კომენტარი

ნაცვლიშვილი მერაბიშვილის საქმეზე: გადაწყვეტილებაში ვერ ვნახე პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებაზე მითითება

14 ივნისი, 2016 •
ნაცვლიშვილი მერაბიშვილის საქმეზე: გადაწყვეტილებაში ვერ ვნახე პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებაზე მითითება

“ამ გადაწყვეტილებაში მე ვერ ვნახე, სად აკეთებს სასამართლო მითითებას იმაზე, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება”, – ამ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

ნაცვლიშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე “ნეტგაზეთთან” ვრცელ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ იმ მსჯელობიდან გამომდინარე, რომელსაც სასამართლო ავითარებს, “პოლიტიკურ მოტივაციაზე დისკუსია დაუსაბუთებელია”:

“ვანო მერაბიშვილის საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მას საჩივარში 4 საკითხი ჰქონდა დაყენებული. ამ ოთხიდან ორთან მიმართებაში არა, ხოლო  ორთან მიმართებაში დარღვევა დაადგინა. საზოაგდოებაში რომ გაუგებრობა არ გამოიწვიოს, მინდა განვმარტო, ეს გადაწყვეტილება არ ეხება და სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმაზე, დამნაშავეა თუ არა ვანო მერაბიშვილი წარდგენილ ბრალდებებში. ეს მსჯელობის საგანი საერთოდ არ ყოფილა. ის საკითხები, რაც მერაბიშვილმა სამსჯელოდ დააყენა, იყო შემდეგი: ის ამბობდა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდება თავიდანვე უკანონო იყო. სასამართლომ არ გაიზიარა ეს მოსაზრება და თქვა, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელციოს [მაისის] გადაწყვეტილება პატიმრობის შეფარდების თაობაზე წინააღმდეგობაში არ მოდის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან.

რაც შეეხება იმას, თუ რასთან მიმართებაში დაადგინა სასამართლომ დარღვევა, სასამართლომ თქვა, რომ 25 სექტემბერს, როცა მერაბიშვილი წინასასამართლო სხდომაზე წარსდგა და მისი დაცვის მხარემ კვლავ დააყენა [წინასწარი] პატიმრობის კანონიერების საკითხი, მოსამართლემ დაუსაბუთებლად მიიღო გადაწყვეტილება პატიმრობის გაგრძელებასთან დაკავშირებით და არ უმსჯელია იმაზე, რატომ უნდა გაგრძლებულიყო, ან არ გაგრძელებულიყო წინასწარი პატიმრობა. ანუ სასამართლომ დარღვევა დაადგინა სექტემბრის წინასასამართლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”.

ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ მართალია, ამ ნაწილში სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა, მაგრამ სახელმწიფო ვალდებული არ არის, ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლოს, რადგან  “დღეს ის უკვე  იმყოფება არა [წინასწარ] პატიმრობაში, არამედ მსჯავრდებულია:

“ეს ეპიზოდი ფაქტობრივად დასრულებულია. მისი წინასწარი პატიმრობის დროს რომ ყოფილიყო მიღებული ეს გადაწყვეტილება, სხვა სამართლებრივი შედგები შეიძლება ჰქონოდა, რადგან დაცვის მხარე მოიხმობდა მას და ეროვნულ სასამართლოს თავიდან მოუწევდა მსჯელობა. ახლა ის [წინასწარ] პატიმრობაში აღარაა. ის გასამართლებული და მსჯავრდებულია. ის ფაქტი, რომ წინასწარი პატიმრობის კონკრეტულ მონკვეთში დარღვევა  დადგინდა, არ ნიშავს, რომ ის ახლა უნდა გათავისუფლდეს  პატიმრობიდან. ამას არც სასამართლო ამბობს და ეს არც რომელიმე სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინაროებს”, – ამბობს ანცვლიშვილი.

გარდა ზემოხსენებულისა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ მერაბიშვილთან მიმართებაში ასევე დაარღვია ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში მე-18 მუხლი, რომელიც ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”.

სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველ ოთო კახიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია:

“სულ არის 6 საქმე, როდესაც დადგინდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. ეს არის მეშვიდე საქმე, ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ამგვარი დარღვევა დგინდება ასი ათასობით საქმიდან. მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ვანო მერაბიშვილი არის მესამე პოლიტიკოსი იულია ტიმოშენკოსა და ბატონი ლუცენკოს შემდეგ, რომელზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ევროპის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა, ვანო მერაბიშვილის აპელაცია პატიმრობის შესახებ ასევე დაუსაბუთებელი განჩინებით გამოვიდა. ასევე, ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა და, რაც ყველაზე მთავარია, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, მისი პატიმრობის გაგრძელება არ ემსახურებოდა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს”, – აცხადებს კახიძე.

ამ საკითხზე ანა ნაცვლიშვილი მოსაზრება ასეთია:

“კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლოს ძალიან საინტერესო მსჯელობა აქვს განვითარებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისთავად პირის პოლიტიკური თანამდებობა მას  არ ანიჭებს იმუნიტეტს სისხლის სამართლებრივი პროცესისა და დაკავებისაგან. სასამართლო ამბობს, რომ ჩემს წინაშე მომჩივანმა დააყენა საკითხი და ის დავობს იმაზე, რომ პატიმრობა გამოყენებული იყო მასზე პოლიტიკური ზეწოლისთვის, რათა ის ჩამოშორებოდა პოლიტიკურ პროცესს. სასამართლო ამბობს, რომ მე ამ საკითხზე ვიმსჯელე. შემდეგ  სასამართლო მოკლე მიმოხილვას აკეთებს იმ გადაწყვეტილებებისა, სადაც მან მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. ეს განსხვავებული ტიპის საქმეებია, როდესაც სხვადასხვა მიზეზით  ხდებოდა წინასწარი პატიმრობების გამოყენება. რა გვაქვს შემდეგ? სასამართლო ამბობს, რომ მის წინაშე წარდგენილი იყო მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების,  თუ პირების შეფასებები, რომლებიც ამ ადამიანს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ, მაგრამ სასამართლო ამბობს, რომ ის ვერ მიიღებს აღნიშნულ დოკუმენტებს მტკიცებულებად სამართლებრივ დავაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი არის ერთი და სამართლებრივი -მეორე. მან თვითონ უნდა განახორციელოს  შეფასება კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე.

შემდეგ პარაგრაფში სასამართლო ამბობს,  ამ საქმის გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკური კონტექსტის არგუმენტისაგან დამოუკდიებლებად შეუძლია  შეხედოს  და დაადგინოს მე-18 მუხლის დარღვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გამო. ამ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში უკვე საუბრია მერაბიშვილის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ის საკნიდან გაიყვანეს და სხვა საქმეზე უნდოდათ ინფორმაციის მოძიება. ამაზე შეგახსენებთ, რომ საიას ძალიან კრიტიკული განცხადება ჰქონდა და  გამოძიებას ვითხოვდით, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ არათუ არ გამოძიებულა ეს ეპიზოდი ადგილობრივ დონეზე შესაბამისი უწყებების მხრიდან, არამედ სტრასბურგის სასამართლოსაც კი ხელისუფლებამ ვერ წარუდგინა შესაბამისი მასალები, რომ  თუნდაც სასჯელაღრულების სისტემაში წარიმართა მოკვლევა. სწორედ ამიტომ, სასამართლო ამბობს,  ეს ფაქტი ადასტურებს შემდეგსო: მერაბიშვილის პატიმრობა გამოყენებულ იქნა არა მხოლოდ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით (უშუალოდ მისთვის წაყენებულ ბრალდებასთან მიმართებაში წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ჰქონდა მიზეზებიო), არამედ იმისთვისაც, რომ მისგან მოეპოვებინათ ინფორმაცია ჟვანიას საქმესა და პრეზიდენტის მიმართ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებითო.

ბოლოს  სასამართლო  ამბობს, რომ არ შეიძლება წინასწარი პატიმრობის გამოყენება მორალური ზეწოლის განსახორციელებლადო.  ჩვენ გვაქვს შემდეგი ვითარება: სასამართლო თავის მსჯელობას მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მთლიანად [მერაბიშვილის საკნიდან] გაყვანის ეპიზოდზე აფუძნებს და არა იმ სხვადასხვა რეზოლუციებსა და ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა. აქედან გამომდინარეობს ის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი კი არა, ჩვეულებრივი აპოლიტიკური თანამდებობის პირიც რომ გაეყვანთ სასჯელაღსურლების დაწესებულებაში და მასზე მორალური ზეწოლა მოეხდინათ სხვა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, ევროპის სასამართლო მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენდა. ამიტომ მე ამ გადაწყვეტილებაში ვერ ვნახე, სად აკეთებს სასამართლო მითითებას იმაზე, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება. ბუნებრივია, ჩვენ არ უნდა შეგვექმნას იმის ილუზია, რომ სასამართლო პირდაპირ ჩაწერდა და ვინმეზე იტყოდა, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარიო, მაგრამ გადაწყვეტილებაში ნათლად ჩანს, რომ მე-18 მუხლის დარღვევა მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაქტობრივი გარემოების გამო ხდება”, – აცხადებს საიას თავმჯდომარე და ყურადღებას სასამართლოს ერთ ჩანაწერზე ამახვილებს, რომელიც, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია:

“როდესაც სასამართლო მსჯელობს მერაბიშვილის მიერ დაყენებულ საკითხზე, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გახდა დაკავების მსხვერპლი, სასამართლო აღნიშნავს: ასეთი ბრალდება სახელმწიფოს მისამართით ძალიან სერიოზულად უნდა იყოს განხილული იმიტომ, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიას შორისო და თუ ადამიანის უფლებები პოლიტიკური ნიშნით იზღუდება, ამას ძალიან სერიოზულად უნდა მიექცეს ყურადღებაო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაცნხადებაა სასამართლოს მხრიდან და ამ განცხადების ფონზე ვფიქრობ, რომ სასამართლო გაცილებით უფრო ცალსახა მითითებას გააკეთებდა (პირდაპირ არ ჩაწერდა პოლიტიკური პატიმარიაო) პოლიტიკურ მოტივზე. ასეთი რამ ამ გადაწყვეტილებაში არ არის. დაგმობილია [საკნიდან] გაყვანის ფაქტი და ის, რომ ხელისუფლებამ ვერ გააბათილა მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ის გაიყვანეს  ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რაც სრულიად უკანონო იყო და არანაირ სტანდარტში არ ჯდება, მაგრამ სასამართლო ამ ფაქტის გამო ადგენს მე-18 მუხლის დარღვევას და არსადაა მითითება, რომ აქ იყო პოლიტიკური ზეწოლა. სასამართლო ცალსახად საუბრობს მორალურ ზეწოლაზე და კიცხავს ამ საკითხს, მაგრამ აპოლიტიკური სტატუსის მქონე პიროვნებაც რომ გაეყვანათ [საკნიდან]  და სხვა საქმესთან დაკავშირებით მისგან ინფორმაციის მოძიება ეცადათ, ამ მსჯელობიდან ასე იკითხება, რომ ასეთ შემთხვევაშიც დაადგენდა სასამართლო მე-18 მუხლის დადგენას”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია, რომ საქართველოში ისეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომელზეც ადამიანის უფლებათა სასამართლო საუბრობს. “ეს სათანადოდ აქვს შეფასებული სასამართლოს და სწორედ ამიტომ ადგენს ის მე-18 მუხლის დადგენას”.

“ამასთანავე, მე-18 მუხლის დარღვევის დადგენა აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ საქმე არის პოლიტიკური. არსებობს კონვენციის მუხლები, რომელში ჩარევაც ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში გამართლებულია. მე-18 მუხლი ამბობს, რომ თუ ჩარევა უფლებაში მოხდა კონვენციის მიერ დადგენილი ლეგიტიმური მიზნებისგან განსხვავებული სხვა მიზნით, ამ შემთხვევაში დგება მე-18 მუხლის [დარღვევის საკითხი]. რა იყო სხვა მიზნები, [სასამართლოს გადაწყვეტილებაში] მითითებულია, რომ ეს იყო ორ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მცდელობა და მორალური ზეწოლის განხორციელება.”

ნეტგაზეთის კითხვას, “სხვა მიზნებში”, რომელსაც იგი თვითონ ახსენებს, ხომ არ იმალება პოლიტიკური მოტივაციის შემადგენელი, რომელსაც სასამართლო პირდაპირ არ ამბობს ისე როგორც არ საუბრობდა ლუცენკოს და ტიმოშენკოს საქმეებზე უკრაინაში, ნაცვლიშვილი პასუხობს:

“სასამართლო არ გააკეთებდა ჩანაწერს და არ იტყოდა, რომ ესა თუ ის ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ აქ პოლიტიკური ნიშანი არ იკითხება. რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, ვისაც ამ ნიშნის წაკითხვა სურთ, სასამართლო ამას ვერ დაუშლით”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება იმას, ახსოვს თუ არა მას ევროსასამართლოს წინა საქმეებში ისეთი მინიშნებები პოლიტიკურ მოტივაციაზე, რასაც იგი მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს, რომ სასამართლო არ მოერიდებოდა შესაბამის მინიშნებას, ნაცვლიშვილი გვპასუხობს:

“რომ არ მოგატყუოთ ყველა საქმე თავიდან არ წამიკითხავს, რომ მენახა რა სიტყვებია გამოყენებული,. სასამართლო ცხადია ეფუძნება წინა სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მაგრამ თითოეული გადაწყვეტილება თვითმყოფადია და როგორც აქ ვითარდება მსჯელობა, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი ვფიქრობ დაუსაბუთებელია. სხვა ლოგიკა სხვა სიტყვათწყობა იქებოდა გამოყენებული სასამართლოს, რომ პოლიტიკური მოტივი დაენახა. პირდაპირ რომ არ გააკეთებდა ამ ჩანაწერს, ეს იმედია ყველას გვესმის”, – ამბობს იგი.

უფრო ვრცლად ანა ნაცვლიშვილის ინტერვიუს ამ საკითხზე შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში:

14 ივნისს, სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

პრესრელიზში, რომელიც სასამარლომ ამ გადაწყვეტილბასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ “საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ ასევე გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”.

სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას:

  • მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ არსებითი განხილვის დროს არ დააკმაყოფილა ვანო მერაბიშვილის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა სასამართლომ ისე, რომ აუდიოჩანაწერში არ ჩანს, რომ სასამართლომ რაიმე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ ათავისუფლებს მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობიდან. ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლი ეხება თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას, ხოლო მესამე პუქტში წერია:  ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით. პირველი მუხლის (c) ქვეპუნტი გულისხმობს: ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
  • მეხუთე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”.

ამას გარდა:

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ მომჩივან მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს შემდეგი ოდენობის თანხა: მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 4 ათასი ევრო, რასაც ემატება ყველა შესაბამისი გადასახადი; 8 ათასი ევრო ყველა ხარჯის დასაფარად.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა შემდეგი მუხლები:

  • მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი, ამავე მუხლის მესამე პუნქტი სასამართლოს 2013 წლის 22 და 25 მაისის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ხოლო ქუთაისის  სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, კვლავაც წინასწარ პატიმრობაში იქნა დატოვებული ვანო მერაბიშვილი.
  • სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო მეხუთე მუხლის მეოთხე პუნქტის განხილვის აუცილებლობა (მეოთხე პუნქტში წერია: ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი)

“მე მინდა ვანო მერაბიშვილის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ეს გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში სულ არის 6 საქმე, როდესაც დადგინდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. ეს არის მეშვიდე საქმე, ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ამგვარი დარღვევა დგინდება ასი ათასობით საქმიდან. მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ვანო მერაბიშვილი არის მესამე პოლიტიკოსი იულია ტიმოშენკოსა და ბატონი ლუცენკოს შემდეგ, რომელზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ევროპის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა, ვანო მერაბიშვილის აპელაცია პატიმრობის შესახებ ასევე დაუსაბუთებელი განჩინებით გამოვიდა, ასევე, ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა და, რაც ყველაზე მთავარია, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, მისი პატიმრობის გაგრძელება არ ემსახურებოდა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს. სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი და მიუთითა პირდაპირ გადაწყვეტილებაში, გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით არ იქნა გამოძიებული და ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევას თავისუფლების უფლების. პრაქტიკულად, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი,” – ასე აფასებს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე.

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის  თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი  სამი მუხლით წაუყენეს – ამომრჩევლების მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბროროტად გამოყენება. მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2013 წლის 22 მაისს შეუფარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. 25 მაისს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის საჩივარი აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლაზე და ძალაში დატოვა.

ვანო მერაბიშვილის მოგვიანებით კიდევ რამდენიმე  მუხლით წარუდგინეს ბრალი.

2014 წლის თებერვალში  ქუთაისის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებასა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, 2014 წლის თებერვალში თბილისის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს საქმეზე მას პატიმრობა მიუსაჯა  4 წლით და 6 თვის ვადით.

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლებზეც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ წინმსწრებად გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მერაბიშვილი პატიმრობიდან ვადაზე ადრე არ გათავისუფლდება, რადგან ის აღარ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და უკვე თავისუფლების აღკვეთა მისჯილი აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი