საზოგადოება

მოსამართლეთა კონფერენციამ კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარი არ დაუჭირა

24 მარტი, 2024 • 887
მოსამართლეთა კონფერენციამ კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს მოსამართლეთა 32-ე კონფერენცია გაიმართა დღეს, 24 მარტს, თბილისში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, მოსამართლეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივას.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს, მოსამართლეთა კონფერენციაზე, რომელსაც 295 მოსამართლე ესწრებოდა, განიხილეს უზენაესი სასამართლოს მიერ 11 მარტს გავრცელებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. ვეტინგი ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. აღნიშნულ განცხადებას მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

უზენაესი სასამართლოს ამავე განცხადების მიხედვით, „ვეტინგი“ სასამართლო სისტემისთვის დამაზიანებელი იქნება, რადგან:

„ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს „კეთილსინდისიერების“ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე.

უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა მიმართ გარეგანი ზეწოლის როგორც მითითებული შინაარსი, ისე ამ მასშტაბით განხორციელება, საამისოდ გათვალისწინებული ფაქტობრივი მოცემულობის არარსებობის პირობებში, ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნული წარმოადგენს თითოეული მოსამართლისადმი ინდივიდუალურად მიმართულ გზავნილს – შესაბამისი დღის წესრიგით გაცხადებული პოლიტიკური კონტროლისათვის დაქვემდებარებაზე უარის გაცხადების პირობებში-მათ მიმართ შემოწმების საგანგებო მექანიზმების გავრცელება/გამოყენების დაშვების თაობაზე“, — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 11 მარტს გაავრცელა.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე — ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი.


ვინ და რატომ ითხოვს თანამდებობაზე მყოფ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას?

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

მმართველ პარტიაში ცდილობენ ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს. “ოცნების” კიდევ ერთი არგუმენტი სუვერენიტეტს ეხება, რასაც მისი ოპონენტები არ იზიარებენ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი