ახალი ამბები

მერაბიშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა [Video]

17 თებერვალი, 2014 • • 3521
მერაბიშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა [Video]

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ა’’, ‘’დ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით (მითვისება, გაფლანგვა), 1641 მუხლით  (ამომრჩევლის მოსყიდვა) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. 


ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილს წარდგენილი ბრალდება – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მულის მე-2 ნაწილი) შეეცვალა სხვა ბრალდებით, კერძოდ, სამსახურებრივი გულგრილობით (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი), რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 50 ათასი ლარის ოდენობით.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ ჭიაბერაშვილს უკან დაუბრუნდება გირაოს სახით გადახილი 20 ათასი ლარი.

 

ვანო მერაბიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებები (სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება- ორი ეპიზოდი) ამოერიცხა, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ვანო მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. აღნიშნული ბრალდებისთვის, ამნისტიის გათვალისწინებით, მერაბიშვილს მოსამართლემ მიუსაჯა 1 წლით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლომ მერაბიშვილი, ასევე, დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნტით (მითვისება-გაფლანგვა), რისთვისაც ამნისტიის გათვალისწინებით, მიესაჯა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნტით (მითვისება-გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ამნისტიის გათვალისწინებით, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ვანო მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა) წარდგენილ ბრალდებაში, რისთვისაც მიესაჯა 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საბოლოო ჯამში, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილის სასჯელის ზომად განისაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ.

 

მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარუდგინეს.

 

საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი.

 

მერაბიშვილის საბრალდებო საქმეში ასევე ფიგურირებს მეორე ეპიზოდი, რომელიც ეხება მის მოღვაწეობას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეხება კერძო საკუთრების – კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისებას მაშინდელი შს მინისტრის მიერ.

 

ბრალდების წარდგენის შემდეგ, გასული წლის 22 მაისს, მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ჭიაბერაშვილი 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი