აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პირველ მაისს გავრცელებული განცხადებით კიდევ ერთხელ გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონის მხარდაჭერას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი მორიგი ხისტი განცხადებით აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ განცხადებებსაც.
„შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
ეს კანონი და ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომელიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას – რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ – არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
რა ხდება
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.







