ახალი ამბებისაზოგადოება

სტუდენტები თსუ-ის კანცელარიაში რჩებიან – დღე მე-4

29 იანვარი, 2024 • 1028
სტუდენტები თსუ-ის კანცელარიაში რჩებიან – დღე მე-4

მეოთხე დღეა, სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული და არც ღამით, არც დასვენების დღეებში ტოვებენ.

მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება – გათავისუფლდნენ 23 იანვარს კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლების წინააღმდეგ აქციისას დაკავებული აქტივისტები, თსუ-ის ისტორიის ლექტორი კაკო ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია. ამისთვის კი უნივერსიტეტებმა ქმედითი ზომები მიიღონ, გაიფიცონ და შეწყვიტონ მუშაობა, სანამ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან.

ნეტგაზეთს “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრი საბა ბულესკირია ესაუბრა. მისი თქმით, სტუდენტები უკან დახევას არ აპირებენ. თუმცა მზად არიან ყველა იმ ზომისთვის, რასაც შესაძლოა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიმართოს, რომ სტუდენტები აიძულოს, კანცელარია დატოვონ, მათ შორის- პოლიციური ძალის გამოყენებითაც.

“უნივერსიტეტი ჩვენ არ გვთანხმდება იმას, რომ გაიფიცონ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ხელი შევუშალოთ უნივერსიტეტის საქმიანობას”, – ამბობენ სტუდენტები კანცელარიის ოთახში.

სტუდენტები ჰყვებიან ასევე იმას, რომ თავად მოითხოვეს დაცვის თანამშრომლების ყოფნა კანცელარიაში, უნივერსიტეტმა რომ აიღოს პასუხისმგებლობა იქ შენახული დოკუმენტაციის დაცულობაზე. თუმცა ორშაბათს დაცვის თანამშრომლებმა დატოვეს კანცელარია და სტუდენტების შეფასებით, დოკუმენტებზე პასუხისმგებლობას უნივერსიტეტი უკვე მათ აკისრებს, რაც შესაძლოა, პოლიციის ძალით მათი გაყვანის საფუძველიც გახდეს.

“არცერთი ისეთი ტიპის ნაბიჯი არ გადადგან, რაც სტუდენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული. თუ რამე მოხდება კანცელარიაში, ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ ეს იქნება დაგეგმილი პროვოკაცია”, – ამბობს “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრი საბა ქერქაძე.

სტუდენტების პროტესტისა და მოწოდებების საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თქვა, რომ აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. კომენტარი გააკეთა რექტორმა ჯაბა სამუშიამაც. მან გააკრიტიკა სტუდენტები, რომლებმაც კანცელარიის ოთახი დაიკავეს და თქვა, რომ უნივერსიტეტში ასე არ უნდა იქცეოდნენ.

სტუდენტების შეფასებით, უნივერსიტეტის განცხადებაც რექტორის პირადი პოზიციაა.

სტუდენტები კანცელარიაში 26 იანვარს შევიდნენ. სწორედ იმ დღეს, როდესაც თბილისში, ზანდუკელის N2-ში გუჯა ბალახაძის ოჯახი გამოსასახლებლად აღსრულების პოლიციას ელოდა და გამოსახლების გადადების შემდეგ, ზანდუკელის ქუჩიდან თსუ-ის პირველ კორპუსამდე მსვლელობით წამოვიდნენ გამოსახლების რისკის ქვეშ მყოფი და გამოსახლებული ოჯახების მხარდამჭერები. „გაიფიცოს უნივერსიტეტი! გათავისუფლდნენ დაკავებულები! შეწყდეს გამოსახლება! საცხოვრებელი ყველას“, — სკანდირებდენ სტუდენტები და აქციის სხვა მონაწილეები მსვლელობისას და უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში.

სტუდენტების შესვლის შემდეგ, პირველ დღეს, კანცელარიას მუშაობა არ შეუწყვეტია. კანცელარიის თანამშრომლები და სტუდენტები ერთ სივრცეში მშვიდად იმყოფებოდნენ. თუმცა სტუდენტები კანცელარიას არც ღამით და არც დასვენების დღეებში არ ტოვებენ და დღეს, 29 იანვარს, კანცელარია უკვე აღარ მუშაობს.

მოძრაობა „ხმის“ წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ლექტორი კაკო ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თსუ-ის სტუდენტები დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. დაკავებულთა მხარდასაჭერად მიმართვა გაავრცელეს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა, ილიაუნის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის წარმომადგენლებმა.

28 იანვარს, კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გაიმართა ქუთაისსა და ზუგდიდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი