიკაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც. თუმცა იგი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ნარატივის დონეზე რჩება და, მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩინეთის როლი უმეტესად გაზვიადებულია. 

საქართველოში ჩინეთთან ეკონომიკური სარგებლის გაზვიადებულ წარმოჩენაზე საუბრობს თინა ხიდაშელიც და აღნიშნავს, რომ პროპაგანდის მთავარი იარაღი ნახევარსიმართლის რეალობად გასაღებაა:  

„ყველაზე ხელშესახები ნახევარსიმართლე არის ფრაზა, რომ ჩინური კომპანიები დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ საქართველოში. სწორედ ამ ნახევარსიმართლეშია ეშმაკი დამალული. დიახ, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში ჩინური კომპანიები ახორციელებენ, ოღონდ ფულს ჩვენ, გადასახადების გადამხდელები ვიხდით. 

ამიტომ, არანაირი კავშირი არ არსებობს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინეთის მონაწილეობასა და მზარდ საინვესტიციო გარემოს ან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებასთან. არც ერთი ჩინური იუანი არ იხარჯება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის“. 

როგორც ხიდაშელი, ასევე პჩიხოდნიაკი საუბრობენ იმ პოლიტიკურ კულტურაზე, რომლითაც შედიან ჩინური კომპანიები უცხო ქვეყნებში. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მათი ბიზნესის თუ საქმიანობის წარმართვის მოდელი არ ცნობს ლიბერალური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელ მოქალაქე-სახელმწიფოს ურთიერთობის გაგებას, სადაც მოქალაქე დაცულია უფლებებით სახელმწიფოს წინაშე

„ჩინური ინვესტიციები თუ ურთიერთობა ჩინურ საწარმოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მედიასთან, ექსპერტებთან, არ არის მიმართული დემოკრატიული იდეების, სამოქალაქო თავისუფლებების მხარდასაჭერად. იმ დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად, რომელიც მოქალაქეს გააძლიერებს, დაიცავს და უფლებებით აღჭურავს სახელმწიფოს წინაშე. ეს არ არის ჩინური აზროვნების გზა. 

აქედან გამომდინარე ვიღებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს – კორუფციას, გარემოს დანაგვიანებას და ყველა ამ პრობლემას, რაც ასეთი აზროვნების თანმდევია. ის წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო გაგებასთან, რომ სამართალი იმარჯვებს, რომ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, თავი დაიცვას სამართლებრივად სახელმწიფოსგან“, – აღნიშნავს პოლონელი ანალიტიკოსი. 



შედარება იმისა
, თუ როგორ ხორციელდება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციები საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ, რას აპიარებს ყველაზე ძვირად
_______________________________________________________________________

ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობებში კორუფციის ნიშნებსა და რისკებზე საუბრობს თინა ხიდაშელიც. იგი აცხადებს, რომ ჩინური კომპანიების მხრიდან უცხო ქვეყნებში ლოიალობის ყიდვისა და მოსყიდვის შემთხვევები ხშირად ფიქსირდება. 

„საქართველოში ჩვენ პირველად პრობლემას წავაწყდით ფოთში 2016 წელს. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75% საჩუქრად გადაეცა ძალიან დისკრედიტირებულ ჩინურ კომპანიას, რომელიც, საბოლოო ჯამში, კრიმინალური ორგანიზაცია აღმოჩნდა. მისი მაღალი თანამდებობის ყველა პირი გამოძიების ქვეშ არის ან უკვე ციხეშია, ზოგი ნიუ-იორკში, ზოგი პეკინში, სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ის კომპანიაა, რომელშიც თავის დროზე ბატონი ღარიბაშვილი მუშაობდა“, – ქართულ მაგალითს იხსენებს თინა ხიდაშელი. – „კომპანია ჰონკონგის სასამართლომ 2020 წელს გააუქმა, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ იყო რეგისტრირებული, როგორც ბიზნესი. სასამართლო საქმის გაჭიანურების მიზეზად პანდემიას ასახელებდა“. 

ხიდაშელი ასევე დასძენს, რომ ჩინეთიდან შემოსული ფული, მათ შორის სესხი, არ ითვალისწინებს, მაგალითად ,დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის წინაპირობებს: 

„2021 წელს საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის კრედიტზე და 1 კვირაში კრედიტი ჩინეთისგან აიღო. მან იცოდა, რომ ევროკავშირის კრედიტს მოჰყვებოდა გაწევრიანებასთან დაკავშირებული დემოკრატიის მოთხოვნები, ხოლო ჩინურ კრედიტს – არაფერი. იქ პროცენტები უფრო მაღალია, პირობები ცუდია, მაგრამ ჩვენ, მოქალაქეები ვიხდით და არა მთავრობა, ამიტომ ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.

როცა პოლიტიკურ ცხოვრებაში ავტორიტარიზმი აჭარბებს გამჭვირვალობას, დემოკრატიულ მმართველობას, საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტურ პრინციპებს, ანტიკორუფციული საქმიანობის პრიმატს და სხვა, იქ უზარმაზარი ადგილი თავისუფლდება იმ ტიპის გარიგებებისთვის, რომელიც ჩვენი ხელისუფლებისთვის უცხო არ არის“. 

რა სურს ჩინეთს საქართველოში

თუ კვლევაში გამოკვეთილ ჩინური პროპაგანდის ნარატივებს გადავხედავთ, ჩინეთი არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების უკეთეს ალტერნატივადაა წარმოჩენილი, არამედ უსაფრთხოების საკითხში რუსეთის შემაკავებელ ძალად და მეტიც, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში ერთადერთ რეალურ პარტნიორადაც კია დახატული. 

მარჩინ პჩიხოდნიაკი გვირჩევს, არ დაგვავიწყდეს, რომ სტრატეგიული მიზანი ნებისმიერ კონკრეტულ ქვეყანასთან ურთიერთობაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ჩინეთის სტრატეგიული მიზნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი სტრატეგიული პარტნიორი და ის არის რუსეთი: 

„ახლა არსებობს ერთი სტრატეგიული მიზანი ჩინური პერსპექტივისთვის: მეტოქეობა აშშ-თან და საერთაშორისო დღის წესრიგის რეკონსტრუირების შესაძლებლობის მიღება. ეს არის ჩინური სტრატეგიული მიზანი. გლობალური სიტუაცია იცვლება, ის მეტად რთულია ჩინეთისთვის, მისი ეკონომიკისთვის; ჩინეთს სჭირდება გაძლიერება სამხედრო და პოლიტიკური ამბიციების მხრივ. 

ჩინური ხედვის კიდევ ერთი ნარატივია, რომ აშშ ცდილობს ჩინეთის რეჟიმის გადაგდებას და ყველაფერი, რაც გლობალურად ხდება, მიმართულია ჩინეთის წინააღმდეგ. ეს ასევე ეხება უკრაინას. მსგავსი კონსპირაციული თეორიები ძალიან პოპულარულია ჩინურ პოლიტიკურ წრეებში, რომ რაც ხდება უკრაინაში – არა მხოლოდ ომი, ასევე ღირსების რევოლუცია და სხვა- მოხდა აშშ-ის გავლენით. ეს მიზნად ისახავდა რუსეთზე თავდასხმას და ისეთი გლობალური დესტაბილიზაციის შექმნას, რაც არ წაადგება ჩინურ ინტერესებს. ეს არის მსოფლიოს ჩინური აღქმა ამჟამად. 

ამ სტრატეგიულ ხედვაში მხოლოდ ერთი სტრატეგიული პარტნიორი არსებობს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ჩინეთს თავისი სტრატეგიული მიზნის მიღწევაში და ეს რუსეთია. ჩინური პერსპექტივიდან ის ასევეა აშშ-ს სამიზნე, რომელსაც სურს იქ რეჟიმის გადაგდება.  

საქართველოსთან პარტნიორობა, ეს არაა პარტნიორობა, რის გამოც ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ წავიდოდა მსოფლიოს რომელიმე ნაწილში და ეს შეგვიძლია დავინახოთ ცენტრალურ აზიაში. 

ჩინეთი ცდილობს გამოიყენოს შესაძლებლობა, როცა რუსეთი სუსტდება და მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. რა თქმა უნდა, ჩინეთი გაუგზავნის სიგნალს რუსეთს, რომ მისი მხარდაჭერა ომში უფასო არაა და მას სურს მეტი დამოუკიდებლობა ამგვარ ქვეყნებში საქმიანობის კუთხით. 

თუ შეხედავთ სტატისტიკას, რამდენად მნიშვნელოვანი იყო უკრაინა ჩინური ეკონომიკისთვის – საკვები პროდუქციის იმპორტი, სამხედრო თანამშრომლობა, ინდუსტრია… ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამას აღარ ჰქონია აზრი, როცა ჩინეთის სტრატეგიულ მიზანს შეეხო. უკრაინის მაგალითი სახეზეა და ის ხედვა, რომ საქართველომ შეიძლება გამოიყენოს ჩინეთთან თანამშრომლობა რუსეთზე გავლენის მოსახდენად, აგრესიულ პოლიტიკაზე უარის სათქმელად, არ მგონია, რომ რეალისტურია, ან გონივრული. ეს უფრო საპირისპიროდ შეიძლება შემოტრიალდეს“, – ასკვნის პოლონელი სინოლოგი. 

პჩიხოდნიაკი ასევე დასძენს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და სიახლოვე ევროკავშირთან ასევე არის დამატებითი მოტივაცია, მყარად იყოს წარმოდგენილი ქვეყანაში, რადგან მას აქვს ამბიცია, გააძლიეროს თავისი პოზიციები ევროკავშირში და უფრო ფართო ევროპაში. 

თინა ხიდაშელის შეფასებით კი, მაშინ, როდესაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროს შესახებ სტრატეგიული შეთანხმების დოკუმენტში არაფერია აღნიშნული [მეტიც, ჩინური მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვევით არ განმარტავს პოზიციას], აბსურდულია ჩინეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტორის თუ მხარდამჭერის წარმოჩენა პროპაგანდისტების მიერაც კი. ხიდაშელი ასევე იხსენებს, რომ დევნილების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების მოთხოვნას თუ სხვა მნიშვნელოვან რეზოლუციებში თითქმის არასდროს უჭერს მხარს ჩინეთი საქართველოს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებითაც, საქართველო ჩინეთის ინტერესებში მხოლოდ მცირე როლს თამაშობს, ძირითადი დაპირისპირება კი სწორედ იდეოლოგიურია, სადაც დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ძალაუფლების მოპოვებისთვის მიმდინარეობს ბრძოლა: 

„ჩვენი გეოგრაფია, მდებარეობა არის ჩვენი მადლიც და წყევლაც ერთდროულად. ამას ხომ ძირითადად ნავთობზე ამბობენ, რომ ის არის მადლიც და წყევლაც, ჩვენ ნავთობი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის გეოგრაფიაა ეს.

ჩინეთის ინტერესები ამჟამად უზარმაზარი არ არის და განსხვავებულია რუსეთის ინტერესებისგან. თუმცა პრინციპული სხვაობა ამ ორ ინტერესს შორის არ არის. საბოლოო ჯამში, ორივე დაიყვანება იქამდე, რომ ეს დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის და რომელსაც თავის დროზე ჩვენი პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჩემი ოჯახის წევრმა, თავისუფლების 80 კილომეტრი დაარქვა, უნდა დაკეტოს და გახდეს მათი ინტერესების მსახური. 

რუკას რომ დახედოთ, ყველა კითხვაზე პასუხი იქაა. ჩრდილოეთ პოლუსიდან სამხრეთ პოლუსამდე ეს ვერტიკალი დომინირებულია ავტორიტარული ძალებით, ზემოდან მოდის და ე.წ. სამხრეთ ოსეთამდე რუსეთის სამხედრო ძალებია, შემდეგ 80- კილომეტრიანი თავისუფლების დერეფანი, საქართველოს საზღვართან, სომხეთში გიუმრის რუსული ბაზაა და ქვემოთ რომ წავყვებით, კი ვიცით, როგორი „დემოკრატიული ძალებია“ – ირანი, სირია…

თავისუფლების სიოს ზონა ეს ერთადერთი 80 -კილომეტრიანი დერეფანია, ის უნდა დაიკეტოს და გათავისუფლდეს თავისუფლებისგან.

თუკი საქართველო მიითვალა ჩინეთმა, თუკი ჩაკეტა, მთელი ეს ენერგოდივერსიფიკაცია, რომელიც კასპიის რესურსებზეა დამოკიდებული, მაგრამ ევროპაში მხოლოდ საქართველოს გავლით მიდის [სხვა შემთხვევაში ან ირანზე უნდა გაიაროს, ან რუსეთზე], ამ შუა დერეფანსაც გააკონტროლებს არა რუსეთი ან ირანი, არამედ მესამე ავტორიტარული ქვეყანა – ჩინეთი. 

პორტის საკითხიც ამიტომ არის ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ანაკლიის პორტი არის ის ბოლო წერტილი, რომლის შემდეგაც ტვირთი კონსტანტიდან დუნაის გავლით გერმანიაშია. ამიტომ, თუ ანაკლია ჩაკეტეს ჩინელებმა, დამთავრდა, მიზანი მიღწეული აქვთ [რეგიონში]”.

რამდენად აქვს პროჩინურ პროპაგანდას წარმატების პერსპექტივა ქართულ საზოგადოებაში?

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის „სარტყლის და გზის“ ინიციატივამ 2012 წელს, რომელიც აანონსებდა საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისა და გზების გამართვას, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ინვესტიციებს, ევროპის არაერთ ქვეყანაში დიდი დაინტერესება გამოიწვია. მაშინ ფორმირდა ჩინეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის 16+1 ფორმატი. როგორც მარჩინ პჩიხოდნიაკი იხსენებს, იმ წლებში რეგიონში ერთგვარი ბუმი შეინიშნებოდა, თუმცა ჩინური პროპაგანდა იმ დროისთვის საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. ბოლო წლებში ჩანს, რომ ამას ასწორებენ: 

„რაც კარგი იყო ჩინეთის კომუნისტურ პარტიის პროპაგანდის აპარატისთვის, ევროპაში აღქმული იყო როგორც აბსურდი ან სასაცილო. 

ამ მიმართულებით არის ცვლილებები, ისინი უკვე ცდილობენ გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე ადგილობრივი ადამიანების მეშვეობით: ადგილობრივი ექსპერტების, რომლებსაც სურთ წარმოადგინონ აზროვნების ჩინური გზა, ლობისტების მეშვეობით, რომლებიც წარმოადგენენ ჩინურ ტექნოლოგიებს ან/და ინდუსტრიას პოზიტიურად. ეს ჰგავს რუსულ მოქმედების მოდელს პროპაგანდასა და დეზინფორმაციაში. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი იყენებენ რუსულ გამოცდილებას, თუ როგორ მოახდინონ გავლენა ადგილობრივ დებატებზე ადგილობრივი ადამიანების გამოყენებით, რომლებიც ჩინეთზე პოზიტიურად ფიქრობენ. 

თუმცა, თუ შევხედავთ რიცხვებს გამოკითხვებიდან, როგორ ხედავს ჩინეთს საზოგადოება ევროპაში, ე.წ. დასავლეთ სამყაროში, ეს ჯერაც საკმაოდ ნეგატიურია. 

თუმცა მომავალში შესაძლოა დავინახოთ ჩინური მეთოდების გარკვეული ეფექტები. ახლა ჩინეთთან დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი დებატი მიმდინარეობს, მაგალითად, „ტიკტოკთან“ დაკავშირებით, რომელიც ქეისია აშშ-ში. ასევე, ონლაინვაჭრობის ვებგვერდების თუ აპლიკაციების საკითხი, რომელიც შეიძლება არ განიხილება როგორც პროპაგანდა, მაგრამ განიხილება, როგორც მონაცემთა შეგროვების გზა, თუ როგორ ფიქრობს საზოგადოება დასავლეთში. 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სავარაუდოდ, ელექტრომობილების საკითხია – ჩინელები ცდილობენ საზოგადოებებმა აღიქვან ჩინური ელექტრომობილები პოზიტიურად: როგორც უსაფრთხო, მოდერნული და იაფი. უნდა ვაღიარო, რომ დასავლურ თუ ევროპულ წინამორბედებთან შედარებით, ეს ავტომობილები სინამდვილეში ასეთებია“. 

პჩიხოდნიაკი ასევე აღნიშნავს მსგავსებას ქართულ მოცემულობასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიღებულ გამოცდილებებს შორის. მისი თქმით, მედია თუ პოლიტიკური ჯგუფები დასაწყისში მოტივირებულნი იყვნენ, ჩინურ სამთავრობო მედიებთან ეთანამშრომლათ. ბოლო წლებში „სარტყელი და გზის“ ინიციატივითა და უკრაინის ომში ჩინეთის  პოზიციონირებით ევროპაში დაინახეს, რომ უნდა აირიდონ თავიდან ჩინეთთან იმგვარი ეკონომიკური თუ სხვა ტიპის დამოკიდებულების განვითარება, რაც მანამდე რუსეთთან ენერგოსექტორში ჰქონდათ. 


მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა ოთხი ძირითადი პროჩინური ნარატივი, რომელსაც ზემოხსენებული წყაროები აქტიურად ავრცელებენ

როგორც სინოლოგი ამბობს, ამ ეტაპზე პოლიტიკოსები, რომლებიც პროჩინურ ნარატივებს ავრცელებენ ევროპაში, მარგინალურ უმცირესობას წარმოადგენენ. ისევე, როგორც ეს საქართველოშია – ვინც პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი საქართველოში აღინიშნება პოლიტიკოსებით, რომლებიც ცდილობენ წარმოადგინონ, გამოიყენონ ან ყოველ შემთხვევაში მოაჩვენონ ურთიერთობა ჩინეთთან, როგორც უპირატესობად ევროკავშირთან, აშშ-თან და რაღაც გაგებით რუსეთთან ურთიერთობაში, ამ პროცესში თქვენც, სავარაუდოდ, მიხვალთ იმ მომენტამდე, სადამდეც ჩვენ მივედით ბოლო ათ წელიწადში. 

ჩინეთის შესახებ ხედვა და წარმოდგენები შეიცვალა და შეიცვლება საქართველოშიც. მგონია, რომ უკვე იცვლება, რადგან დაწყებულია ეს პროცესი – ფალსიფიკაციის, დემისტიფიკაციის და ჩინური ნარატივების უკან მდგომი მანიპულაციების აღმოჩენის; პროცესი ჩინეთთან თანამშრომლობის რეალური შედეგების დანახვის, რომელსაც აქვს თავისი სარგებელიც და უარყოფითი მხარეებიც, რის დაფარვაც სურს ჩინეთს. 

თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შესაძლოა ჩინური პროპაგანდა ეფექტური აღმოჩნდეს, ისაა, რომ მისი ძირითადი გამავრცელებლები არ შედიან დებატებში: ნარატივს ავრცელებენ მეგობრულად განწყობილი მედიების საშუალებით, სადაც არც კრიტიკული შეკითხვა ისმება და არც ოპონენტები არიან. „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამ სერიოზული შესაძლებლობა ჩამოაცალა პროჩინური ხედვის პოპულარიზაციისა და დასავლეთის საზოგადოების ფრუსტრაციის მსურველებს: 

„რუსეთისგან განსხვავებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აქ უფრო ნოყიერი ნიადაგი აქვს პროპაგანდის მიმართულებით წარმატების მისაღწევად, რადგან ბუნებრივი მიუღებლობა არ არსებობს. საბედნიეროდ, ქართველ ერს განსაკუთრებული რასისტული და ქსენოფობიური პრობლემები არ გვაქვს. 

ამას ისიც ემატება, რომ პოლიტიკური მტრობა და შიში არ გვაქვს ჩინეთის მიმართ. ამიტომ, თუ ჩინეთი აქტუალური გახდება პროპაგანდის საშუალებით, უფრო ადვილი იქნება ამ თემის მიყიდვა მოსახლეობისთვის, ვიდრე რუსული ნარატივის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, საფრთხეებზე, რომლის წინაშეც ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ, ვიმსჯელოთ და ნათელი გავხადოთ ეს საფრთხეები. 

ხომ გახსოვთ, პირველ დღეებში სახელისუფლებო პროპაგანდა რას ამბობდა? „აი, СНГ-ს წევრ მოლდოვასაც კი მისცეს სტატუსი და ჩვენ არა, იმიტომ, რომ ჩვენ არავის ვაინტერესებთ“. ამას რომ 15 დეკემბერს უარი მოჰყოლოდა, იდეალური საფუძველი იქნებოდა არა მარტო ჩინური, არამედ რუსული პროპაგანდისთვისაც.

ეს ყველაფერი მხოლოდ იმაზე არაა დამოკიდებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ან მისი საელჩო რამდენად ეფექტური იქნება პროპაგანდაში. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად შევძლებთ ამ ქვეყნის პროდასავლური მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები თუ სამოქალაქო საზოგადოება, დასავლურ პარტნიორებთან ერთად, სწორად გავიაროთ ეს გზა, რომელიც წინ გვაქვს და სკეპტიციზმს არ შევუწყოთ ხელი.

15-მა დეკემბერმა ჩვენ სერიოზული იარაღი მოგვცა ამ ბრძოლაში, რომელიც რთული გასანეიტრალებელია ნებისმიერი პროპაგანდით, მაგრამ ასეთი 15 დეკემბერი წინ ბევრი გვაქვს, ბევრი ეტაპია გასავლელი ევროკავშირის წევრობამდე, ამიტომ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ“.


მასალა მომზადებულია ფორსეტის “დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბუთქემფის” ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი