ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტროში მერაბიშვილის ბრალდებებს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ

17 დეკემბერი, 2013 • • 1382
სასჯელაღსრულების სამინისტროში მერაბიშვილის ბრალდებებს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ

ვანო მერაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მისი ციხიდან გაყვანის ფაქტი დაფიქსირებული უნდა იყოს, როგორ ციხის პერიმეტრზე, ისე ქუჩაში არსებულ ვიდეოსათვალთვალო კამერებზე. ვიდეოჩანაწერებს სამინისტროდან უკვე ითხოვს მერაბიშვილის დაცვის მხარე, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თუკი გამოძიება დაიწყება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოძიებას გადაეცემა ეს ფირები. პრესსამსახურში არ უპასუხეს შეკითხვას – გაიყვანეს თუ არა შაბათს გამთენიისას მერაბიშვილი ციხიდან.


“ეს უკავშირდება ფირების თემას და თუკი გამოძიება დაიწყება, გაირკვევა,” – განაცხადა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ.


მისივე თქმით, “უცნაური ჟღერადობის არის” მერაბიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს მას ციხეში პირობების გაუარესებით დაემუქრნენ, თუკი არ ითანამშრომლებდა ჟვანიას გარდაცვალების და მიხეილ სააკშვილის წინააღმდეგ საქმეებზე.

 

“მოგეხსენებათ, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეგულარულად უწევს მონიტორინგს სახალხო დამცველი, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ევროპარლამენტარები, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები და ეს შეუძლებელი იქნება,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ირაკლი კორძაიამ.

 

ვანო მერაბიშვილმა დღეს, ასევე, განაცხადა, რომ კაბინეტში, სადაც ის შეიყვანეს შაბათს გამთენიისას, დახვდა ორი ადამიანი – ერთი იყო მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მეორე – მისი ვარაუდით იყო სად-ის უფროსი დიმიტრი დარბაისელი, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამის გადასამოწმებლად არ დაკავშირებიან და ვერც ამ დროისთვის ახერხებენ დაკავშირებას დარბაისელთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი