ახალი ამბები

თსუ: ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში ჩიქობავას თავდებში დავუდგებით

27 იანვარი, 2024 • 1160
თსუ: ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში ჩიქობავას თავდებში დავუდგებით

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე თსუ-ის მოწვეული ლექტორის აკაკი ჩიქობავას საკითხზე და სტუდენტების მიერ კანცელარიის ოთახის დაკავებაზე იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. იგივე კომენტარი გააკეთა რექტორმა ჯაბა სამუშიამაც. აკადემიური საბჭოსა და სენატის სხდომაზე მან გააკრიტიკა სტუდენტები, რომელმაც კანცელარიის ოთახი დაიკავეს და თქვა, რომ უნივერსიტეტში ასე არ უნდა იქცეოდნენ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს, პატივს სცემს მათ უფლებებსა და თავისუფლებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას“, — ნათქვამია თსუ-ის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ უნივერსიტეტისთვის „მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და, ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას“.

„მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება“, — აცხადებს თსუ.

მოძრაობა „ხმის“ წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ლექტორი კაკო ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია, 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სტუდენტებმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი 26 იანვარს დაიკავეს და უნივერსიტეტისგან გიორგი ჩიქობავას მხარდამჭერ განცხადების გაკეთება მოითხოვეს. აქციის მონაწილე სტუდენტებს დღეს რამდენიმე ლექტორი შეხვდა. „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ განცხადებით, თსუ-ს არ აქვს სტრატეგია გიორგი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გასათავისუფლებლად და ის უნდა გაიფიცოს. სტუდენტებმა კანცელარიის დატოვებაზე უარი განაცხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი