კომენტარი

„სამინისტრო ითხოვდა, საერთაშორისო კვლევები ქართულად არ გასაჯაროებულიყო“

1 ივნისი, 2012 •
„სამინისტრო ითხოვდა, საერთაშორისო კვლევები ქართულად არ გასაჯაროებულიყო“

როგორც ცნობილია, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებმა, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ტარდებოდა, მოსწავლეთა დაბალი შეფასებები აჩვენა. ბოლო კვლევის (PISA – მიზნად ისახავს, შეაფასოს 15 წლის მოზარდების მიერ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები) შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, რომ ის არ ენდობა საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგიას და დროა, ქვეყანა შიდა შეფასებებზე გადავიდეს. როგორი იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის პოზიცია დიმიტრი შაშკინის ამ განცხადების შემდეგ?

 

შაშკინის განცხადების შესახებ, რომ ქვეყანა საერთაშორისო კვლევებზე უარს ამბობს, ჩვენც ინტერნეტით გავიგეთ. 30 დეკემბერს მინისტრმა საერთაშორისო კვლევების გაუქმების შესახებ სამარცხვინო განცხადება გააკეთა, სამარცხვინო არგუმენტებით.

 

ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის, არ გაგვეხადა ჩვენი პოზიცია საჯარო. ვეცადეთ შიგნიდან მოგვეგვარებინა პრობლემა, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ შექმნილიყო. მინისტრსაც არაერთხელ ვესაუბრეთ, მათ შორის– მაია მიმინოშვილიც. ვცდილობდით აგვეხსნა ამ კვლევების მნიშვნელობა და დაგვერწმუნებინა ის, რომ საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების გარეშე საქართველო გლობალური კონტექსტიდან ამოვარდებოდა.

 

საერთაშორისო კვლევები არის ძალიან კარგი საზომი იმისა, რომ შევედაროთ სხვა ქვეყნებს და მხოლოდ შიდა შეფასებებზე დაყრდნობით არ ვისაუბროთ რაიმე შედეგზე.

 

შაშკინის მაშინდელი არგუმენტი, რომ ქართულისა და ინგლისურის გრამატიკა არ უნდა შევადაროთ ერთმანეთს, პროფესიონალებისთვის შეურაცხმყოფელი იყო, ამასთან – არაკვალიფიციური. წაკითხულის გააზრება, რომელსაც ეს კვლევა ითვალისწინებდა, არ ნიშნავს გრამატიკის ნორმების ცოდნას. პირიქით, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, გამსწორებლებს კატეგორიულად ეკრძალებათ გრამატიკული შეცდომების გასწორება მოსწავლეთა ნაშრომებში.

 

როდესაც ქვეყანა იღებს ვალდებულებას, ჩაატაროს საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა, იღებს ასევე იმის ვალდებულებასაც, რომ შექმნას ეროვნული ანგარიში ქართულ ენაზე, რომ ხელმისაწვდომი გახადოს ეს შეფასება ყველასთვის. მაშინ ჩვენ გვთხოვეს, არ გამხდარიყო ეს ანგარიში საჯარო. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ვაწარმოებდით სამინისტროსთან. ვცდილობდით დაგვერწმუნებინა, რომ ცუდი შედეგის მიუხედავად, განათლების პოლიტიკის ექსპერტებს და პროფესიონალებს ეს უნდა სცოდნოდათ, ეს შედეგები, უკეთესი სტრატეგიების დასაგეგმად.  ეს კვლევები არის დიაგნოზის დასმის საშუალება, რომელიც გაძლევს საშუალებას, სწორად იმკურნალო.

 

რატომ თქვა სამინისტრომ საერთაშორისო კვლევებზე უარი?


იმიტომ, რომ ეს შედეგები ეწინააღმდეგებოდა იმ რიტორიკას, რომელიც შიგნით გვქონდა.

 

რამდენად კომპეტენტური იყო შიდა შეფასება, რომელიც სამინისტრომ პირველკლასელთა შორის გააკეთა და იღებდა თუ არა მასში მონაწილეობას გამოცდების ეროვნული ცენტრი?


შაშკინის განცხადებიდან რამდენიმე დღეში შიდა შეფასების შედეგები გამოქვეყნდა. ოთხი წელია ამ კვლევებზე ვმუშაობდი და ძალიან კარგად ვიცი, რა ვადებთან გვაქვს საქმე, როდესაც შეფასებას ვაკეთებთ.

 

სასურველია, მათ ეს შიდა შეფასებების პროცესი გამჭვირვალე გახადონ. ჩვენთვის ცნობილი ერთი ციფრი, რომ მოსწავლეთა 75 % აღწევს საუკეთესო შედეგს, ბევრს არაფერს ნიშნავს. აუცილებელია ვნახოთ კვლევის მეთოდოლოგია, რომელიც ჩვენთვისაც კი არ ყოფილა ხელმისაწვდომი, ვინაიდან ის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა.

 

ამ კვლევის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ კომპიუტერში, ინგლისურ ენასა და კითხვარში ჩაუტარდათ შეფასება პირველკლასელებს. მე მაშინვე კითხვა გამიჩნდა, მოსწავლეებს, რომლებმაც სადღაც ოქტომბრის თვიდან დაიწყეს კითხვა, როგორ წაიკითხეს, გაიაზრეს და უპასუხეს კითხვარს? 

მასალების გადაბეჭდვის წესი