ახალი ამბები

მგონია, რომ ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია – ლაზარე გრიგორიადისი

8 აპრილი, 2024 • 683
მგონია, რომ ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია – ლაზარე გრიგორიადისი

დღეს, 8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გაიმართა,  სადაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, მათ შორის, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმაც.

ლაზარე გრიგორიადისმა გასული წლის მარტის აქციები გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავდაპირველად საზოგადოება არ გადასულა აგრესიულ მდგომარეობაში. მისი თქმით, ვინც დარბევა დაიწყო და “გამოხატვის თავისუფლება დაარღვია” თავად პოლიციელები იყვნენ.

აგრესიული ქმედებები წარმოიშვა იმის შემდეგ, რაც პოლიციამ დაიწყო გამოხატვის თავისუფლების დარღვევა წიწაკის სპრეით. ამის შემდეგ მოხდა, რაც მოხდა ყველაფერი, ქვის სროლა და ა.შ. იტყუებიან ის პოლიციელები, რომლებიც ამბობენ, რომ საზოგადოების მხრიდან დაიწყო აგრესია”, – ამბობს ლაზარე გრიგორიადისი. 

ლაზარე გრიგორიადისმა აღნიშნა, რომ ნავთობრპოდუქტები, რომლებიც მის ქურთუკზე აღმოჩნდა, შედის ისეთ პროდუქტებშიც, როგორიცაა ზეთი და წვერის საპარსი.

ეს ნავთობროდუქტი შედის ბევრ რამეში და ასე კონკრეტულად რომ მაინცდამაინც მოლოტოვის კოქტეილისგან შესაძლოა აღმოჩენილიყო ჩემს ქურთუკზე ან რაიმე მაგდაგვარი ნავთობპროდუქტი, ეგ გამორიცხულია, ჩემი აზრით”, – ამბობს ის. 

მისი თქმით, აქციაზე დაბინძურებული გარემო იყო და ნავთობპროდუქტი ნებისმიერს შესაძლოა ჰქონოდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისმა მისი დაკავების ეპიზოდზეც ისაუბრა.

ტელეფონის ამოღებასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ტელეფონი წამართვეს ხელიდან და დააზიანეს. ასეთი რაღაც თქვა პროკურორმა, რომ ხელი მოწერილი გქონდა ოქმზეო. ოქმზე ხელის მოწერაზე არავის განუმარტავს, რომ მე იმას ვეთანხმებოდი, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ეს არ ყოფილა მშვიდობიანი დაკავება. სრულიად მოულოდნელად დამეცნენ თავზე და ვერ მივხვდი, საერთოდ რა ხდებოდა, სანამ შეკითხვების დასმა დავიწე და ამიხსნეს, რომ რაღაც მოლოტოვებით  დაბომბეო” ,- აღნიშნავს გრიგორიადისი. 

ლაზარე გრიგორიადისის თქმით, პოლიციელები, რომლებიც მას ხელს ადებენ, პოლიტიზებული არიან.

ამოცნობაზე, ჩემი აზრით, იმხელა დისტანცია იყო, შეუძლებელია ადამიანის ამოცნობა ასე კონკრეტულად. მე მგონია, რომ ოთხივე პოლიციელი არის პოლიტიზებული. ისეთ რაღაცებს ყვებიან, რაც შეუძლებელია”, – ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა და განაცხადა, რომ განაჩენს “გონივრულ ვადაში” გამოაცხადებს.


ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი