პარლამენტის შენობასთან, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინრეობს, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
ადგილზე არიან ნეტგაზეთის ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაუშვეს გაზი, ჭირს სუნთქვა, ადამიანებს ეწვით ყელი.
თუმცა, როგორც თვითმხილველებიც აღნიშნავენ, აღნიშნულ აირს მხოლოდ რამდენიმეწუთიანი მოქმედების მექანიზმი აქვს, რის შემდეგაც ადამიანები კვლავ უკან ბრუნდებიან.
თავისუფლების მოედანზე უკვე გამოჩნდა ფარებით აღჭურვილი სპეცრაზმი.
შსს მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გამოიყენეს სპეიცალური საშუალებები, რადგან აქციის მონაწილეებმა „საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.“
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“ ,— აცხადებს შსს.
რა ხდება
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.