ახალი ამბებისამართალი

წულუკიანი: არ იგეგმება ვანო მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლება

13 ივნისი, 2016 • 1498
წულუკიანი: არ იგეგმება ვანო მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არ იგეგმება ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლება იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს ხვალ სტრასბურგის სასამართლო:

“ჩვენ არ ჩაგვითვლია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე არის რაიმე არაჩვეულებრივი, ან ისეთი ექსტრაორდინარული, რომელიც მოითხოვდა ზეპირი განხილვის მოთხოვნას სტრასბურგში. ეს არის ერთი რიგითი პატიმრის რიგითი საჩივარი, ამიტომ მე არ მომითხოვია ზეპირი განხილვა. ეს იქნებოდა რესურსის ზედმეტი ხარჯვა.

ხვალ გამოდის გადაწყვეტილება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ბატონი ვანო მერაბიშვილი, როგორც სხვა პატიმრები, ახლა უკვე აღარ არიან წინასწარ პატიმრობაში, ისინი იხდიან სასჯელს და კონკრეტულად ბატონი ივანე მერაბიშვილის შემთხვევაში, არ იგეგმება მისი ვადამდე ადრე გათავისუფლდება. აქედან გამომდინარე, ამაზე ხვალინდელი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, ვერ იმოქმედებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 14 ივნისს გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას საქმეზე “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ”. საქმე ეხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საჩივარს მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის  თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი  სამი მუხლით წაუყენეს -ამომრჩევლების მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბროროტად გამოყენება. მერაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 22 მაისს შეუფარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. 25 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის საჩივარი აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლაზე და ძალაში დატოვა.

ვანო მერაბიშვილის მოგვიანებით კიდევ რამდენიმე  მუხლით წარუდგინეს ბრალი.

2014 წლის თებერვალში  ქუთაისის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებასა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, 2014 წლის თებერვალში თბილისის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს საქმეზე მას პატიმრობა მიუსაჯა  4 წლით და 6 თვის ვადით.

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლებზეც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია.

მერაბიშვილი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 თავის რამდენიმე პუნქტის და მე-18 მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 2013 წლის 22 მაისს მიღებული გადაწყვეტილება აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე ეფუძნება გაუგებარ სამართლებრივ წესს. ვანო მერაბიშვილი მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ გზით ის, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ჩამოაშორა პოლიტიკურ პროცესებს და შესაძლებლობა არ მისცა  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი