ახალი ამბები

„პოსტვ-სა“ და „ოცნების“ ვებსაიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა Anonymous-მა აიღო

2 მაისი, 2024 •
„პოსტვ-სა“ და „ოცნების“ ვებსაიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა Anonymous-მა აიღო

ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი მედიასაშუალების, შალვა რამიშვილის „პოსტ ტვ-ის“ ვებსაიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა აიღო.

„საქართველოს მარიონეტულ მთავრობას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ უგულებელყოთ ჩვენი მოთხოვნა, შეგეჩერებინათ პოლიციის სისასტიკე აქციის მონაწილეთა მიმართ და განაგრძეთ მათი შეურაცხყოფა, შევიწროება და დაზიანება.

საკუთარი მოქალაქეების მიმართ თქვენი არაადამიანური ქმედებებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ონლაინ რესურსების გათიშვას. ეს არ არის მუქარა, ეს არის დაპირება. სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, მას ჰაკერობა და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მნიშვნელობა ამართლებს თავდასხმას თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე.

არ დაგავიწყდეთ: საქართველო რუსეთი არ არის და არც არასდროს იქნება“ ,— აღნიშნულია Anonymous-ის განცხადებაში.

ჰაკერთა ჯგუფმა განცხადებას თან დაურთო რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევისა და დაშავებულთა ამსახველი ვიდეოები.

ნეტგაზეთი შსს-ში ცდილობს გაარკვიოს, დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება.


Anonymous არის ჰაკერთა საერთაშორისო, დეცენტრალიზებული მოძრაობა, რომლის საქმიანობა ძირითადად მოიცავს რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ ინტერნეტსივრცეში ბრძოლას, სოციალური მოძრაობების მხარდაჭერას, კორუფციის მხილებას და ა.შ. მაგალითად, ისინი აქტიურად ებრძვიან რუსეთისა და ირანის რეჟიმებს. Anonymous-ის ბრძოლა განსაკუთრებით აქტიურია რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მაგალითად, ერთ-ერთი მათ ბოლო აქტივობა მოიცავდა რუსეთის სამთავრობო ტელეარხების სერვერებში შეღწევას და რუსეთის ომის დანაშაულებების მამხილებელი ვიდეომასალის ეთერში გაშვებას.

ჰაკერთა ამ ჯგუფის ქმედებებიხ შირ შემთხვევაში სცდება არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეს, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, „ეს არის ბინძური საქმე, რომელიც ვიღაცამ უნდა გააკეთოს“

მასალების გადაბეჭდვის წესი