საზოგადოება

თბილისში, ზანდუკელის ქუჩიდან, ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო

26 იანვარი, 2024 • 1168
თბილისში, ზანდუკელის ქუჩიდან, ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო

თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაუდასტურეს.

აღსრულების ბიუროს ცნობით, მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო, რათა რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ. შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესი რამდენიმე თვით გადაიდო, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, გადადება ხდება არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა.

ადგილზე აქტივისტები და ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილი, რომლებიც გამოსახლებას ეწინააღმდეგებიან. ისინი ასევე აპროტესტებენ რამდენიმე დღის წინ კეკელიძის N1-დან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულებისთვის — გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის — წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილი არიან მოძრაობა “ხმის”, “რიონის ხეობის გადასარჩენად” მოძრაობის წარმომადგენლები, ჭიათურელი მაღაროელები, კურიერები, უკვე გამოსახლებული და გამოსახლების მომლოდინე ოჯახები.

ოჯახში ცხოვრობენ  გუჯა ბალახაძე, რომელიც კურიერად მუშაობს, მისი 83 წლის დედა, 55 წლის ძმა, რომელსაც შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს 30 წელია, ფეხმძიმე ქალიშვილი მეუღლითა და 5 წლის შვილით, გუჯას ვაჟიშვილი.

ბალახაძეების ოჯახს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესისგან”  20 000 დოლარი აქვს აღებული სესხად. გუჯა ბალახაძე ნეტგაზეთს უყვება, რომ ეს თანხა ერთბაშად არ აუღიათ. მიზეზი იყო სხვადასხვა დროს, 2015-2016 წლებში, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა გარდაუვალი საჭიროებები.

ოჯახისთვის სახლი, სადაც გუჯა ბალახაძე გაიზარდა, ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია და, როგორც ამბობენ, წასასვლელი არსად აქვთ. მისი თქმით, ოჯახის საცხოვრებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ აუქციონზე გაიტანა და თავად ორგანიზაციამ შეისყიდა 17 000 ლარად მაშინ, როცა სახლის რეალური ღირებულება დაახლოებით 100 000-ს აშშ დოლარს აღწევს. გუჯა ბალახაძე ჰყვება, რომ ამის უფლება ორგანიზაციას სასამართლომ მიანიჭა, რომელმაც დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება ორგანიზაციის სასარგებლოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი