ამ დროისთვის ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი დაკავებულია.
ვანო მერაბიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლის [ამომრჩევლის მოსყიდვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით], 182 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტი [მითვისება- გაფლაგვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7- დან 11 წლამდე] და 332 მუხლის მეორე ნაწილი [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5- დან 8 წლამდე] მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საუბარია დასაქმების პროგრამაზე, რომელზეც პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა გამოძიებას.
ამ თემაზე დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართა პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა, რომელმაც განაცხადა:
“ვანო მერაბიშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილთან და სხვა პირებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა თვალთმაქცური მოქმედებები. რომლის მიხედვითაც, საქართველოოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი თანხებიდან 5 მილიონ 200 ათასი ლარი ჩაერიცხა დაახლოებით 22 ათას პირს. მითითებული პირები მოჩვენებით გააფორმეს შტატგარეშედ, სინამდვილეში მათ არავითარი სამუშაო არ შეუსრულებიათ. მათ ფული მიიღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხმის მიცემისა და აგიტაციის სანაცვლოდ.
ივანე მერაბიშვილის ქმედებით სახელმწიფომ იზარალა 5 მილიონ 200 ათასი ლარით.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს დასასვენებლად მოეწონა ხელვაჩაუროს რაიონის სოფელ კვარიათში ზღვის პირას მდებარე შპს საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის კუთვნილი ფეშენებელური აგარაკი. 2009 წლის მაისში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, დაშინებით და მუქარით, მესაკუთრე დააკავა ოჯახთან ერთად და თითქმის 4 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ სარგებლობდა ამ ქონებით.
მანვე ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და სხვისი აგარაკის საკუთარი ოჯახის გემოვნებით მოწყობის მიზნით, გაარემონტა იგი შს სამინისტროს ასიგნებებით. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ივანე მერაბიშვილის მიერ გამოყენებული იქნა საიდუმლო ხარჯები. რომლითაც კანონის თანახმად უნდა დაფინანსებულიყო დანაშაულთან ბრძოლისთვის სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები. მისივე განკარგულებით, იფარებოდა აგარაკზე მომუშავე დამხმარე პერსონალის სახელფასო ანაზღაურება. შედეგად, საქართველოს მიადგა 158 ათასი ლარის ზიანი”.
პროკურორის თქმით, გამოძიებას ასევე დასრულებული აქვს გამოძიება და გახსნილია ორი საქმე, რომელიც ასევე უკავშირდება ვანო მერაბიშვილს. საუბარია სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და 26 მაისის აქციის დაშლის საქმეებზე.
პროკურორის განცახდებით, პირველი ეპიზოდი შეეხება 26 მაისის საქმეს:
“პირველი შეეხება 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს უშუალოდ ივანე მერაბიშვილის დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიერ აშკარა და არათანაზომიერი, არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარიხსის დაზიანება მიიღო მრავალმა ადამიანმა”.
პროკურორის თქმით, “მეორე ეპიზოდი უკავშირდება უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, რომლის დეტალური და ობიექტური გამოძიებით პრაქტიკულად სრული სიზუსტით აღდგენილია შემთხვევის ვითარება, დადგენილია მასში მონაწილე ყველა პირი, გარკვეულია დანაშაულის რეალური მოტივი, მისი ორგანიზატორები და აღმსრულებლები”.
პროკურატურა აცხადებს, რომ “მოპოვებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად საკუთარი მეუღლის თამარ სალაყაიას, აგრეთვე, მასთან დაახლოებული პირების მომხდარი დანაშაულისგან ხელოვნური განრიდების მიზეზით უზრუნველყო უკანონო, ფალსიფიცირებული სამართლაწარმოება და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას”.
უახლოეს პერიოდში ამ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს დამატებით წარდეგინება ბრალი. ამჟამად ვანო მერაბიშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 7- დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.