ახალი ამბები

უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის – პრემიერი

25 თებერვალი, 2022 • 1543
უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს. მისი თქმით, საქართველო არც სანქციებს შეუერთდება.

ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ახლახან ჰკითხეს, აპირებს თუ არა უკრაინაში ჩავიდეს. მას შეახსენეს, რომ 2008 წლის დროს უკრაინის ლიდერები საქართველოში იმყოფებოდნენ – „უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“.

დამატებით კითხვაზე, ხომ არ ჩავა კიევში სოლიდარობის გამოსახატად, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ სოლიდარობა „ჩვენ, როგორც შეგვიძლია, გამოვხატეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ“.

მან ასევე თქვა, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად დაეხმარება უკრაინის მოქალაქეებს.

„კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ დახურული არის საჰაერო სივრცე, არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერები ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია“, – ამატებს ის.

პრემიერ-მინისტრი ასევე ამბობს, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

„საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობად. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი