სამართალი

26 მაისის საქმეზე მერაბიშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

27 თებერვალი, 2014 • • 6069
26 მაისის საქმეზე მერაბიშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე ბრალი 2013 წლის 28 მაისს წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

 

“გ” ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) განსაზღვრული ბრალდების ნაწილში მოსამართლემ ვანო მერაბიშვილი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა „ბ” ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით) იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ.

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.

 

აღნიშნულ საქმეზე  სასამართლოში დაიკითხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები- ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი, შსს–ს ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი შოთა ხიზანიშვილი, მინისტრის იმდროინდელი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, ასევე, თბილისის მერიის პრესსპიკერი, რომელმაც აქციის მონაწილეებს სხვა ადგილზე გადანაცვლებისკენ მოუწოდა.  დაიკითხა ნინო ბუჯანაძეც, რომელიც 26 მაისს მიმდინარე აქციის ორგანიზატორი იყო, აქციის მონაწილეები და დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები – ზაზა პაპუაშვილი და სოსო ჯაჭვლიანი, პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე, “სახალხო კრების” ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი, ასევე, აქციის დამკვირვებლები, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან და სხვა პირები.

 

დღევანდელი პროცესის დაწყებამდე სასამართლოს შენობასთან მობილიზებული იყო პოლიცია, რადგან ადგილზე მერაბიშვილის წინააღმდეგ აქციას მართავდნენ “ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენლები. სასამართლოში იმოფებოდნენ ყოფილი შს მინისტრის მხარდამჭერებიც.


ვანო მერაბიშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა, კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხებოდა დასაქმების პროგრამას და აგარაკის მითვისებას.


მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი