კომენტარი

ზარალდება პერსპექტივა, აბსოლუტურ მაჩანჩალად ვიქეცით – ხიდაშელი ელჩის გაწვევაზე

1 მარტი, 2022 • 2183
ზარალდება პერსპექტივა, აბსოლუტურ მაჩანჩალად ვიქეცით – ხიდაშელი ელჩის გაწვევაზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ნეტგაზეთთან ეხმიანება ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის გაწვევას და ამბობს, რომ ამით ზარალდება საქართველოს უახლოესი პერსპექტივა.

თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ეს „მძიმე გადაწყვეტილებაა“. ის აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც 2 სახელმწიფო ერთმანეთის მხარდამხარ უნდა იდგეს „თუ ასეთ გადაწყვეტილებამდე მიდის საქმე, ეს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მძიმე მდგომარეობაში ვართ“.

„ძალიან მძიმე მოსასმენია ამ ქვეყნის პრემიერი. მისი განცხადებები, მისი პოზიციონირება და ვფიქრობ, რომ გრძელვადიანად ეს უმნიშვნელოვანესად დაგვაზიანებს.

აქ მხოლოდ იმაზე არ არის საქმე, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ზარალდება, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია – მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პრობლემა ამ შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი პერსპექტივა ზარალდება დღეს, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა გამოჩნდა – ჩვენ აბსოლუტურ მაჩანჩალად ვიქეცით და ეს უბრალოდ წარმოუდგენელი და უპატიებელია“, – ამბობს ხიდაშელი.

კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საქართველოს აღებული აქვს ბელარუსის მსგავსი გეზი რუსეთისკენ, ის გვპასხუპობს, რომ – „ყოველი შემთხვევისთვის, ასე გვიყურებს უკრაინის ხელისუფლება, როგორც ჩანს“.

თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ახლა პარლამენტში, ნაცვლად იმისა, რომ დეპუტატებმა „ერთმანეთს დებილები ეძახონ და აგინონ“, დაკავებულნი უნდა იყვნენ იმით, რომ განცხადებას ამზადებდნენ ბრიუსელისთვის, ასევე:

„დელეგაციის ფორმირებას ახდენდნენ პარლამენტიდან, რომელიც წავიდოდა ბრიუსელში და ლობირებას გასწევდა იმის, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ახლა გამოჩნდა – არ ასცდეს საქართველოს და ჩვენც აღმოვჩნდეთ თანამონაწილე ამ პროცესის. და მესამე, უნდა მუშაობდეს პარლამენტი იმაზე, რომ ნატოს მიმართოს – სამხედრო შეიარაღების მისაღებად. და ამის ნაცვლად იმით ვართ დაკავებული, რითაც ვართ: ყაველაშვილი გვაგინებს და მერე ჩვენ ვპასუხობთ. კატასტროფაა. ასეთი რამე მე არ მახსოვს, ასეთი სამარცხვინო მდგომარეობა, რაც ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის დღევანდელმა შემადგენლობამ შექმნა – არასდროს არ ყოფილა საქართველოში და ამისი ადეკვატური შედეგი არის ის, რაც ამ წუთას მოხდა, რომ უკრაინამ ელჩი გამოიწვია კონსულტაციებზე“, – დასძენს ხიდაშელი.

საუბრის ბოლოს ნეტგაზეთმა ჰკითხა თინა ხიდაშელს, უნდა გადადგეს თუ არა მთავრობა:

„მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში უნდა დამდგარიყო მაშინ, როდესაც… ჯერ საერთოდ, უკრაინამდე, მთელი ეს ამბავი ვაქცინებთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო მისი გადადგომის საფუძველი. მაგრამ ბევრი რამ მოხდა ამ 3-4 დღის განმავლობაში, როდესაც პასუხისმგებლობიანი პარლამენტი აუცილებლად დააყენებდა პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხს. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ უკვე იმდენად დამაზარალებელია ეს კაცი ქვეყნის ხელისუფლებაში, იმდენად მძიმეა შედეგები, რომელსაც ვუყურებთ ყველანი ერთად, რომ კი, ამ წუთას ამაზე უნდა ფიქრობდეს, ზრუნავდეს და მუშაობდეს პარლამენტი.. მაგრამ, გასაგებია, რომ ახლა პარლამენტში ამისთვის საკმარისი უმრავლესობა არ შეიკრიბება.

თუმცა ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ოპოზიციამ პროცესი დაიწყოს. მაგრამ რაღაცნაირად ოპოზიციაც ჩართულია ამ ურთიერთანგარიშსწორების პროცესში და ვინ უფრო მოსწრებულად გალანძღავს მეორეს – აი, ამ შეჯიბრში, ეს ძალიან მძიმე საყურებელია,“.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“ ,– ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

საქართველოსთან ერთად ელჩი გაიწვიეს ყირგიზეთიდანაც.

ელჩის, ანუ პირველი დიპლომატის გაწვევა ქვეყნებს შორის უთანხმოების დროს პროტესტის დაფიქსირების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მექანიზმია.

ზოგჯერ სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ელჩებს საკუთარ დედაქალაქებში „დამატებითი კონსულტაციებისთვის“ იწვევენ, რაც ასევე პროტესტის გამოხატულებად მიიჩნევა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ მოუწოდა, მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მისცეს.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!“, – დაწერა მან ტვიტერზე.

ნეტგაზეთი მეორე დღეა პასუხს ელოდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგან და ავიაციის სააგენტოსგან, რატომ არ მისცეს უკრაინულ ჩარტერს თბილისში დაფრენის საშუალება.

მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაური მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თბილისი არ შეუერთდება უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და უკრაინაში ჩასვლა „არაფრის მომცემია“. 28 თებერვალს კი, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი არავინ არის, სანქციები კი არაეფექტურია.

იმის მაგივრად, რომ ქვეყნის პოზიციების გასაძლიერებლად 2008 წლის ომთან პარალელი გამოეყენებინა, პრემიერი ახლაც ამბობს, რომ საქართველომ „ვერ აირიდა ომი” და „ჩააბარა ტერიტორიები“. მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, მის საპასუხოდ აქცია დაიგეგმა.

ღარიბაშვილის განცხადებას მყისიერი გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. მათ ღარიბაშვილის განცხადება პრორუსულ პოზიციად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი