საზოგადოება

სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან: პერსპექტივა რისკებით

29 ივლისი, 2023 • 3339
სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან: პერსპექტივა რისკებით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მყარდება. სი ძინპინის ეს განცხადება საქართველოში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რამეთუ არც ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ყოფილა დაანონსებული და არც თბილისის განზრახვა, პეკინთან ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე აემაღლებინა.

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ბოლო (2019-2022 წლების) სტრატეგიაში ჩინეთთან დაკავშირებით ვკითხულობთ:

„უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების სრულად გამოყენებას“.

დღეისთვის საქართველოსა და ჩინეთის საგარეო უწყებებს შორის არსებობს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, რაც წარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხთა განხილვის ფორმატს და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხებზე მსჯელობენ.

ჩინეთი საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორისაა. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც პეკინმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა სი ძინპინის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის შემდეგ.

ანაკლიის პორტი

ჩინეთის პოლიტიკის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ პეკინს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გათვალისწინებით და დაინტერესებული იყოს ანაკლიის პორტით.

„ჩინეთის კომუნისტური პარტიის მანიფესტია, რომ მისთვის არ არსებობს პატარა და დიდი ქვეყნები — ყველა მნიშვნელოვანია. მაგრამ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, ასევე მომხიბვლელობა აქვს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. ეს ყველაფერი დროში ემთხვევა ანაკლიის პორტის მშენებარე კერძო კომპანიის შერჩევას. ამ წუთას ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ვიფიქრო, რომ ამ ვიზიტისას ჩინელებთან ერთ-ერთი სასაუბრო თემა მათ შორის ანაკლიის პორტი არის“, — ამბობს ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებაზე საუბრობს მამუკა გამყრელიძეც, საქართველოს ყოფილი ელჩი (2011-13 წლები) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

„პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინთან შეხვედრის ასეთ დონეს ნამდვილად არ მოველოდი. ეს ფანტასტიკის სფეროდანაა. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადი სრულიად მოულოდნელი იყო. საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის რა ინტერესი აქვს ჩინეთს, ყველაზე დიდი კითხვაა. ჩინეთს ყოველთვის ორი ინტერესი აქვს: წიაღისეული და დიდი ბაზარი. არცერთი არ გვაქვს. ასეთ დროს რჩება ერთადერთი — გარკვეულ სტრატეგიულ ობიექტებზე წვდომა. ასეთი ობიექტი მხოლოდ [ანაკლიის] პორტი შეიძლება იყოს“, — აცხადებს გამყრელიძე.

ანაკლიის პორტის მშენებლობის ინტერესი რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ პირველივე კონკურსის დროს გამოხატა, თუმცა მეორე ეტაპზე გადასული ქართულ-ჩინური კონსორციუმი ქართულ-ამერიკულთან დამარცხდა. ამ უკანასკნელს „ვალდებულებების შეუსრულებლობის“ საბაბით საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება გაუწყვიტა.

აშშ-ჩინეთის ინტერესთა გადაკვეთა ანაკლიაში და საქართველო

2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო სამუშაოები პროექტისთვის ახალი კერძო პარტნიორის შესარჩევად. ცოტა ხნის წინ პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტზე „სერიოზულმა ინვესტორმა“ გამოთქვა ინტერესი, რომელსაც ვერ დაასახელებს. მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას წელს გეგმავს.

სარგებელი და რისკები საქართველოსთვის

რაც შეეხება საქართველოს ინტერესს, ანალიტიკოსების აზრით, მრავალპოლუსიანი პოლიტიკა და მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, მათ რიგებს განეკუთვნება, თუმცა პეკინთან პოლიტიკური დაახლოება არ უნდა მოხდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტერესების საპირწონედ.

„მრავალპოლუსიანი პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოსთვის, როგორც მცირე ზომის ქვეყნისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანია. საქართველომ უნდა იმუშაოს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ირანი თუ სხვა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვექცეთ რომელიმე დიდი ქვეყნის განსაკუთრებული გავლენის ქვეშ. ჩინეთს ახასიათებს დომინირება თავის პარტნიორებზე, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. ამიტომ სიფრთხილით უნდა მივუდგეთ მის საკრედიტო პოლიტიკას. ეს არის უკვე მთავრობის საფიქრალი და არა დიპლომატების, რომელმაც ეს გარღვევა მოახდინეს“, — ამბობს მამუკა გამყრელიძე.

ის ხაზს უსვამს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის განსხვავებული გამოცდილებები არსებობს და საქართველოზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს ჩინეთთან გაღრმავებულ ურთიერთობებს.

„ჩვენ ნაკლებად ვიყენებთ ჩინეთთან ურთიერთობებს. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ იმპორტის გარდა არაფერს ვიღებთ. როგორ უნდა გამოვიყენოთ? — ეკონომიკური თვალსაზრისით მივიღოთ სარგებელი. დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩინეთთან და მაქსიმალურად იყენებენ ამ შესაძლებლობას, რომელსაც ჩინეთის უზარმაზარი ბაზარი იძლევა. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, რამე განსაკუთრებული ურთიერთობების ჩამოყალიბება მიუღებელი იქნება, იმიტომ რომ ჩინეთი მკვეთრად გამოხატული ავტოკრატიული ქვეყანაა. ჩინეთთან ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობების საპირწონე“, — აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძე სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, სტრატეგიული პარტნიორობა დარჩეს მხოლოდ გაღრმავებული ეკონომიკური ურთიერთობების დონეზე და ამბობს, რომ საქართველოს არავინ აძალებს, ჩინეთს მხარში დაუდგეს, მაგალითისთვის ტაივანთან ურთიერთობების ჭრილში.

თუმცა პრემიერმა ღარიბაშვილმა სი ძინპინთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს“ და მომავალშიც ასე გააგრძელებს.

„დიპლომატიაში ყველაფერი არის ნათქვამი სიტყვა და არნათქვამი სიტყვა. არსებობს მომენტი, როდესაც რაღაც განცხადებებს უბრალოდ აღარ აკეთებ. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ დღეს არ უნდა იძახოს, რომ არ არის ერთი ჩინეთის პოლიტიკის მხარდამჭერი, მაგრამ არ შეიძლება ვიღაცის ინდივიდუალურ ემოციაზე იყოს დაფუძნებული იმის განსაზღვრა, უნდა თქვას თუ არა, რომ არის. ხვალ ჩინეთი რომ ტაივანს დაესხას თავს, გამოდის საქართველომ წინასწარ იცის, რა პოზიცია ექნება. ან ხვალ რომ ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ დარჩეს „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივაში, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება? ასეთი ხმამაღალი განცხადებები გაუგებარია იმ დაშვებით, თუ ჩვენი მთავარი ამოცანაა ევროკავშირი და ნატო. ეს არის ზუსტად ის ორიენტირები და პოლიტიკურ ვექტორები, რომლის ცვლილებაც სახეზეა და რომელიც დამაფიქრებელია“, — მიიჩნევს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელი ხაზს უსვამს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა არ არის ჩვეულებრივი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება და ეს არის საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს პოლიტიკური არჩევანის საკითხი, შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი ტიპის გადაწყვეტილება პლუსებისა და მინუსების დათვლის შედეგად უნდა მიიღებოდეს.

„ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ, უსაფრთხოების საბჭოს თუ აქვს რამე დოკუმენტი მომზადებული, რომელშიც ასეთი რისკები გაანალიზებულია? საკითხი ასე იმიტომ დგას, რომ ჩვენ ჯერჯერობით ოფიციალურად გაცხადებული გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია. ნატოს მადრიდის სამიტმა რუსეთთან ერთად, ჩინეთი გამოაცხადა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. თუ ჩვენ ნატოს წევრობას ვგეგმავთ, გაუგებარია, სტრატეგიულ პარტნიორობაზე როგორ მივდივართ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ ამოცანად ქცეულ ორგანიზაციას საფრთხედ მიაჩნია. თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურს, აბსოლუტურად თუ არა, მაქსიმალურად უნდა იზიარებდე მის საგარეო პოლიტიკას. საქართველოს საგარეო პოლიტიკის თავსებადობა ევროკავშირთან განახევრებულია“, — ამბობს ხიდაშელი.

საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან და დეკლარაციებთან ყოველწლიურად იკლებს და 2023 წელს 31%-მდე შემცირდა, რაზეც ბრიუსელი შეშფოთებას გამოთქვამს.

ევროკავშირისა და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას თავადაც აქვს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გამოცხადებული, მათ შორის გერმანიას, დიდი ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, პოლონეთს, ესპანეთს და თავად ევროკავშირს, როგორც ორგანიზაციას.

თუმცა ბოლო წლებში ევროკავშირი-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები გაუარესდა რიგი მიზეზების გამო, რომელთა შორისაა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონტრზომები და სავაჭრო ომი, რომელშიც ევროკავშირი და ჩინეთი არიან ჩართული. ევროკავშირმა წამოიწყო ჩინეთის მიმართ „რისკებისგან თავის დაღწევის“ პოლიტიკა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისედაც დაძაბული ურთიერთობები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა ტაივანის საკითხის გამოც. 2021 წლიდან სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ავიაციამ მოუხშირა ტაივანის „საჰაერო დაცვის იდენტიფიკაციის ზონის“ დარღვევას. ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი სამხედრო პოტენციალით დასავლეთის დემოკრატიების შეშფოთების ფონზე, აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ დააფუძნეს AUKUS — სამხედრო თანამშრომლობა რომელიც რეგიონში ჩინეთის შეკავების ძალისხმევად განიხილება.

ჩინეთს აქვს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მედიატორობის ამბიცია, ამავდროულად, რუსეთთან ერთად ჩამოაყალიბა საერთო ხედვა „ახალი ეპოქის“ სტრატეგიულ ურთიერთობებზე და ნატოს წინააღმდეგ. თეთრი სახლის,ასევე, ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებაა, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთიანდებიან მიზნის გარშემო, ააშენონ თავიანთი ავტოკრატიული მსოფლიო წესრიგი შეერთებული შტატების გლობალური გავლენის წინააღმდეგ.

ამიტომაც თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელობა აქვს კონტექსტს, თუ როდის მყარდება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა.

„კორეის ომის დროს ათასნაირი კოალიცია იქმნებოდა წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებთან, ჩინეთიც იყო ამ კოალიციების მონაწილე, და შესაბამისად, დღეს რომ ვინმემ მაგალითად მოიყვანოს მაშინდელი შეთანხმებებით მიღწეული პარტნიორობა, არასერიოზული იქნება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ბოლო 3-4 წელიწადში კრიტიკულად შეცვლილ ურთიერთობებს და ამ პერიოდზე უნდა ვილაპარაკოთ. ახლა პირიქით, ევროკავშირის ქვეყნები რიგრიგობით ტოვებენ 16+ ფორმატს“, — ამბობს ხიდაშელი.

ჩინეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფორმატი ( თავდაპირველად 17+1 ) მალევე ინტეგრირებული იყო ჩინეთის უფრო ფართო „სარტყლისა და გზის ინიციატივაში“. ლიეტუვის კვალდაკვალ, ჯგუფიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს ლატვიამ და ესტონეთმა. საკითხი განხილვის სტადიაზეა ჩეხეთსა და სლოვაკეთშიც.

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე სადეპუტატო კითხვა მისწერა საგარეო საქმეთა მინისტრს დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ. უპასუხობის შემთხვევაში, ინტერპელაციის წესით ილია დარჩიაშვილის პარლამენტში დაბარებასაც არ გამორიცხავს.

„ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გასაგებია და აქ სიახლე არაფერია. არც მრავალპოლუსიანი ვექტორის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ სტრატეგიული  ურთიერთობები არ ნიშნავს მხოლოდ ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას, არამედ გარკვეულწილად ღირებულებებიდან გამომდინარეობს. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს აშშ-სთან, დიდი ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, რუმინეთთან, უკრაინასთან… მაშინ, როდესაც ჩინეთს ფრთხილად უყურებენ დასავლეთში, მასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ხომ არ მოდის კონფლიქტში ჩვენს გაცხადებულ მიზანთან, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაა? რას ეფუძნება ეს პარტნიორობა და გარკვეულწილად ხომ არ ხდება საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლა — ეს კითხვები არსებობს და პასუხებს ითხოვს. საფრთხეებზე საუბარს ფრთხილად მოვეკიდებოდი, სანამ პასუხები არ გვაქვს, თუმცა ეჭვის საფუძველი არის იმ მოცემულობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ აქტიურად დისტანცირდება დასავლეთისგან“, — ამბობს აქუბარდია.

ჩინეთს სხვადასხვა ქვეყნებთან განსხვავებული დონის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი აქვს — დაწყებული კოორდინაციის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობიდან, დამთავრებული ინოვაციური სტრატეგიული პარტნიორობით. საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა და მისი შინაარსი უცნობია. თუმცა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თქვა, სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობებს, უფრო დინამიკურს გახდის პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესსაც.

საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ – სი ძინპინი

ჩინეთის ელჩმა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა, თბილისი დუმს

მასალების გადაბეჭდვის წესი